„თუ ოპოზიციური პარტიები ასე ბითუმად აკრძალეს, ეს მძიმე შედეგებს მოიტანს“ - კვირის პალიტრა

„თუ ოპოზიციური პარტიები ასე ბითუმად აკრძალეს, ეს მძიმე შედეგებს მოიტანს“

ყველაფერზე ცოტ-ცოტა საუბარი, ღარიბაშვილზე მხოლოდ გულისტკივილის გამოთქმა, მდინარაძის ზოგადი ხსენება და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოში კირცხალიასა და პატარაძის შეყვანა - ეს არის ის, რაზეც, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომაზე დასწრება გადაწყვიტა და სახლში ისე დაბრუნდა, რომ მედიასთან არაფერი უთქვამს. იმ დროს, როდესაც "ოცნების" ერთი ჯგუფი ღიად დაუპირისპირდა მეორეს - მდინარაძის და შესაბამისად, მოქმედი პრემიერის ჯგუფს, როდესაც ქვეყანაში, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხი დგას, როდესაც რუსეთიდან უკვე მორიგი შანტაჟი ისმის და საქართველო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშეა დარჩენილი, ამ ყველაფერზე ივანიშვილის დამოკიდებულების შესახებ მხოლოდ კობახიძის გადმოცემით ვიცით. რას ნიშნავს ეს ყველაფერი, რატომ დასჭირდა ივანიშვილს ამ ფორმით გამოჩენა და რა პროცესებია ქვეყანაში მოსალოდნელი, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით.

- ვისაც სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ხალხი მხოლოდ იმიტომ შეკრიბა, რომ "ქართული ოცნების" დაკავებული წევრების გამო გულისტკივილი გამოეხატა, ნამდვილად მინდა მივუსამძიმრო. სინამდვილეში, უმრავლესობა ჰყავდა დასამშვიდებელი ორ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე: პირველი - კობახიძეზე ღარიბაშვილის დარტყმა ივანიშვილის მიერ იყო თუ არა სანქცირებული და მეორე - რუსეთის ამბავი. პარლამენტში მსხდომმა მილიონერებმა, რომლებიც ფულს იხდიან და ხმებს აგროვებენ, ზუსტად უნდა იცოდნენ, ვისი მხარე დაიჭირონ - ღარიბაშვილის თუ კობახიძის. გარდა ამისა, ივანიშვილი რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების გარანტორად ითვლებოდა, ახლა კი სანქციების ამბავი მოხდა. ვფიქრობ, ეს შეხვედრაც სწორედ ამ თემებს შეეხებოდა, თუმცა, რა თქმა უნდა, მიმდინარე საკითხებსაც განიხილავდნენ.

შექმნილ ვითარებაში, როცა რეალობას უმალავ და უბრალოდ ამშვიდებ, ეს ფულიანი ხალხი უფრო შფოთავს. როდესაც ეუბნები, რომ სინამდვილეში არაფერი ხდება, ბუნებრივია, უჩნდებათ კითხვა - როგორ არ ხდება?! ღარიბაშვილი მწარე წერილებს აქვეყნებს, რუსეთმა კი სანქციები დაგვიწესა - ეს ყველაფერი ხომ ჯიუტი ფაქტებია.

პიარის თვალსაზრისით ეს შეკრება ნამდვილად არ ყოფილა მომგებიანი, რადგან საზოგადოებაში უამრავი კითხვა არსებობს და ამ ფორმატმა არც ერთ მათგანს პასუხი არ გასცა. ჩვენ ვიხილეთ საკმაოდ დაბნეული კობახიძე, რაც მისთვის უჩვეულოა. ის თითოეულ სიტყვას წონიდა, რაც ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ საზეიმო განწყობაზე ნამდვილად არ იყო და მის გამოსვლას ძველებური რიხი არ ეტყობოდა.

