ოპერაცია „ვივალდის“ დასასრული ანუ რა ხდება ფრონტის ხაზზე?! - გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის ანალიზი
როგორც მოვლენების განვითარება ცხადყოფს, უკრაინის პირველი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირიდან ტრამპის ამერიკა იმავე უკრაინის წამყვან მოწინააღმდეგედ ყალიბდება და დგება არა მარტო აგრესორი რუსეთის, არამედ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გვერდითაც, რომლებიც "შაჰიდებითა" და მებრძოლებით ეხმარებიან პუტინის არმიას უკრაინის თანდათანობით ოკუპირებაში... გვესაუბრება გენერალ-ლეიტენანტი ვახტანგ კაპანაძე, რომელთან ინტერვიუსაც ფრონტის ხაზზე ვითარების მიმოხილვით ვიწყებთ:
- მესამე საარმიო კორპუსის მეთაურმა გენერალმა ბელეცკიმ, რომელიც ოპერაცია "ვივალდის" ავტორი და ხელმძღვანელია, განაცხადა, რომ ოპერაცია დასრულებულია, ვინაიდან შედეგები მიღწეულია. ფაქტობრივად, უკრაინის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის 2026 წლის კამპანია, რომელსაც მიზნად ჰქონდა დონეცკის სრული ოკუპაცია, თუმცა მათ პირდაპირი დარტყმით ვერაფერს მიაღწიეს და ვერ შეძლეს კრამატორსკისა და სლავიანსკის თავდაცვითი სარტყლის გარღვევა. რუსების გეგმის მიხედვით, ეს ორი მარწუხი (ლიმანის ჩრდილოეთიდან და დობროპოლიეს სამხრეთ-დასავლეთიდან) მიემართებოდა და უნდა შეერთებულიყო ბარვენკოვოსთან (ხარკოვის ოლქი) და ამით ეს სარტყელი მოექცეოდა ალყაში, რუსები კი გავიდოდნენ დონეცკის საზღვარზე და შემდეგ თანდათანობით გაანადგურებდნენ ალყაში მოქცეულ თავდაცვით რაიონს. "ვივალდის" ოპერაციამ სრულად ჩაშალა ეს გეგმა და მძიმე დარტყმა მიაყენა რუსეთის დაჯგუფება "დასავლეთს" თავისი პირველი სატანკო არმიის ჩათვლით. ამის მიხედვით შედეგები ასეთია: უკრაინელებმა გაათავისუფლეს 270 კვმ კილომეტრი, დაიბრუნეს 9 დასახლებული პუნქტი, 7 დასახლებულ პუნქტში, რომელშიც მიმდინარეობდა ბრძოლები და ნახევარი უკრაინელების იყო, ნახევარი კი რუსების, უკრაინელების კონტროლს დაუბრუნდა, 8000-მდე რუსი სამხედრო კი განადგურდა. რაც შეეხება უშუალოდ ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს, ეს რა თქმა უნდა, რუსებისთვის ოპერატიული მარცხია, რომლის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ უკრაინელებმა შეძლეს უფრო სწრაფად ინფორმაციის მიღება, მოწინააღმდეგის უფრო სწრაფი აღმოჩენა, უფრო სწრაფი გადაწყვეტილების მიღება... თანამედროვე პირობებში დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ბრძოლის ველის ტრანსპარენტულობის, ანუ დრონების ჰაერში ბატონობის გამო, შეუძლებელია ფარულად რაღაც დაჯგუფების შექმნა, ფართომასშტაბიანი შეტევა, არ აღმოჩნდა მართალი - ეს არის მეთოდი დაწყებული მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანით, დამთავრებული მოწინააღმდეგის დრონების ჩახშობით და მოწინააღმდეგის დაბრმავებით. რუსები ახლა იძულებული იქნებიან, ეს მიმართულება შეაჩერონ, ან სხვა მიმართულებიდან მოხსნან ძალები და გადაისროლონ ამ მიმართულებაზე, ვინაიდან განსაკუთრებული ოპერატიული რეზერვები ამ მიმართულებაზე რუსებს არ გააჩნიათ.
