„ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმაზე შეზღუდვა მოხსნილია. მორჩა, დავასრულეთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი - კვირის პალიტრა

„ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმაზე შეზღუდვა მოხსნილია. მორჩა, დავასრულეთ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა განაახლებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს.

„ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმაზე შეზღუდვა მოხსნილია. მორჩა, დავასრულეთ“, - განაცხადა ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში.

მან უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის მხრიდან სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების „სახიფათო“ შეწყვეტისა და, ამავდროულად, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტსერვისის მუშაობის შესუსტების გამო.

ზელენსკიმ ასევე გააკრიტიკა ვაშინგტონის სურვილი, მოსკოვთან ბიზნესგარიგებები დადოს, და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აშკარა სიმპათია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართ. კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება აიხსნას ამ ორ ლიდერს შორის ურთიერთობა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ტრამპს ინსტინქტური მიზიდულობა აქვს ავტოკრატებისა და ზემდიდარი ადამიანების მიმართ.

„ის [ტრამპი] ღიად და ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ ასეთი ადამიანები მოსწონს და პატივს სცემს. რადგან, მისი აზრით, ადამიანები, რომლებსაც 20, 30 ან 40 წლის განმავლობაში შეუძლიათ ლიდერობა, ესე იგი, ძალიან ძლიერები არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან აშშ-ის სურვილის გათვალისწინებით, ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმები სამი დღით შეაჩერა, მაშინ როცა მოსკოვი კვლავ განაგრძობდა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასირებულ იერიშებსა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას - მხოლოდ ბოლო კვირაში 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

განაგრძეთ კითხვა