- ქმედითი ნაბიჯი რა იქნებოდა, ივანიშვილს რა უნდა გაეკეთებინა და რას უნდა ველოდოთ?

- არ ვიცი, მის ადგილას ქმედითი ნაბიჯი რა შეიძლება ყოფილიყო. რაც შეეხება მოლოდინს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დალაგდება საგარეო პოლიტიკური ვექტორები. აშკარაა, რომ სწორედ ამას ელოდებიან, თუ როგორ წარიმართება უკრაინის ომი, რა მოხდება ირანში და ვინ გაიმარჯვებს ამერიკის არჩევნებში. ამ მოლოდინის რეჟიმში ყველაფერი ხელიდან რომ არ გამოეცალოთ, სწორედ ამისთვის დასჭირდათ ამ სხდომის ჩატარება.

პროცესები საინტერესოდ ვითარდება - ღია პრორუსული ძალები მედიაში თითქოს კობახიძეს ურტყამენ და ივანიშვილს არ ეხებიან, მაგრამ რეალურად ეს დარტყმა ივანიშვილზეც მიდის. იბადება კითხვა, ხომ არ მიდის რუსული თამაში? შესაძლოა რუსეთი უკმაყოფილოა ივანიშვილით, რადგან ის ბოლომდე არ მიჰყვება მათ პოლიტიკას და სურთ მოიყვანონ აბსოლუტურად პრორუსული, ლუკაშენკოს მსგავსი ხელისუფლება. ბევრი რამ მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი აქ სიტუაციას ურევს. გავიხსენოთ ხელოვნურად შექმნილი ანტითურქული და ანტიაზერბაიჯანული კამპანიები; ან ის, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა რუსეთმა ქართულ საწარმოებს სანქციები დაუწესა, მათივე საგარეო უწყებამ აფხაზეთსა და ცხინვალთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმება მოგვთხოვა. იმპერიები ასეთ ნაბიჯებს შემთხვევით არასდროს დგამენ. სავარაუდოდ, რუსეთი ივანიშვილისგან გაცილებით მეტ დათმობას ითხოვს.

ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ აღარც ქვეყანაში ჰყავს პარტნიორები და აღარც მის გარეთ. ის სრულიად მარტო დარჩა და რუსეთმაც რომ დაარტყას, კაციშვილი ხმის ამომღები არ არის. მან სრულად მოასუფთავა პოლიტიკური ველი, ამიტომ ახლა მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ მის თავზე ტყდება.

- დღეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული საკითხი პარტიების აკრძალვაა, რაზეც კობახიძემ ამ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ეს სამართლებრივი საკითხია და პოლიტიზებას ახდენენო. იყო მოლოდინი, რომ "ოცნების" ნაწილი ივანიშვილს ამ საკითხის საფრთხეებში დაარწმუნებდა და რას ფიქრობთ, ამ საკითხზე რა საუბარი იქნებოდა?

- როდესაც მთელ ოპოზიციას კრძალავ და პოლიტიკურ ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევ, ეს პოლიტიკური საკითხი კი არა, უტიფრობის ზღვარს გადაცილებული ქმედებაა. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში დარწმუნებული არიან, რომ ამ ყველაფერს იმავე კონტექსტში გაყიდიან, როგორც ეს უკრაინასა და მოლდოვაში მოხდა, სადაც ღიად პრორუსული პარტიები აკრძალეს. ამ მოცემულობის ჩვენს რეალობასთან შედარება სრული სიგიჟეა.