- "სტარლინკის" ფუნქციონირების შეზღუდვა ფრონტის ხაზზე ვითარებას თუ შეცვლის?
- როგორც ვიცი, შეზღუდვა აღდგა. ვერ ვიტყვით, რომ ვითარებას შეცვლის, მაგრამ ეს მნიშვნელოვანია და უკრაინელების დარტყმების ეფექტიანობა შემცირდება. ეს ინფორმაციის გაცვლაც არის, დარტყმებიც და ასე შემდეგ. მაგრამ არის ერთი საინტერესო რამ - მომავალი წლის დამდეგიდან ევროპა აპირებს უკრაინელები შეაერთოს თავის "სტარლინკის" ანალოგ სისტემაზე - ეს არის ქსელი IღIშ (ამ თანამგზავრული ქსელის ევროკავშირის ანალოგი). ევროპა და ევროკავშირი მის გაძლიერებას აპირებენ, სურთ მასში თავიდანვე უკრაინა ჩართონ. ბრიუსელი გეგმავს ექვსი ახალი თანამგზავრის გაშვებას ორბიტაზე, რაც საბოლოო ჯამში 348 ერთეული თანამგზავრისგან შემდგარი ქსელი იქნება. წარმოიდგინეთ, აქედან დაახლოებით 330 თანამგზავრი იქნება დედამიწის მახლობელ დაბალ ორბიტაზე, 18 - საშუალო ორბიტაზე. ეს სისტემა, ფაქტობრივად, ისეთი იქნება, რომ ხმელეთზეც რომ ყველაფერი წყობიდან გამოვიდეს, ის მაინც იმუშავებს. ასე რომ, ეს არის ძალიან საიმედო ინსტრუმენტი, ევროპელები ამის დროულად ამუშავებას და სრულად ფუნქციონირებას თუ შეძლებენ მომავალი წლის დასაწყისისთვის, "სტარლინკის" გათიშვის შემთხვევაში უკრაინას ექნება მისი ჩამნაცვლებელი, დუბლიორი.
- ტრამპის მიზანია, ზელენსკი გადადგეს, რათა უკრაინა სერიოზულ დათმობებზე წავიდეს რუსეთთან, კაპიტულაციამდე მივიდეს. ზელენსკი მყარად დგას პოზიციაზე და აცხადებს, რომ ხალხი აკეთებს არჩევანს, ამასთან, არასდროს დათმობს უკრაინულ მიწებს...
- ტრამპის განცხადებაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ ებღაუჭება სავარძელს, მაგრამ ეს უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია. ზელენსკი ითხოვს, რომ 60 დღე დამყარდეს მშვიდობა, რათა ჩატარდეს არჩევნები და მოსახლეობამ გადაწყვიტოს, ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი. ამაზე ლავროვი პასუხობს, რომ არავითარი 60 დღე, რუსები უკრაინას მარტო ერთ დღეს მისცემენ. სასაცილოა - არჩევნები ერთ დღეს არ ტარდება.
ახლა კარგი ამბავი - გამოვიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამერიკისა და ევროკავშირის ქვეყნები ახალ სამშვიდობო გეგმას ამზადებენ, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ ტერიტორიულ დათმობებს ორივე მხრიდან, მაგრამ ამავე დროს, ეკონომიკურ დახმარებას როგორც უკრაინის, ასევე რუსეთისთვის, აგრეთვე სამშვიდობო გარანტიებს უკრაინისთვის - დაახლოებით იმავეს, რაც ნატოს მეხუთე პუნქტია. გეგმა რამდენად ამოქმედდება, ეს სხვა თემაა.
