შეძლებს თუ არა ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღის აგორებას?!
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილმა მმართველი გუნდის სარჩელმა და ხელისუფლების კულუარებში დაპირისპირებებმა ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო გაზარდა. ამ ფონზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კულტურის პალატის პრეზიდენტის დათო ოქიტაშვილის ხმაურიანმა წერილებმა ყოფილი მაღალჩინოსნების, კერძოდ, მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო წერილების სერიის შეწყვეტისა და საინფორმაციო ველში ახალი ავტორების გამოჩენის შემდეგ, იბადება კითხვები: რა პროცესები მიმდინარეობს "ქართულ ოცნებაში" და რამდენად მოსალოდნელია მმართველ გუნდში ახალი დაპირისპირება ან გავლენების გადანაწილება? რამდენად რეალურია ოპოზიციური სპექტრის სრულად ან ნაწილობრივ ჩამოშორება პოლიტიკური პროცესებიდან და როგორი იქნება დასავლეთის პოზიცია, თუ ქვეყანა ერთპარტიული მმართველობის მოდელს საბოლოოდ გააფორმებს? ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი თავის მოსაზრებებს გვთავაზობს.
- ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ახლა იმაზე მნიშვნელოვანი რამ ხდება, ვიდრე წარმოგვიდგენია. თავს ნუ მოვიტყუებთ, პოლიტიკური პარტიების ნაწილი თავად ბიძინა ივანიშვილის შექმნილია. თუმცა, თუ პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრზე ვსაუბრობთ, მისი დიდი ნაწილი "ნაციონალური მოძრაობიდან" არის გამოსული და რამდენადაც ამ პარტიის შიდა პროცესებსა თუ მისგან სხვადასხვა ჯგუფის გამოყოფის ისტორიას კარგად ვიცნობ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ პარტიებში რუსეთის გავლენები წლების განმავლობაში არსებობდა და არა მგონია, რომ შემცირდა, პირიქით, გაძლიერდა.
რუსეთი გავლენის მოპოვებას ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მეშვეობითაც ცდილობს. ამიტომ გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ მის ინტერესებში მხოლოდ აშკარა პრორუსული პარტიები შედიან და პროდასავლურ პოლიტიკურ სპექტრს ყურადღების მიღმა დატოვებდა.
ჩემი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური ტრანსფორმაციის პროცესში რუსეთიდან მომდინარე საფრთხე იგრძნო. საქართველოს უახლესი ისტორია მოწმობს, რომ რუსეთს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების მართვისა და ხელისუფლებებზე ზემოქმედების მნიშვნელოვანი ბერკეტები აქვს. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ივანიშვილის დღევანდელი მოქმედებების უკან სწორედ ამ ბერკეტების შიში იდგეს. ამ კონტექსტში საყურადღებოა მამუკა მდინარაძის როლიც, რომელიც, ჩემი აზრით, პრორუსული პოლიტიკური ჯგუფებისა და შესაბამისი ნარატივების კოორდინაციაში მონაწილეობდა. ივანიშვილმა ამ პროცესს რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლა კი არა, დასავლეთიდან მომდინარე ე.წ. მეხუთე კოლონის წინააღმდეგ ბრძოლა დაარქვა. რუსეთის სანქციები, ჩემი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას მოჰყვა - ივანიშვილის ჰიბრიდულ, ირიბ ანტირუსულ მოქმედებებს კრემლმა ასევე ჰიბრიდული პასუხი შეაგება. ფაქტობრივად, მხარეებმა ერთმანეთს პირდაპირი დაპირისპირების ნაცვლად, ირიბი დარტყმები მიაყენეს.
- პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?
- ჩემი ვერსიით, უახლოეს ერთ წელში ამერიკა-რუსეთის შეთანხმება შედგება უკრაინის საკითხზე. ფაქტია, რომ ტრამპმა ზელენსკის პუტინისთვის სასურველი პოლიტიკური პირობები თავს ვერ მოახვია. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ კონგრესსა და სენატში დემოკრატების პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდება. ტრამპს მხოლოდ დემოკრატები არ უპირისპირდებიან, რესპუბლიკურ პარტიაშიც შეექმნა პრობლემები. ვაშინგტონში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი შესაძლო სცენარი ტრამპის პოლიტიკური გავლენის შემცირება და საგარეო პოლიტიკაში მარკო რუბიოს როლის გაძლიერებაა. არსებობს ვარაუდი, რომ კონსერვატორებსა და რეიგანის პოლიტიკური მემკვიდრეობის მხარდამჭერებს დემოკრატებთან საერთო ინტერესები აერთიანებთ. ეს ცვლილებები შესაძლოა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოზეც აისახოს. თუ ტრამპის გავლენა შემცირდება, იმ პოლიტიკურ ძალებსა და ჯგუფებს, რომლებსაც რეგიონში სტრატეგიული გეგმები აქვთ, მაგალითად, რუბიოს, მოქმედების მეტი შესაძლებლობა გაუჩნდებათ და საქართველო შეიძლება ამერიკის კონკრეტული პოლიტიკური შეთავაზებების სამიზნე გახდეს. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი სწორედ ასეთი სცენარისთვის ემზადება.
- ფიქრობთ, ივანიშვილი მოსკოვს დაუპირისპირდება?