რაც შეეხება თავად სარჩელს, დოკუმენტში მსგავსი სისულელის ჩაწერა ორ რამეზე მიანიშნებს: ან ეს მიზანმიმართული საბოტაჟია და ავტორები ხელისუფლებას განზრახ უგებენ მახეს, ან იმ პირებს, რომლებსაც "ოცნებამ" ამ სარჩელის მომზადება დაავალა, არათუ უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომი, სკოლის ატესტატიც არ უნდა ჰქონდეთ. სარჩელში წერია, რომ პარტია შეიძლება აიკრძალოს იმ შემთხვევაში, თუ მას მომხრეები გაუჩნდება. იმის მტკიცება, რომ პარტიის აკრძალვა-არაკრძალვა მის მხარდამჭერთა რაოდენობაზეა დამოკიდებული, ყოველგვარ აბსურდსაა გაცდენილი. ვერ ვიფიქრებდი, რომ 21-ე საუკუნეში საქართველოში აღმოჩნდებოდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც ერთ მარტივ რამეს ვერ მიხვდებოდნენ - ოპოზიციური პარტიების ასე ბითუმად გაუქმება წითელი ხაზების გადაკვეთაა. ქვეყანაში, ფაქტობრივად, ერთპარტიული დიქტატურა მყარდება. ეს ძალიან მოლიპულ გზაზე შედგომაა, რაც უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნის როგორც მათ, ისე ქვეყანას და ბევრ პოლიტიკურ ლიდერს პირდაპირ ციხის კარამდე მიიყვანს. ისტორიას ძალიან მკაფიო კანონზომიერებები აქვს - როგორ სისტემასაც შექმნი, ის მოგიბრუნდება მაშინ, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნები.

sakonstitucio-sasamartlo-2-1170x752-1792325381.jpg

რას ფიქრობენ და რატომ აკეთებენ ამას? ხელისუფლების სათავეში არიან პირები, რომლებსაც პოლიტიკასა და სახელმწიფოზე წარმოდგენა არა აქვთ. ეს ხალხი არსაიდან მოიყვანეს, თბილ ადგილებზე დასვეს და ახლა წასვლა აღარ უნდათ. ივანიშვილი რომ არ იყოს, მათ არავინ აირჩევდა. ამიტომ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით წინააღმდეგობის კერების მოსპობას ცდილობენ. სინამდვილეში ოპოზიციური პარტიები ისედაც იმდენად სუსტები იყვნენ, რომ მათ ძალაუფლებას საფრთხეს ვერ უქმნიდნენ. ახლა კი, თუ პარტიებს მართლა გააუქმებენ, უფრო დააჩქარებენ ძალაუფლების დაკარგვასა და საკუთარი თავის ციხეში გასტუმრებას. მსგავსი უჭკუო გადაწყვეტილება მე ჯერ არ მინახავს.

- იქნებ იმის იმედი აქვთ, რომ საზოგადოება ამას ჩვეულებრივად მიიღებს?

- უმრავლესობა მათ მხარს არ უჭერს. ის უმცირესობა კი, ვინც მხარს უჭერს, ისეთი ხალხია, გუშინ ღარიბაშვილს რომ ედგა გვერდში და დღეს მიწასთან ასწორებს, გუშინ მამუკა მდინარაძეს რომ აქებდა და დღეს აგინებს. ესენი არიან ჩვეულებრივი მედროვეები, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ და ხელისუფლებას შეძახილებით ამხნევებენ. რეალურად, სწორედ ამ ხალხმა გაისტუმრა და ჩადო მიწაში ყველა წინა ხელისუფლება. ახლანდელ ხელისუფლებასაც ზუსტად ეგენი გაისტუმრებენ. სულ ვამბობ, რომ ყველა ხელისუფლებას ღუპავს არა ოპოზიცია, არამედ ის ხალხი, ვინც მათ ყველა შეცდომაზე ტაშს უკრავს.

- ამ კატეგორიას არ ვგულისხმობდი. რიგითი ადამიანები, ვინც მიდიან და ხმას აძლევენ "ოცნებას"...

