ტრამპისა და მასკის „საიდუმლო შეთქმულება“ უკრაინის ომში დასამარცხებლად? - კვირის პალიტრა

ტრამპისა და მასკის „საიდუმლო შეთქმულება“ უკრაინის ომში დასამარცხებლად?

გასული კვირა დრამატული გამოდგა უკრაინისთვის და არა იმიტომ, რომ აგრესორმა რუსეთმა განსაკუთრებულ სამხედრო წარმატებას მიაღწია ფრონტის ხაზზე, არამედ იმიტომ, რომ "პოლიტიკურ ფრონტზე" უკრაინის ერთ დროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე აშშ თითქმის უკრაინის მოწინააღმდეგედ გადააქცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა და მილიარდერმა ილონ მასკმა. ტრამპის ადმინისტრაციამ მილიარდერ ილონ მასკთან ფარული შეთანხმებით უკრაინას წაართვა საშუალება მიეღო ინფორმაცია რუსული ბალისტიკური რაკეტების სტარტებზე და შეტევითი ოპერაციებისთვის გამოეყენებინა "სტარლინკის" სისტემები.

ტრამპის ადმინისტრაციიდან ათზე მეტ უკრაინელ მაღალჩინოსანს დაურეკეს და კატეგორიულად მოსთხოვეს რუსულ ენერგოობიექტებზე, განსაკუთრებით კი რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე საჰაერო შეტევების სასწრაფოდ შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების ბლოკირებით დაემუქრნენ.მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ მართლაც სამი დღით შეაჩერა რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები, ტრამპი-მასკის "დუეტმა" მაინც შეასრულა მუქარა - უკრაინის ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საჰაერო განგაშის ადრეულად გამოცხადება ვეღარ ესწრება და ამასთან უკრაინულ კამიკაძე-დრონებსა და გადამჭერ დრონებს ეზღუდებათ ფრენის სიჩქარე 160 კმ/სთ-მდე "სტარლინკის" გამოყენებისას.

საინტერესოა ისიც, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და ილონ მასკი ცდილობენ ერთმანეთს "გადააბრალონ" "სტარლინკის" ფუნქციონირების შეზღუდვა უკრაინის არმიისთვის. თეთრი სახლი პასუხობს კიევს, რომ "სტარლინკი" ეკუთვნის ილონ მასკის SpaceX-ს, რომელსაც ისინი ვერ აკონტროლებენ და პასუხი უკრაინელებმა სწორედ მასკისგან უნდა მიიღონ.

თავად ილონ მასკი კი აცხადებს, რომ შტარლინკ-ის სამხედრო ვარიანტის, Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობის საკუთრებაა და მის კონტროლს არ ექვემდებარება. სიჩქარესთან ან გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეზღუდვას აშშ-ის სამხედრო უწყება, საბოლოო ჯამში კი აშშ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს.

Starlink-ი არის კომერციული მომსახურება, რომელიც SpaceX-ის საკუთრებაა და ის აკონტროლებს. Starlink-ის გამოყენება შემოიფარგლება სამოქალაქო ან თავდაცვითი საქმიანობით; მისი გამოყენება შეტევითი სამხედრო ოპერაციებისთვის დაუშვებელია, რადგან ეს შეუსაბამო იქნებოდა კომერციული კომპანიისთვის", - აცხადებს მასკი.

ერთმანეთთან გადამისამართების მიუხედავად, ტრამპიც და მასკიც ერთ რამეში სოლიდარულები არიან - ზელენსკი უნდა გადადგეს, რათა უკრაინა სერიოზულ დათმობებზე წავიდეს პუტინის რუსეთთან, თვით კაპიტულაციამდეც და რუსეთ-უკრაინის ომი, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდეს.

ბოლო ორი წელია კიევი გამუდმებით ეხვეწებოდა ცალკე პრეზიდენტ ტრამპს და ცალკე Starlink-ის "შეფს" ილონ მასკს, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის თავზეც გაეხსნათ ამ თანამგზავრული ინტერნეტკავშირის ფუნქციონირება, რაც უკრაინულ შორი მოქმედების კამიკაძე-დრონებსა და ფრთოსან რაკეტებს აგრესორი რუსეთის მნიშვნელოვან სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებზე ზეზუსტი საჰაერო დარტყმების საშუალებას მისცემდა. მაგრამ, ილონ მასკმა, დიდი ალბათობით, პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმებით საპირისპირო სვლა გააკეთა და 160 კმ/სთ-მდე შეზღუდა უკრაინის საჰაერო სივრცეში (მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების თავზეც) "სტარლინკის" მობილური ანტენების გადაადგილების სიჩქარე, რაც უკრაინის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად შეზღუდავს.

მაშინ, როცა მერამდენე დღეა ამერიკული მხარე აღარ აწვდის უკრაინის ხელისუფლებას რუსული ბალისტიკური რაკეტების სტარტების თაობაზე ინფორმაციას დროის რეალურ რეჟიმში და უკრაინის საჰაერო თავდაცვაც ვეღარ ასწრებს საჰაერო განგაშის დროულად გამოცხადებას კიევსა თუ სხვა უკრაინულ ქალაქებში (რაც პირველ რიგში ამ ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლეს ემუქრება), დამატებით "სტარლინკის" სისტემის შესაძლებლობების სპეციალურად და თანაც გაუფრთხილებლად შეზღუდვა უკრაინის არმიისთვის საბოლოოდ ამყარებს შემდეგ მძიმე მოსაზრებას - ტრამპი, მისი ადმინისტრაცია და თავად ილონ მასკიც, რომელიც ისევ შეურიგდა ტრამპს, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოქმედებენ იმისთვის, რომ აგრესორ რუსეთთან ისედაც უთანასწორო, ფართომასშტაბიან და გახანგრძლივებულ ომში აღმოჩენილ უკრაინას მოახლოებული ზამთრის პერიოდში შეუქმნან სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური დამატებითი პრობლემები, რათა ოფიციალური კიევი აიძულონ წავიდეს სერიოზულ დათმობებზე, თვით კაპიტულაციის ჩათვლითაც კი კრემლის ბინადარ პუტინთან.