„ალიევისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება „უმცროსი ძმის“ სტატუსი“
"ერთი ერი - ორი სახელმწიფო" - ფორმულას, რომელიც წლებია თურქეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას გამოხატავს, ბოლო დროს უჩვეულო ბზარი გაუჩნდა. აზერბაიჯანში საჯარო სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვას საპროტესტო გამოსვლები და დაკავებები მოჰყვა, ანკარამ კი ბაქოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. საპასუხოდ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ თურქეთს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა და ისრაელთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. რა გავლენა შეიძლება იქონიოს ანკარასა და ბაქოს ურთიერთობის გართულებამ სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკურ ბალანსზე, ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
- ერთი შეხედვით, ბაქო-ანკარას ურთიერთობების ასეთი განვითარება ნაკლებად მოსალოდნელი იყო. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ილჰამ ალიევის ამბიციები და გეოპოლიტიკური ხედვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის სულ უფრო მიუღებელი ხდება "უმცროსი ძმის" სტატუსი. ბაქო თავს რეგიონის ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ მიიჩნევს და თურქულენოვანი სამყაროს გაერთიანებაშიც მნიშვნელოვანი როლის შესრულება სურს. ამასთან, აზერბაიჯანი საკუთარ თავს შუა დერეფნის პროექტის ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ განიხილავს. როგორც ჩანს, ამ მიდგომას გარკვეულწილად იზიარებენ ის დასავლური ძალებიც, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ როგორც თურქეთთან, ისე აზერბაიჯანთან. პირველ რიგში, ვგულისხმობ დიდ ბრიტანეთს. აზერბაიჯანი ენერგორესურსების მნიშვნელოვანი მიმწოდებელია და დღეს დასავლეთისთვის მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. ამასთან, ბაქოს შეუძლია ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია შეასრულოს. თურქეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანი დასავლეთს პრობლემებს არ უქმნის და რიგ საკითხებში მის ინტერესებსაც უწყობს ხელს. თურქეთს კი დასავლეთთან არაერთი უთანხმოება აქვს. ამას ემატება ბაქოს მჭიდრო ურთიერთობა ისრაელთან, რომელიც დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორია. ამ გარემოებების გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის, რომ აზერბაიჯანს აღარ აკმაყოფილებს "უმცროსი ძმის" როლი და თურქეთთან ურთიერთობაში თანასწორი პოზიციის დაკავებას ცდილობს. სწორედ ამ ფონზე გადაიზარდა ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი უთანხმოება საჯარო დაპირისპირებაში. თუმცა, ეს დაპირისპირება უფრო დეკორატიული ხასიათისაა და ჯერ არ ნიშნავს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობა არსებითად იცვლება. ანკარაში, როგორც ჩანს, არ ელოდნენ, რომ ჰიჯაბის ტარების შეზღუდვაზე ბაქოსთვის გამოთქმულ შენიშვნას ასეთი მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა. აზერბაიჯანში განვითარებულმა მოვლენებმა კი შექმნა შთაბეჭდილება, რომ საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. ოფიციალურ ბაქოს მწვავე განცხადებები არ გაუკეთებია, თუმცა ხელისუფლებასთან დაახლოებულმა წრეებმა ისეთი ხმაური ატეხეს, თითქოს თურქეთი აზერბაიჯანის შიდა საქმეებში უხეშად ერეოდა. მთავარი გზავნილი იყო, რომ აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ხელშეუხებელია და მის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს, თუნდაც ეს ქვეყანა სტრატეგიული მოკავშირე იყოს. ჩემი აზრით, ჰიჯაბის საკითხი საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობადაც გამოიყენეს. საყურადღებოა მოვლენების თანამიმდევრობა: ინფორმაცია 13 ოქტომბერს გავრცელდა, მეორე დღეს კი ალიევმა ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ოფიციალურ შეხვედრაზე მიიღო. მართალია, ეს შეხვედრა წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჰიჯაბის საკითხის გამო აჟიოტაჟიც ამ შეხვედრის პოლიტიკურ კონტექსტს უკავშირდებოდა. ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ ალიევი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაქან ფიდანს შეხვდა. გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მათ სხვა საკითხებზე ისაუბრეს. საერთო ჯამში, ბაქო ცდილობს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი ლიდერის, უფრო ფართო რეგიონული მოთამაშის როლიც ითამაშოს. ამის გამოხატულებაა ისრაელსა და პაკისტანთან მისი მჭიდრო ურთიერთობაც.
- ისრაელთან მჭიდრო ურთიერთობა და დასავლეთის მხარდაჭერა აზერბაიჯანს რამდენად აძლევს შესაძლებლობას, თურქეთის დახმარების გარეშეც გაიმყაროს პოზიცია რეგიონში?