- ხმასაც იმიტომ აძლევენ, რომ ამათ მოახერხეს საზოგადოებასთან ერთგვარი სოციალური კონტრაქტის გაფორმება ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე პუტინმა - "თქვენ ნუ ჩაერევით პოლიტიკაში და მე ოდნავ უკეთესი ცხოვრების პირობებს შეგიქმნით". საქმე კი ის არის, რომ პარტიების აკრძალვისა და ერთპარტიული დიქტატურის დამყარების შემდეგ მათ ამ სოციალური კონტრაქტის შესრულების საშუალება აღარ ექნებათ. გარდა ამისა, დარწმუნებული ვარ, ეს სერიოზული დარტყმა იქნება თავად ბიძინა ივანიშვილისთვისაც.

მმართველ გუნდში არიან პირები, რომლებმაც პოლიტიკის ელემენტარული ანბანი იციან და ხვდებიან, რომ პარტიების აკრძალვა ასეთი მარტივი ამბავი არ არის. მიმოვიხედოთ, ჩვენ გარშემო არაერთი ავტორიტარული რეჟიმია - პოლიტიკოსები ციხეში გაუშვიათ, დაუჭერიათ და მოუკლავთ კიდეც, მაგრამ ასე აშკარად პოლიტიკური ველის მოსუფთავება და პარტიების აკრძალვა არავის გაუკეთებია. მაგალითად, როცა "ლელოსა" და გახარიას პარტიებს ეუბნები, რომ "ნაცმოძრაობის" შთამომავლები და მათი დაფინანსებულები არიან, მაშინ, როცა შენი გუნდი თავად არის სავსე ყოფილი "ნაცებით", ეს უკვე საკუთარი თავის განადგურების გზაა. თუ სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო, ეს სამომავლოდ თავად "ქართული ოცნების" ასაკრძალ პრეცედენტადაც გადაიქცევა.

- შიდაპარტიულ დონეზე მდინარაძეზე ძალიან გააქტიურდა ნეგატიური განწყობები, დაწყებული კულტურის ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ განცხადებებით, დასრულებული იმით, რომ მდინარაძის გუნდს "იმედში" წილები დაათმობინეს. ახლა საინტერესო ის არის, კობახიძე საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს თუ ეს პროცესები პირდაპირ მის წინააღმდეგ არის მიმართული?

- როდესაც კობახიძეს თითქოს ყველაფერი ჩააბარეს და პირველად მოხდა, რომ ძალოვან უწყებებში დაინიშნა ხალხი, რომელიც პირდაპირ ივანიშვილზე არ იყო დამოკიდებული, თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს ამბავი ძალიან ცუდად დამთავრდებოდა. ივანიშვილის სტილი ასეთია - ის ჯერ კარტ-ბლანშს გაძლევს, მაგრამ მერე იმას, ვისაც ეს ძალაუფლება მისცა, სასტიკად ანადგურებს. მდინარაძე კობახიძის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი იყო, მაგრამ, სინამდვილეში, მის მიმართაც უკმაყოფილება გროვდებოდა. ფაქტია, ის უზნეო ხალხი, ვინც წინათ "მამუზე" ლოცულობდა, დღეს მას მიწასთან ასწორებს.

ჯამში ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ კობახიძეს აღარ შერჩა ის წრე და კადრები, ვინც თავის დროზე პოლიტიკაში შემოიყვანა და დააწინაურა. მიუხედავად იმისა, რომ უმაღლეს თანამდებობაზეა, კობახიძე აშკარად ხვდება, როგორ ვიწროვდება მის გარშემო მარყუჟი. არ ვიცი, ამოიღებს თუ არა ხმას, ან რა გარანტიებს მოითხოვს თავისთვის, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად ნებისმიერი სიბინძურის მკადრებელია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაც. ფაქტი ერთია - იმ წრიდან, რომელიც კობახიძის დასაყრდენი იყო, დღეს თანამდებობებზე აღარავინ არის; ხოლო ის ხალხი, ვინც ახლა ძალოვან უწყებებშია დანიშნული, კობახიძეს არაფრად აგდებს. მერწმუნეთ, კობახიძისთვის თავს არავინ გამოიდებს.

რუსა მაჩაიძე