ალერგია გაქვთ, მაგრამ შინაურ ცხოველს ვერ ელევით? - როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება
„ალერგია ქრონიკული დაავადებაა, მაგრამ მისი პრევენცია შესაძლებელია“
ალერგიას ადამიანისთვის ბევრი უსიამოვნება მოაქვს: ფსიქოლოგიური სტრესი, მუდმივი დაძაბულობა და ფინანსური ხარჯები, რომელსაც მკურნალობა მოითხოვს... როგორ დავიცვათ თავი ამ უსიამოვნო მოვლენისგან? - ამ შეკითხვით, ალერგოლოგ ნათია ჭანტურიძეს მივმართეთ:
- სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ალერგიის შემთხვევები ყველგან მომრავლდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ალერგიული დაავადებების გავრცელება მნიშვნელოვან პრობლემად იქცა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რა იწვევს ამ დაავადების პროვოცირებას?! - კვლევები მიუთითებს, რომ ალერგიული დაავადებების განვითარებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური წინასწარგანწყობა და გარემო ფაქტორები, რომელთა შორის უნდა დავასახელოთ: ურბანიზაცია, ჰაერის დაბინძურება, კვების თავისებურება, ცხოვრების წესი და მიკრობული გარემო.
- ქალბატონო ნათია, როგორ დავიცვათ თავი ამ დაავადებისგან?
- ამ შეკითხვის საპასუხოდ, უნდა გავიხსენოთ ერთ-ერთი ცნობილი კონცეფცია, რომელსაც „ჰიგიენის ჰიპოთეზა“ უწოდეს: ამ მიდგომის თანახმად, მიკროორგანიზმებთან ხშირი შეხება შესაძლოა, ხელს უწყობდეს იმუნური სისტემის ნორმალურ განვითარებას და იმუნური ტოლერანტობის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში. ამ კონცეფციის მიხედვით, მნიშვნელოვანია არა ჰიგიენის უგულებელყოფა, არამედ გარემოსა და მიკრობული მრავალფეროვნების, დაბინძურებისა და სხვა ფაქტორების კომპლექსური გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.
- ნიშნავს თუ არა ალერგოლოგიური ტესტის მაღალი მაჩვენებელი, რომ პაციენტს მძიმე ალერგიული რეაქცია ექნება და თუ შეიძლება ალერგენთან ხშირი კონტაქტის შედეგად, ალერგიის სიმპტომები გართულდეს?
- მედიცინაში ალერგენის მიმართ მომატებულ მგრძნობელობას სენსიბილიზაციას უწოდებენ. სენსიბილიზაციის უნივერსალური, მაქსიმალური დონე არ არსებობს, თანაც, ტესტის მაჩვენებელი ყოველთვის არ ასახავს კლინიკური რეაქციის სიმძიმეს. ალერგენთან ხშირი კონტაქტი შეიძლება აძლიერებდეს სიმპტომებს, თუმცა, ეს არ ნიშნავს მგრძნობელობის, ან ალერგიის სიმძიმის ზრდას. ალერგოლოგიური ტესტის შედეგები უნდა შეფასდეს პაციენტის კლინიკურ სიმპტომებთან და ანამნეზთან ერთობლიობაში, რადგან დადებითი ტესტი ყოველთვის არ ნიშნავს კლინიკურად გამოვლენილ ალერგიას.
- არაერთ ადამიანს აქვს ალერგია ცხოველის ბეწვის მიმართ, ყველაზე ხშირი მაინც ძაღლის და კატის ბეწვით გამოწვეული შემთხვევებია. რა განაპირობებს ამ ტიპის ალერგიულ რეაქციას და როგორია მისი ძირითადი სიმპტომები?
- ცხოველებზე ალერგიას იწვევს არა უშუალოდ ბეწვი, არამედ ცხოველის კანის აქერცლილ ნაწილაკებში, ნერწყვსა და შარდში არსებული ცილები, რომლებიც ალერგიულ რეაქციას განაპირობებს. ალერგენული ცილები გვხვდება კანის ქერცლში, ნერწყვსა და სხვა გამონაყოფებში. ისინი ბეწვზეც ხვდება. ყველაზე ხშირია ალერგია კატისა და ძაღლის ალერგენებზე. ძირითადი სიმპტომებია: ცემინება, ცხვირიდან გამჭვირვალე გამონადენი, ცხვირის გაჭედვა, ცხვირის, ყელისა და თვალების ქავილი, ცრემლდენა, ზოგიერთ შემთხვევაში - ხველა და სუნთქვის გაძნელება, არის შემთხვევები, როცა ალერგია გამონაყარით და ქავილით ვლინდება. ცხადია, ეს სიმპტომები ალერგენებთან კონტაქტით არის გამოწვეული. ზოგჯერ, ალერგიის სიმპტომებს თან ერთვის გულ-მკერდში შებოჭილობის შეგრძნება და მსტვინავი ხიხინიც.
