“მერე კი ომიც დაიწყო...“ - ორად გაყოფილი სოხუმის თეატრი და დაკარგული მშობლიური სცენა ლიანა მიქაშავიძის მოგონებებში - კვირის პალიტრა

“მერე კი ომიც დაიწყო...“ - ორად გაყოფილი სოხუმის თეატრი და დაკარგული მშობლიური სცენა ლიანა მიქაშავიძის მოგონებებში

მოზარდმაყურებელთა თეატრის პირველი თაობის მსახიობების - ნიკოლოზ მიქაშავიძისა და ლიდა ბაჩილავას ოჯახში გოგონა დაიბადა. მერე ნიკოლოზი მიიწვიეს სოხუმის თეატრში და ასე აღმოჩნდა ოჯახი ამ ულამაზეს ქალაქში, სადაც პატარა ლიანა კულისებში იზრდებოდა. შემდეგ თავად გახდა მსახიობი... ლიანა მიქაშავიძეს წლების მანძილზე შესრულებული წარმატებული როლებისთვის, საქართველოსა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. ის ბოლომდე ემსახურა კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს. მისთვის აფხაზეთი უდიდესი ტკივილია. ქალბატონმა ლიანამ სოხუმი თავისი დაბადების დღეს, 28 სექტემბერს დატოვა...

teatris-shesasvleli-1792059045.png

ფოტო: სოხუმის თეატრის შესავლელი

ლიანა მიქაშავიძე:

- ქართული და აფხაზური დასები ერთ თეატრში ვმუშაობდით. ბინაც ერთად აგვიშენეს ბარათაშვილის ქუჩაზე. ერთ სადარბაზოში - აფხაზები, მეორეში კი ქართველები ვცხოვრობდით. ვმეზობლობდით, ჭირი და ლხინი საერთო გვქონდა. ორივე დასს ერთი დირექტორი გვყავდა, ერთად გვიტარდებოდა თათბირები.

1970-იანი წლებიდან საბჭოთა კავშირში იმძლავრა დისიდენტურმა მოძრაობამ. განსაკუთრებით საქართველოში გააქტიურდა ეროვნული პროცესები, რომლის ლიდერები იყვნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ამის ფონზე კრემლმა ყველა პირობა შექმნა აფხაზეთში სეპარატიზმის გასაღვივებლად. დაძაბულობა შეიმჩნეოდა არაერთ სტრუქტურასა თუ დაწესებულებაში, მათ შორის, ჩვენს თეატრშიც.

დასის ერთ-ერთ შეკრებაზე ქართველებმა გამოვთქვით სურვილი, რომ თეატრს დარქმეოდა „აფხაზეთის თეატრი“ და არა „აფხაზური თეატრი“, როგორც ჩვენს აფხაზ კოლეგებს სურდათ. ამ წინადადებამ აფხაზებში უკმაყოფილება გამოიწვია. ჩვენდა მოულოდნელად, კრების თავმჯდომარემ როზინბეი აგრბამ (1931 წლიდან სოხუმის თეატრის აფხაზმა მსახიობმა) განაცხადა - უკმაყოფილო იყო და უბედურიც, აფხაზებმა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი რომ დაამთავრეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სასწავლებლად მოსკოვში წასულიყვნენ. ამ გამოსვლას აჰყვა მთელი აფხაზური დასი. გულსაკლავი იყო ამ ყველაფრის მოსმენაც და ხილვაც. ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, აფხაზი კოლეგების პირველი თაობა ხომ აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის ჯგუფში სწავლობდა.

liana-mikashavize-1792059084.png

ფოტო: ლიანა მიქაშავიძე

ჩემს თავსაც უიღბლოდ მივიჩნევ - ყველას გასაგონად განაცხადა მსახიობმა ვიკა მარღანიამ, რომელსაც გვარი უკვე გადაკეთებული ჰქონდა, ვიკა მაანი გახდა. როგორ არ მოაგონდა ვიკა მარღანიას 1957 წელს თბილისში გამართული „აფხაზური კულტურის დღეები“, როცა მას, 16 წლის გოგონას, აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს მხოლოდ ერთი სიმღერის გამო. ეს იყო ბაგრატ შინკუბას ლექსზე შექმნილი აფხაზური „იავნანა“, ავტორი - ივანე ლაკერბაია. კოლეგებს მხარი აუბა „აკურტაად“ გვარგადაკეთებულმა რეჟისორმა დიმიტრი კორტავამაც. არადა, რამდენიმე წლის წინ აფხაზური დასიდან დათხოვილი, ზუგდიდის თეატრმა შეიკედლა და რეჟისორად მიიღო. ისიც შესანიშნავად ფლობდა ქართულს. იმ დღეს მთელმა აფხაზურმა დასმა პრინციპულად მოითხოვა, რომ თეატრს „აფხაზური თეატრი“ დარქმეოდა.