- ეს, პირველ რიგში, იმაზეა დამოკიდებული, ვისთან მოუწევს აზერბაიჯანს დაპირისპირება. თუ კონფლიქტი რუსეთთან წარმოიშობა, თურქეთი იძულებული იქნება ბაქოს მხარე დაიკავოს, რადგან მისთვის შავი ზღვის აუზსა და სამხრეთ კავკასიაში გავლენის შენარჩუნება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. სხვა ვითარებაში კი ანკარამ შესაძლოა თავი შეიკავოს აქტიური ჩარევისგან. თურქეთს, მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრია და ალიანსში ერთ-ერთი უდიდესი არმია ჰყავს, დასავლეთთან ურთიერთობაში არაერთი სირთულე აქვს. ერთ-ერთი საკითხი "მუსლიმთა საძმოს" უკავშირდება, რომელსაც თურქეთის ხელისუფლებასთან იდეოლოგიური კავშირები აქვს და რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, რეგიონულ გავლენას ავრცელებს. ამ ორგანიზაციის ტერორისტულად გამოცხადება მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია.
მეორე ფაქტორია აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში საბერძნეთისა და საფრანგეთის სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება. საბერძნეთი თურქეთის დიდი ხნის გეოპოლიტიკური კონკურენტია. ორ ქვეყანას შორის წლებია გრძელდება დავა ტერიტორიულ საკითხებსა და კუნძულებზე. ბოლო წლებში საფრანგეთი საბერძნეთს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაში აქტიურად ეხმარება. ამასთან, ვითარდება სამხედრო ინფრასტრუქტურა კვიპროსის ბერძნულ ნაწილშიც და რეგიონში იზრდება აშშ-ის ჩართულობა. თუ ეს ინფრასტრუქტურა გაფართოვდება და რეგიონში საფრანგეთის, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო შესაძლებლობები გაიზრდება, თურქეთის მოქმედების არეალი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში შეიზღუდება. ამ პროცესებში იკვეთება ანკარაზე დასავლეთის ირიბი ზეწოლა. ეს თურქეთისთვის გაფრთხილებაა, რომ რეგიონული პოლიტიკის წარმოებისას დასავლეთის ინტერესები გაითვალისწინოს. ამ ვითარებაში აზერბაიჯანი ცდილობს საკუთარი ინტერესები დამოუკიდებლად გაატაროს და თურქეთთან ურთიერთობაში მეტი თავისუფლება მოიპოვოს.
- თურქეთისთვის რამდენად მგრძნობიარე საკითხია ისრაელ-აზერბაიჯანს შორის მჭიდრო სამხედრო-სტრატეგიული თანამშრომლობა?
- თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ისეთი დაპირისპირება, რომელიც მესამე ძალის ინტერესებში შეიძლება აღმოჩნდეს, ნაკლებად მოსალოდნელია. კონცეფცია "ერთი ერი - ორი სახელმწიფო" ძალაში დარჩება მანამდე, სანამ "დიდი თურანის" იდეა არსებობს.
- "დიდი თურანის" იდეა, საქართველოსთვისაც ყოველთვის საფრთხე იყო. თუ გავითვალისწინებთ "მუსლიმთა საძმოს" საქმიანობის შეზღუდვას დასავლეთის მხრიდან, რამდენად იცვლება ვითარება და რა ბერკეტები აქვს საქართველოს საკუთარი ინტერესების დასაცავად?
- დასავლეთის ეს გადაწყვეტილება ჩვენი ერთადერთი, თუმცა სუსტი კოზირია, რადგან საქართველო დასავლური სამყაროს სრულფასოვანი წევრი არ არის. ამიტომ შეგვიძლია ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებები არგუმენტად გამოვიყენოთ, მაგრამ არ შეგვიძლია იმ მასშტაბის ნაბიჯების გადადგმა, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები გეგმავენ ან ახორციელებენ. წლების განმავლობაში ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა დიდწილად ეფუძნებოდა წარმოდგენას, რომ ჩვენ უკან დასავლეთი, პირველ რიგში აშშ იდგა. დღეს ეს რეალობა შეცვლილია და იმ გამოწვევის წინაშე, რომელსაც თურქული სამყაროს გაძლიერება და "დიდი თურანის" იდეა ქმნის, საქართველო სათანადოდ დაცული არ არის. თუმცა, ზოგიერთ საკითხში საქართველოსა და თურქული სამყაროს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. პირველ რიგში, ეს ეხება რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას. რაც უფრო აგრესიული იქნება მოსკოვი საქართველოს მიმართ, მით უფრო შეიძლება თბილისი ანკარასთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადაიხაროს...
ხათუნა ბახტურიძე