“ძმები არიან დაჭრილები - ცოლ-ქმარს ჰქონიათ კონფლიქტი და ნათესავები მოვიდნენო“ - დეტალები ვარკეთილში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე
შსს-მ ორი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში რამდენიმე პირს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით, კონფლიქტში მონაწილე ორი პირი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ვარკეთილში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც “ტვ პირველი“ ავრცელებს, დაჭრილები არიან ძმები, მათ დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ სხეულის სხვადასხვა არეში მათ შორის გულ-მკერდსა და ზურგზე.
დაჭრილები საავადმყოფოდან გამთენიისას გამოწერეს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევა ვარკეთილში, გმირ მებრძოლთა ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, მათ საღამოს საათებში, რამდენიმე წუთის განმავლობაში ესმოდათ ჩხუბისა და ყვირილის ხმა. შემდეგ კი შეიტყვეს, რომ დაჭრილები იყვნენ ახალგაზრდა ძმები.
ადგილობრივების თქმით დაპირისპირება ოჯახის წევრებს შორის დაიწყო. სავარაუდო მოტივი ცოლ-ქმარს შორის არსებული კონფლიქტია, რომელში სანათესავოც ჩაერია. სიტყვიერ შელაპარაკებაში, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ათამდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
დაჭრილები არიან 23 წლის და 35 წლის ძმები.
“დაახლოებით იქნებოდა ღამის 8-9 საათი. ჩხუბის და აურზაურის ხმა იყო. შემდეგ ცნობილი გზადა რომ ვიღაცები იყვნენ დაჭრილი. ურთიერთშელაპარაკება იყო, მაგრამ ჩხუბში უშუალოდ ვინ იღებდა მონაწილეობას არ ვიცი. ძალიან ბევრი ახალგაზრდა იყო შეკრებული, პატრულიც ადგილზე იყო.
დანით არის მიყენებული ჭრილობები,“ - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.
“ძმები არიან დაჭრილები, ცოლ-ქმარს ჰქონიათ კონფლიქტი და მეუღლის ნათესავები მოვიდნენო და დაუწყიათ ჩხუბი,“ - აღნიშნავს ადგილობრივი.