პუტინს „ქართული გამოცდილების“ გაზიარებასა და „ალაზნებით“ უკრაინული დრონების ჩამოგდებას სთავაზობენ
რუსულ სამხედრო გამოფენაზე, რომელიც "ცენტრი-2026" სწავლების ეგიდით გაიმართა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უჩვენეს საჰაერო თავდაცვის ახალი პროექტი, რომელიც სპეციალურად უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ჩამოსაგდებად არის განკუთვნილი. რუსეთი ავითარებს ახალ იაფფასიან საზენიტო რაკეტას, რომელიც საბჭოთა პერიოდის სეტყვასაწინააღმდეგო "ალაზნის" ტიპის რაკეტების ბაზაზე იქმნება. რუსული ძვირად ღირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების (მაგალითად, С-400-ის რაკეტების) გამოყენება იაფფასიანი უკრაინული დრონების წინააღმდეგ ეკონომიკურად წამგებიანია, ახალი რაკეტის სავარაუდო ღირებულება კი მხოლოდ 1 მილიონ რუბლს (დაახლოებით 12 000 აშშ დოლარს) შეადგენს.
პროექტის საფუძვლად აღებულია საბჭოთა 82 მმ-იანი უმართავი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა "ალაზანი" (კერძოდ, სავარაუდოდ, "ალაზანი-6"), რომელსაც უმატებენ მართვისა და დამიზნების სისტემებს, რათა ის საზენიტო მართვად რაკეტად გადაიქცეს. სისტემის მიზანია რუსეთის ზურგში სტრატეგიული ობიექტების (ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები, სამხედრო ბაზები) დაცვა მასირებული უკრაინული დრონების თავდასხმებისგან.
"ალაზნის" ტიპის სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტების პრიმიტიულ საბრძოლო იარაღად გადაკეთებასა და გამოყენებას სხვადასხვა შეიარაღებული დაჯგუფება ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, ყარაბაღის, დნესტრისპირეთისა და ცხინვალის კონფლიქტების დროს ცდილობდა. ამ სტატიის ავტორი თავად არის მომსწრე 1992 წლის გაზაფხულზე ცხინვალთან ბრძოლებისას, თუ როგორ უშვებდნენ ქართველი მებრძოლები "ალაზნის" რაკეტებს ჯავშანტრანსპორტიორის კოშკურაზე დადუღებული კბილის ექიმის სავარძლის კონსტრუქციიდან.
გარდა ამისა, "ალაზნის" სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის "მიწა-ჰაერი" კლასის საზენიტო რაკეტად უნებლიეთ და შედეგიანი გამოყენების ფაქტიც სწორედ საქართველოს უკავშირდება.
1985 წლის 13 აპრილს ქართულ ცაში გომბორის უღელტეხილთან საჰაერო ტრაგედია დატრიალდა.…ახმეტიდან თბილისისკენ Ми-2У ტიპის შვეულმფრენი გამოფრინდა, ზუსტად ისეთი, როგორითაც ბუბა კიკაბიძის გმირი ვალიკო მიზანდარი ძროხაჩამობმული დაფრინავდა და რომელსაც მოფერებით "პეპელას" ეძახდა. ეს შვეულმფრენი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს ქუთაისის ჯგუფს ეკუთვნოდა და კახეთში სეტყვასაწინააღმდეგო ექსპედიციას ემსახურებოდა.
თბილისისკენ გამოფრენილ შვეულმფრენში მხოლოდ მფრინავი და ავიატექნიკოსი ისხდნენ. ფრენისთვის არც რთული მეტეოროლოგიური პირობები იყო და არც გომბორის უღელტეხილის თავზე საჰაერო სივრცე - ჩაკეტილი, არაფერი მოასწავებდა ტრაგედიას, თუმცა შვეულმფრენი განსაზღვრულ დროს თბილისის აეროპორტში არ დაშვებულა, ეკიპაჟთან რადიოკავშირიც გაწყდა და სამტონიანი "პეპელა" თითქოს ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ.