- ივანიშვილის დღევანდელი პოლიტიკური აქტივობის მთავარი მიზანი პოლიტიკური ველის გაწმენდაა, რათა რუსეთ-ამერიკის შესაძლო ზავისა და მის შედეგად ჩამოყალიბებული ახალი რეალობის პირობებში საქართველოს შიდაპოლიტიკური სივრცე მოამზადოს. ივანიშვილი ცდილობს ქვეყნის შიდაპოლიტიკური რეალობა შეცვალოს და ახალ საგარეო ვითარებას მოარგოს, რადგან ძველი პოლიტიკური მოცემულობით საქართველოს ახალ საერთაშორისო გარემოსთან ადაპტაცია გაუჭირდება. ამ კონტექსტში მამუკა მდინარაძე შეუთავსებელი ფიგურა იყო ამერიკასთან ურთიერთობის მოგვარებისთვის, რომლის აუცილებლობაც დღის წესრიგში უახლოეს მომავალში აუცილებლად დადგება.
- ივანიშვილის გარემოცვიდან ვინ მიგაჩნიათ შესაფერის ფიგურად, ამერიკასთან ურთიერთობის მოგვარებისთვის?
- გამოჩნდება ასეთი ფიგურაც. ამჯერად მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც შეიძლება კობახიძის კლანის განადგურება ვუწოდოთ. ამ კლანის ფაქტობრივი განეიტრალების შემდეგ, როგორც ვხვდები, ირაკლი კობახიძეს დეკორატიული ფუნქციაც კი აღარ დარჩება.
- დათო ოქიტაშვილისა და "ოცნებასთან" ასოცირებული კიდევ რამდენიმე სუბიექტის გალაშქრება მამუკა მდინარაძის წინააღმდეგ წაქცეული კაცისთვის წიხლის მიყოლებაა თუ "ოცნებაში" მიმდინარე მიზანმიმართული პროცესის ნაწილი?
- არც ერთი ვერსია არ არის გამორიცხული. წაქცეული კაცისთვის წიხლის მიყოლება ქართული პოლიტიკური კულტურის ნაწილია. თუმცა ეს პროცესი აუცილებლად ბიძინა ივანიშვილის დაგეგმილ პოლიტიკურ აქტივობად არ უნდა მივიჩნიოთ. ბევრი პირი, რომლებიც ადრე მამუკა მდინარაძესთან დაახლოებასა და ამ ურთიერთობით სარგებლის მიღებას ცდილობდა, დღეს იძულებულია საჯაროდ გაემიჯნოს. აქ თვითგადარჩენის ინსტინქტიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გამოჩნდება უამრავი ადამიანი, პირველ რიგში, სახელისუფლებო წრეებიდან, რომლებიც განაცხადებენ, რომ მდინარაძე მათ დევნიდა, ერთიმეორეზე უფრო მძიმე და დრამატულ ისტორიებს მოვისმენთ. ამ პროცესში საკუთარი ინტერესებით მოქმედი ადამიანებიც მრავლად არიან, რომლებსაც დღეს მდინარაძისგან გამიჯვნა პოლიტიკური გადარჩენისთვის სჭირდებათ.
- ამ ყველაფრის პარალელურად "ოპოზიციის ალიანსი" 25 ოქტომბრიდან ახალი საპროტესტო ტალღის დაწყებას აანონსებს მთავარი ლოზუნგით "საქართველო ივანიშვილის გარეშე".
- ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს ვითომ პროდასავლური პარტიები ვერაფერს გააკეთებენ, თუ თავად ივანიშვილმა ჰიბრიდული მეთოდებით ამის შესაძლებლობა არ მისცა და მათი აქტივობის მასშტაბი არ დაუშვა. ნიკა გვარამიას პოლიტიკური წონა არ გაზრდილა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის პარტია დატოვა. არც სააკაშვილს აქვს ისეთი ელექტორალური რესურსი, რომლის გადანაწილებაზეც შეიძლება საუბარი. ხელისუფლების სტაბილურობის მთავარი საფუძველი ის არის, რომ ოპოზიციური ელექტორატი არსებულ პარტიებს არ ენდობა. თბილისში პროდასავლურად განწყობილ ამომრჩეველს რეალური ლიდერი რომ ჰყავდეს, ივანიშვილის პოლიტიკური პრობლემები გაცილებით გამწვავდებოდა. ამ პირობებში კი ოპოზიციური აქტივობა შედეგისთვის განწირულია. პრაქტიკამ ისიც აჩვენა, რომ ქუჩის აქციების განმეორება შედეგს ვერ მოიტანს, თუ დასავლეთის გავლენიანი წრეები საქართველოს პროდასავლურ ოპოზიციასთან საქმიანი და შედეგიანი კომუნიკაციისთვის მზად არ არიან. მარკო რუბიოს გარემოცვაში შესაძლოა ისეთებიც კი იყვნენ, რომლებსაც ამ პარტიების პოლიტიკური განადგურება ხელს აძლევთ. ისინი ამას ისე აღიქვამენ, თითქოს ივანიშვილმა თავად მოიშორა ის პოლიტიკური "ნაგავი", რომლის მოცილებაც მათაც სურდათ. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ივანიშვილის შემცვლელი ჯერ არ ჩანს. ამერიკას, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული აქვს ზავი რუსეთთან, იქ ნომერ პირველ პრობლემად ნამდვილად არ დგას ბიძინა ივანიშვილის საკითხი. რუსები თუ საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან გავლენ, მაგ მოცემულობას ბიძინა ივანიშვილი, როგორც იძულებას, ისე გაუწევს ანგარიშს.
ხათუნა ბახტურიძე