საქართველოს სახალხო არტისტი თინა ბაბლიძე და მე ხშირად ვიგონებდით ამ კრების მსვლელობას. ჩვენ მათ არ გამოვუყრივართ, უბრალოდ, ყველა პირობა შეგვიქმნეს, რომ დაგვეტოვებინა თეატრი. ისინი თანახმა იყვნენ ერთად გვემუშავა, იგივე დატვირთვით, როგორც ადრე, მაგრამ ვიმუშავებდით „აფხაზური თეატრის“ სახელით. დირექტორი აფხაზი გვეყოლებოდა და ჩვენი გამომუშავებული თანხა ჩაირიცხებოდა „აფხაზური თეატრის“ ბიუჯეტში. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ უბიუჯეტო ქართული თეატრი მცირე უფლებებით, მთლიანად დამოკიდებული იქნებოდა „აფხაზური თეატრის“ ფინანსებზე. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. მივმართეთ ადგილობრივ და ცენტრალურ მთავრობას, თუმცა ჩვენი მცდელობა თუ გაბრძოლება უშედეგო აღმოჩნდა.

თბილისმა გამოგვისტუმრა ზოგადი ფრაზით - აფხაზები მცირერიცხოვანი ერია და უნდა დავუთმოთო. მალე სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის დრამატულ თეატრს „აფხაზური თეატრი“ დაერქვა. მერე მოხდა ერთი ძალზე უსიამოვნო ინციდენტი: ქართული თეატრის მთავარი რეჟისორი დავით ცისკარიშვილი დარაჯმა თეატრში არ შეუშვა, ეს აფხაზური თეატრიაო. ამის გამო ბატონმა დავითმა იკამათა დირექტორთანაც...

liana-1792059123.png

აფხაზეთში იმ დროს შექმნილი ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ქართველი მსახიობები შევიკრიბეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება თეატრის დატოვების თაობაზე.

რასაკვირველია, მეც დავტოვე თეატრი, სადაც სამი წლიდან ვცხოვრობდი, სადაც ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები გავატარე, სადაც სცენური ნათლობა მივიღე და წლების განმავლობაში ცნობილ მსახიობებთან ერთად ვმუშაობდი.

არავისთვის და არც ჩემთვის იყო ადვილი თეატრის დატოვება. შენობიდან ყველაზე ბოლოს გამოვედით ბატონი აკაკი ბოკუჩავა და მე. დავტოვე მშობლიური თეატრი, დავშორდი აფხაზ მსახიობებს, რომელთა თვალწინაც გავიზარდე. სოხუმის დრამატული თეატრი ქართულ და აფხაზურ დასებად 1979 წელს დაიყო.

მალე ქართული თეატრი გადავიდა იქვე ახლოს, ჩემს ბავშვობისდროინდელ შენობაში - პიონერთა სასახლეში. ნაგებობა ავარიულ მდგომარებაში იყო და არ ფუნქციონირებდა. თეატრის დირექციამ სამუზეუმო მასალები არ გამოგვატანა, რაც ძალიან მაწუხებდა. რამდენჯერმე მივმართე აფხაზეთის კულტურის მაშინდელ მინისტრს, ბატონ ალექსი არღუნს, თუმცა მან ყოველ ჯერზე შეხვედრა გადადო. როდესაც აფხაზეთში მდგომარეობა დაიძაბა, ოფიციალურად მივმართე აფხაზეთის კულტურის მინისტრის მოადგილესაც, ბატონ შოთა აბუთიძეს. დავითანხმე, რომ აფხაზური თეატრის დირექციას ჩვენთვის გადმოეცა სამუზეუმო ნივთები, ფოტო-მასალა.

სოხუმელმა მაყურებლებმა ჩვენი ამბავი რომ შეიტყვეს, ყუთებით მოგვიტანეს შამპანურები, გაგვამხნევეს და დალოცეს მომავალი თეატრის დაბადება. მართლაც დასანანი იყო, რომ გაყოფის შემდეგ ჩვენი თეატრიდან არაფერი გვერგო, აფხაზმა კოლეგებმა ჩვენთვის ვერაფერი გამოიმეტეს.

საქართველოს მთავრობამ სამ თვეში ჩამოგვიტანა ქართული თეატრის ახალი შენობის პროექტი, რომელიც გამოფენილი იყო პიონერთა სასახლის დარბაზში და მისი ნახვა ყველას შეეძლო. თეატრი უნდა აშენებულიყო რუსთაველის პარკში. აფხაზურ და ქართულ თეატრებს შორის მდებარე მოედანს უნდა დარქმეოდა „თეატრალური მოედანი“. პროექტი მართლაც, შთამბეჭდავად გამოიყურებოდა, იმდენად, რომ აფხაზი მსახიობები „ხუმრობით“ გადაგვიკრავდნენ ხოლმე - რომელი შენობაც მოგვეწონება, იმაში გადავალთო.

სამწუხაროდ, პროექტი არ შედგა, მშენებლობა არც დაწყებულა, რატომღაც სწორედ იმ ადგილას დაიწყეს არქეოლოგიური გათხრები... იმდროინდელი მთავრობის უნიათობით (თუ შეგნებულად) ეს შანსი დაიკარგა და არც გათხრებს გამოუღია რაიმე სასიკეთო შედეგი. ჩვენ გადავედით შენობაში, რომელიც სოხუმელებს კარგად ახსოვთ. ამ შენობაში ვიყავით 1943 წელსაც, როდესაც თეატრი დაიწვა. სწორედ აქ დაიბადა სოხუმის ქართული დრამატული თეატრი და აქ დაიწყო გოგი ქავთარაძის „ოქროს ხანა“, საოცარი დასი შეიკრა. იწვევდნენ საუკეთესო რეჟისორებს, გვქონდა საინტერესო რეპერტუარი და განებივრებული ვიყავით ერთგული მაყურებლებით. ... მერე კი, ომიც დაიწყო...

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)