- თუ ადამიანს კატაზე აქვს ალერგია, ძაღლზეც ექნება თუ ეს ორი სხვადასხვა მოვლენაა?
- კატის და ძაღლის ალერგია ორი განსხვავებული, თუმცა ზოგჯერ თანაარსებული მოვლენაა. კატის ალერგია ავტომატურად არ ნიშნავს ძაღლის ალერგიას, რადგან მათი ალერგენული ცილები განსხვავდება, თუმცა, შესაძლებელია, ადამიანს ორივე ცხოველზე ერთდროულად ჰქონდეს ალერგიული სენსიბილიზაცია.
- დღეს, ძალიან ბევრ ადამიანს ჰყავს ძაღლი, ან კატა. რა ევალებათ მათ, როცა მათი მეზობელი ალერგიულია? როგორ უნდა მოუარონ ცხოველს ისე, რომ სხვის ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს?
- შინაური ცხოველის ყოლა და მასზე ზრუნვა დიდი სიხარულია, თუმცა მნიშვნელოვანია, გარშემომყოფთა საჭიროებებიც გავითვალისწინოთ. თუ მეზობელს ცხოველებზე ალერგია აქვს, სისუფთავის დაცვა, საცხოვრებელი სივრცის რეგულარული დასუფთავება და საერთო სივრცეებში ალერგენების გავრცელების შეძლებისდაგვარად შემცირება პრევენციული ზომებია. ურთიერთგაგება, ყურადღება და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველასათვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას უწყობს ხელს.
- შეიძლება თუ არა ალერგიისგან განკურნება და რას ურჩევდით მათ, ვისაც ცხოველის ბეწვის, ნერწყვის, ან ქერტლის მიმართ მწვავე ალერგიული რეაქცია აქვს?
- თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს, შევეგუოთ ალერგენს, სიმპტომები ვაკონტროლოთ და პაციენტის ცხოვრების ხარისხიც გავაუმჯობესოთ. როგორც ავღნიშნეთ, ცხოველებთან დაკავშირებული ალერგია შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ბეწვით, არამედ ცხოველის კანის ქერტლით, ნერწყვით და სხვა ბიოლოგიური სეკრეციებით, რომლებიც ალერგენებს შეიცავს. ამიტომ, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია გამომწვევ ალერგენთან კონტაქტის მაქსიმალურად შემცირება, გარემოს რეგულარული დასუფთავება და, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტური მკურნალობა. თუმცა, ალერგენის თავიდან აცილება და სიმპტომური მკურნალობა ყოველთვის არ არის საკმარისი. ისიც აღსანიშნავია, რომ ბევრი ვერ ელევა თავის ოთხფეხა მეგობარს, მიუხედავად იმისა, რომ ალერგია აქვს. ასეთი პაციენტებისთვის, შესაბამისი კლინიკური ჩვენებებისა და ალერგოლოგიური შეფასების საფუძველზე, განიხილება ალერგენ-სპეციფიკური იმუნოთერაპია, რომლის მიზანია იმუნური სისტემის შეგუება და ტოლერანტობის განვითარება ალერგენის მიმართ. ამ მეთოდის გამოყენებით, შესაძლებელია ალერგიის სიმპტომების და მედიკამენტების საჭიროების შემცირება, რაც თავისთავად იწვევს პაციენტის ცხოვრების ხარისხის ამაღლებას და შინაურ ცხოველებთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას.
- გარდა იმუნოთერაპიისა, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ ალერგიამ არ შეგვაწუხოს?
- აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ალერგია ქრონიკული დაავადებაა. დროული დიაგნოსტიკა, ინდივიდუალური მართვის გეგმა და სწორად შერჩეული მკურნალობა, პაციენტს ალერგიის სიმპტომების კონტროლში ეხმარება და დაავადების გამწვავებისგან იცავს.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეცოალურად საიტისთვის)