"ვიცი, როგორ მოჰპარა რუსებს გარდაცვლილი მეგობრის ცხედარი. თანაც მარტო იყო წასული. ახლახან 2 ახალგაზრდა გადაარჩინა დაბომბვისას" - რას ჰყვებიან თანამებრძოლები უკრაინაში დაღუპულ ქართველზე?
"3 წლის წინ ვწერდი, თუ როგორ გაიარეს ბრძოლით მტრის კილომეტრიანი სანგარი ქართველმა სერჟანტებმა - გურულმა და მეგრელმა - ლაშა ბროლაძემ და ჯაბა ხოფერიამ, როგორ გადააბიჯეს რვა მომხდურს და აიღეს სანგარი. ახლა ერთი კილომეტრი გამოვიარე, "სტარლინკთან" რომ მოვსულიყავი და ორი სიტყვა რომ დამეწერა მასზე - ამჯერად გამოსამშვიდობებელი…“ - წერს უკრაინაში მებრძოლი ქართველი, არჩილ ხოფერია სოციალურ ქსელში. მისივე თქმით, ამ ამბის შემდეგ მისი შვილი ჯაბა ხოფერია "კურსკში დაეცა, ამჯერად მტრის მიწაზე, იქ აღესრულა - მტრის დრონმა შუაზე გაგლიჯა, იქვე დარჩა. "ახლა ლაშასაც დაუღამდა ამ გზაზე, სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე და ისიც ნაფლეთებად იქცა. ასე იყო მუდამ, ამით განსხვავდებიან მეომრები სხვა ადამიანებისგან - სიკვდილთან დამოკიდებულებით. ჩვენი გზა მასთან შეხვედრის გზაა. ამ გზაზე ჩვენ მას არ ვუფრთხით, იცის მანაც და ხანდახან გაიღებს მოწყალებას, რომ ისე აღვესრულოთ, როგორც მეომრებს ეკადრებათ - ნაფლეთებად ვიქცეთ... კარგი სიკვდილია მეომრისთვის. ჰოდა, ასე აღესრულა ლაშა ბროლაძე - საძახისით "გურულო", - წერს არჩილ ხოფერია.
36 წლის ლაშა ბროლაძე სუმის მიმართულებაზე იბრძოდა, დარჩა მეუღლე და შვილები. უფრო მეტს მასზე თანამებრძოლები გვიამბობენ:
დათო შველიძე:
- ლაშა 2023 წელს გავიცანი, როდესაც ინტერნაციონალურ ლეგიონში მოვიდა. მაშინ ჩვენთან იყო საწყალი სოსო გუგუტაშვილიც... ლაშას ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. უშიშარი, მამაცი, ნამდვილი მებრძოლი იყო. ბრძოლის ველიდან არაერთი დაჭრილი გამოჰყავდა, როგორც უკრაინელები, ისე ქართველები. კიევის წმინდა ვლადიმირის საკათედრო ტაძარში, სადაც ლაშა იყო დასვენებული, მისი უკრაინელი მეთაური ერთ ამბავს იხსენებდა. რამდენიმე დღით ადრე სუმში ერთ-ერთ ობიექტზე ძლიერი დარტყმა განხორციელებულა. ლაშა იმ დროს პოზიციებიდან ახალი გამოსული იყო, ისვენებდა, თუმცა შემთხვევით სწორედ იმ ადგილას აღმოჩნდა. არც დაფიქრებულა, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ორი ბიჭი გადაურჩენია. ამ დამსახურებისთვის მადლობის სიგელიც ეკუთვნოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადაცემა ვეღარ მოასწრეს... ლაშა არასდროს გაურბოდა რთულ სიტუაციებს. ყოველთვის მზად იყო, საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩაეგდო სხვის გადასარჩენად. სერებრიანსკის ტყეში, სხვადასხვა ჯგუფში ვმსახურობდით, მისი ჯგუფი ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ტექნიკა და მანქანები ძალიან უყვარდა, მათი დაშლა-აწყობა კარგად იცოდა. თანამებრძოლებსაც ყოველთვის ეხმარებოდა, ვისაც რა პრობლემა ჰქონდა, ცდილობდა, მოეგვარებინა. გააგრძელეთ კითხვა