ტრამპის მიერ რუსეთიდან დიზელის ყიდვა ხომ ყოველგვარი დიპლომატიური შეთანხმებიდან გამოდის. ამ შეთანხმებით რუსეთმა მოიგო, ამერიკამ - არაფერი, იმიტომ, რომ ის 2 მილიონ 400 ათასი ბარელი დიზელი, რომელზეც დადებულია შეთანხმება და რომელიც ეტაპობრივად შევა ამერიკაში, ამერიკისთვის არის ერთი თუ ნახევარი დღის დიზელი. ამერიკა დღეში 4 მილიონ ბარელს მოიხმარს, მაგრამ რუსეთი ეგრევე იღებს ამ თანხას. ეს რუსეთისთვის დიდი დახმარებაა და აბსოლუტურ აბსურდამდე მივდივართ, ვინაიდან ამერიკა ინდოეთს ასანქცირებს რუსეთიდან საწვავის ყიდვის გამო და ამ დროს თვითონ ყიდულობს. ზელენსკიმაც განაცხადა და რეალობაც ასეთია, რომ დიზელი რუსეთ-უკრაინის ომის გამო კი არ გაძვირდა, არამედ ირანის და ჰორმუზის სრუტის კონფლიქტის გამო. მოკლედ, ახლა გასაგებია, ამერიკაში არჩევნები მოდის და ეს გეგმაც იმას უკავშირდება, რომ იმ ხალხის გული მოიგონ, ვინც უკრაინის მხარდამჭერია და ასეთი, თუ არ მეშლება, 70%-ზე მეტია ამერიკაში. ტრამპს არ უდგას კარგი პოლიტიკური დღეები, ძალიან დიდი კრიტიკის ქარცეცხლშია როგორც საკუთარი პარტიისგან, ასევე დემოკრატებისგან.
- ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამდღიან მორატორიუმს შეწყვეტს და უახლოეს პერიოდში კამიკაძე-დრონებით ენერგოობიექტებზე შეტევები განახლდება. ვინ ვის დაასწრებს, რუსეთიც არ იქნება უქმად... ვის უფრო გაუჭირდება ზამთარში?
- რუსეთი ცდილობს უკრაინისთვის იყოს მძიმე ზამთარი, ხოლო უკრაინა ცდილობს რუსეთის ფულის ნაკადებს მიაყენოს დარტყმა. ეს ძირითადად ეხება ნავთობგადამმუშავებელ სისტემას და ასევე მნიშვნელოვანია დარტყმები მონაცემთა ბაზებზე, მაგალითად, როგორც "იანდექსია" და არა მხოლოდ ის. ასე რომ, ურთიერთდარტყმები გაგრძელდება. ზამთარი რუსეთში მკაცრია, ასე რომ, ორივეს გაუჭირდება, არც რუსეთისთვის იქნება ეს ზამთარი "შოკოლადში", მაგრამ ახლა უკრაინას უჭირს და ითხოვს საჰაერო საშუალებების მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, მას ეხმარებიან. მნიშვნელოვანია ის, რომ უკრაინის დახმარებისთვის ევროპას ძალიან მტკიცე კურსი აქვს აღებული. ახლახან საფრანგეთში ზელენსკი მაკრონს შეხვდა და ხელი მოეწერა თითქმის ყველა იმ ლიცენზიას, რომელთაც საფრანგეთი აძლევს უკრაინას. უკრაინა უკვე დაიწყებს ახალი აღჭურვილობის წარმოებას. მას ბრიტანეთიც ეხმარება საჰაერო საშუალებებით, გერმანიაში კი კვლავ გამოყოფილია თანხა "პატრიოტების" რაკეტების შესაძენად. ასევე, არსებობს ფონდი უკრაინისთვის ზამთრის გაიოლებისთვის და ასე შემდეგ. უკრაინას რაც უფრო შორდება ამერიკა, მით უფრო უახლოვდებიან მას ევროპა და ევროკავშირი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ევროპა ემზადება, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკისგან დამოუკიდებლადაც შეძლოს უკრაინის დახმარება.
ასევე, გერმანიასთან დადებულია ისეთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები, რომლებიც არ ხმოვანდება. ამერიკიდან ღM-ის სისტემის რაკეტებია მიღებული. ასე რომ, მიუხედავად სირთულეებისა, ფაქტი ერთია: ფრონტის ხაზზე უკრაინა არ მარცხდება და რუსეთი უკრაინაზე ნებისმიერ დარტყმაზე სარკისებურ პასუხებს იღებს.
ნანა ფიცხელაური