მეორე დღეს სამაშველო სამსახურმა საგარეჯოს რაიონის სოფელ კობაძიდან ორიოდე კმ-ში 1 800 მ სიმაღლის მთას შეჯახებული და დამწვარი შვეულმფრენის ფრაგმენტები აღმოაჩინა; იპოვეს მფრინავისა და ავიატექნიკოსის ცხედრებიც და თითქოს ყველაფერი გაირკვა - ტექნიკური მიზეზების ან მფრინავის შეცდომის გამო შვეულმფრენი მთის კალთას შეეჯახა, თუმცა... გამოძიებამ დაადგინა, რომ შვეულმფრენის დეტალები, მათ შორის აკუმულატორი და კაბინის დამსხვრეული მინები მთასთან შეჯახების ადგილიდან 350-400 მ-ის მოშორებით ეყარა, რაც ადასტურებდა, რომ შვეულმფრენის ჰაერში დაშლა მთასთან შეჯახებამდე დაიწყო.
მეორე ნიუანსმა კი გამომძიებლები მთლად გააოგნა - ეკიპაჟის წევრების ტანსაცმელზე აღმოჩნდა ტყვიის იოდიდისა და დამწვრობის კვალი, მიუხედავად იმისა, რომ ცხედრები შვეულმფრენის მთასთან შეჯახების ადგილიდან მოშორებით იპოვეს და მათ ხანძარი ვერ მისწვდებოდა.
ამ და სხვა დეტალების გაანალიზების შემდეგ გამოძიებამ გამოაქვეყნა სენსაციური დასკვნა - სამოქალაქო შვეულმფრენი, სავარაუდოდ, ჩამოვარდა სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა Алазань-2М -ის მოხვედრის შედეგად და ამიტომაც აღმოჩნდა ეკიპაჟის დაღუპული წევრების ტანსაცმელზე ტყვიის იოდიდის კვალი (ტყვიის იოდიდს "ალაზნის" რაკეტა ღრუბლებში აფრქვევდა სეტყვასაწინააღმდეგო მოქმედების დროს).
გამოძიების დასკვნის თანახმად, მეტრ-ნახევარი სიგრძისა და რვა კგ მასის "ალაზნის" მოხვედრის შედეგად "პეპელას" ცეცხლი გაუჩნდა და ჰაერში დაიწყო დაშლა, რა დროსაც მფრინავი და ავიატექნიკოსი შვეულმფრენიდან 200-250 მ სიმაღლიდან გადმოცვივდნენ.
ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს კომისიამ დაადგინა, არ დაეთანხმნენ მოსკოვში. საბჭოთა კავშირის სატრანსპორტო პროკურატურის ვერდიქტი ასეთი იყო: "ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი უარყოფს იმ დღესა და ადგილას სეტყვასაწინააღმდეგო "ალაზნის" გაშვების ფაქტს, ბალისტიკური ექსპერტიზა გამორიცხავს უმართავი სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტის შვეულმფრენზე მოხვედრის ალბათობასაც კი".…
მართალია, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტრო იმ დღეს აღმოსავლეთ საქართველოში გასამხედროებული სეტყვასაწინააღმდეგო სამსახურის მიერ ერთი "ალაზნის" გაშვებასაც კი კატეგორიულად უარყოფდა, მაგრამ ქართველმა გამომძიებლებმა მოიპოვეს სეტყვასაწინააღმდეგო სამსახურის "ბაკანას" მე-16 სეტყვასაწინააღმდეგო პუნქტზე თანამშრომლის, გვარად ჯაჭვაძის ჩვენება, რომელმაც აღიარა, 13 აპრილს ჩვენს პუნქტზე სტუმრად რუსი სამხედროები მოვიდნენ, პატივი ვეცით, დავლიეთ, მერე პუნქტის მორიგე გარეთ გავიდა და მალე რაკეტის გაშვების ხმაც გავიგეო. მთვრალი მორიგის მიერ გართობის მიზნით გაშვებულმა "ალაზნის" ერთადერთმა უმართავმა რაკეტამ შვეულმფრენი ქართულ ცაში შემთხვევით ჩამოაგდო, ახლა კი რუსი გენერლები თავის პრეზიდენტს სთავაზობენ ამ "ალაზნების" ისე "დაჭკვიანებას", რომ მათ უკრაინულ დრონებზე ინადირონ რუსეთის ცაში.
P.S. „დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის 80-ზე მეტი ავტომატური გასაშვები დანადგარი კახეთის ზვრების დიდ ნაწილს ათ წელზე მეტია იცავს და მათი საჰაერო თავდაცვის სისტემებად სწრაფად ტრანსფორმაციის იდეა ქართველ სპეციალისტებს რუს გენერლებზე გაცილებით ადრე დაებადათ...