ერთმა უკრაინულმა „ნეპტუნმა“ ექვსი რუსული „იხვნისკარტა“ მოინადირა?! - კვირის პალიტრა

ერთმა უკრაინულმა „ნეპტუნმა“ ექვსი რუსული „იხვნისკარტა“ მოინადირა?!

14-15 ოქტომბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში მდებარე ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე დარტყმის განსახორციელებლად გამოიყენეს სანაპირო სარაკეტო სისტემა „ნეპტუნი“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების განცხადებაში.

სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, დარტყმის შედეგად ასევე განადგურდა ავიაციის ფრენების უზრუნველსაყოფად განკუთვნილი ტექნიკური აღჭურვილობა; აეროდრომზე დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძარი.

1-neptuni-1792063211.png
ამ უკრაინულმა „ნეპტუნმა“ ჯერ რუსული კრეისერი „მოსკვა“ გაუშვა სამ ასოზე, ახლა კი ექვსი რუსულივე „იხვნისკარტა“ გაუყენა მის გზას...

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მტკიცებით, მათ რუსეთის კუთვნილი 6 ერთეული Су-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს და თუ ეს მართლაც ასეა, დიდი საბრძოლო წარმატებაა უკრაინელი სამხედრო მეზღვაურებისთვის, რადგან რუსული Су-34 და მით უმეტეს, მოდერნიზებული Су-34M ტიპის საფრონტო ბომბდამშენები (რომლებსაც „იხვნისკარტებსაც“ ეძახიან, მსგავსების გამო) მთავარ თავის ტკივილად რჩებიან ფრონტის ხაზზე განთავსებული უკრაინის თავდაცვითი ძალებისთვის, რადგან ამ რუსულ საბრძოლო თვითმფრინავებს რამდენიმე ათეული კმ-ის სიშორიდან (ისე რომ არ შევიდნენ საშუალო რადიუსის მოქმედების უკრაინული საზენიტო-სარაკეტო სისტემების მოქმედების ზონაში) შეუძლიათ პლანირებისა და კორექტირების უნივერსალური მოდულებით აღჭურვილი 500, 1 500 და 3 000 კგ კალიბრის საავიაციო ბომბების დიდი სიზუსტით გამოყენება.

2-neptuni-1792063211.jpg
რუსული Су-34 -„იხვნისკარტები“ მუდამ დარჩებიან უკრაინელების სანუკვარ სამიზნედ...

მართალია, რუსეთის ვორონეჟის ოლქის ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომი 300-იოდე კმ-ითაა დაშორებული ფრონტის ხაზიდან, ხოლო შავი ზღვის უკრაინის სანაპიროდან 900 კმ-ითაც კი, მაგრამ ჩანს, უკრაინელმა სამხედრო მეზღვაურებმა „ნეპტუნის“ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გასაშვები მობილური სარაკეტო დანადგარი მალულად გადაისროლეს უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან და იქიდან მისწვდნენ ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომს.

3-neptuni-1792063211.png
ორი წლის წინანდელ თანამგზავრულ ფოტოზე მოჩანს ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომზე მდგარი რუსული საბრძოლო თვითმფრინავები…

ხაზგასასმელია ისიც, რომ „ნეპტუნის“ ამგვარი ორი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის ზუსტი მოხვედრით ჯერ კიდევ 2022 წლის 14 აპრილის ჩაძირული იქნა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი-სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“.

„გუგლის“ თანამგზავრულ რუკაზე, ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომის ფოტოზე (რომელიც 2024 წლის ივლისითაა დათარიღებული) მართლაც მოჩანან Су-34 ტიპის საფრონტო ბომბდამშენები, მაგრამ უცნობია, რა ოპერატიული ვითარება იყო ამ რუსულ აეროდრომზე 2026 წლის 14-15 ოქტომბრის ღამეს, როდესაც მას უკრაინულმა „ნეპტუნმა“ შეუტია.

4-neptuni-1792063211.jpg
ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომის იმავე ადგილის დღევანდელი დილის ფოტო, რომელზეც ჩანს უკრაინული საჰაერო დარტყმის შედეგად წარმოქმნილი დაზიანებები...

სამაგიეროდ, ოპერატიულად ვრცელდება ბორისოგლებსკის სამხედრო აეროდრომის დღევანდელი,15 ოქტომბრის დილის თანამგზავრული ფოტოები, რომელზეც კარგად მოჩანს უკრაინული საჰაერო დარტყმისგან მიყენებული დიდი ზიანი, მაგრამ ფოტოზე ცოტა ძნელია იმის გარჩევა, მართლაც ექვსი რუსული „იხვნისკარტა“ შეეწირა თუ არა უკრაინული „ნეპტუნის“ დაუპატიჟებელ სტუმრობას...