ვატო ყიფიანის „დოსიე“ - კვირის პალიტრა

ვატო ყიფიანის „დოსიე“

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, იგივე "კაწროსა" და შოთა ყიფიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავება. მათ ბრალდება საქართველოს სს კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესს სამივე ბრალდებული ესწრებოდა, თუმცა სამივე დუმილის უფლებას იყენებს.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაზარალებულის მომართვისა და შეტყობინების საფუძველზე დაიწყო: "გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), ავთანდილ ბილანიშვილი და შოთა ყიფიანი ფიზიკურად გაუსწორდნენ დაზარალებულს, რომელმაც ფიზიკური ტკივილი განიცადა", - ნათქვამია

შსს-ს განცხადებაში.

დაზარალებული 65 წლის მერაბ შარაშიძეა. გამოძიების ვერსიით, ვატო ყიფიანს მისი მიმართვა არ მოეწონა და ამას მოჰყვა დაპირისპირება. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ავთო ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწრო", 30-ჯერ არის დაჯარიმებული ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე ტარების გამო და არც ერთი ჯარიმა გადახდილი არა აქვს. პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ იძულებითი აღსრულება მიმდინარეობს. მცირე კომენტარი გააკეთა პროცესიდან გამოსულმა ავთანდილ ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ. მისი თქმით, რადგან ჯარიმები გადაუხდელია, ეს არ ნიშნავს, რომ მისი დაცვის პირი დამნაშავეა და წაყენებული ბრალდების საპირწონე ზომა ვერ იქნება პატიმრობა: "მისი დაკავება არსებითი განხილვის კატეგორიაა. სახელისუფლებო სტრუქტურამ ჩათვალა, რომ უნდა დაეკავებინა და დააკავეს, მაგრამ ახლა სასამართლომ უნდა გააანალიზოს, იყო თუ არა სამართლიანად დაკავებული. ჩემი დაცვის პირი არაფრისკენ არ არის მიდრეკილი. ჯარიმები ყველას აქვს. ნასამართლობაზე რომ ილაპარაკა პროკურორმა, ჯარიმა აქვს სასჯელის სახით განსაზღვრულიო, ბუნებაში არ არსებობს, რომ ჯარიმის გადახდა იძულებით მოხდეს. რაც შეეხება დანაშაულის ვიდეომტკიცებულებას, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის. ვნახოთ, რა გამოიკვეთება".

რა წარსული აქვს ვატო ყიფიანს

წლებია 47 წლის ვახტანგ (ვატო) ყიფიანის სახელს აკავშირებენ კრიმინალურ სამყაროსთან. მას ასამართლებდნენ კიდეც სხვადასხვა ბრალდებით, თუმცა ციხიდან თავის დაღწევასაც ადვილად ახერხებდა. ვატო ყიფიანის მძიმე ბრალდებებით დაკავებაზე ინფორმაცია 2004 წელს გავრცელდა. მაშინ ბრალი სამი მუხლით წაუყენეს: ედავებოდნენ პეროვსკაიას ქუჩაზე განზრახ მკვლელობას, ასევე ნარკოდანაშაულს, რომ აეროპორტში მისგან იარაღი და ნარკოტიკები ამოიღეს, ხოლო მესამე ბრალი უკანონო იარაღის შენახვა იყო. მართალია, ამ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება დაიწყო, თუმცა მოგვიანებით მტკიცებულებების არარსებობის გამო ვატო ყიფიანს განზრახ მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ამ საქმეზე გამამა­რთლებელი განაჩენი დადგა. მეტიც, ამ ფაქტზე ის Aძალოვანებმა დაზარალებულად ცნეს, რადგან ექსპერტიზით დადასტურდა, რომ მისი ზურგიდანაც იმავე კალიბრის ტყვია ამოიღეს, რაც გარდაცვლილი დაცვის სამსახურის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის სხეულიდან იყო ამოღებული. როგორც გაირკვა, მათ ერთი იარაღიდან ესროლეს, ყიფიანი დაიჭრა, ხოლო ჯაფარიძე გარდაიცვალა. ვატო ყიფიანი ასევე გამართლდა აეროპორტის ეპიზოდშიც, სადაც ნარკოდანაშაულს ედავებოდნენ. საბოლოოდ ვატო ყიფიანს განაჩენი იარაღის გადატანისთვის გამოუტანეს, თუმცა ციხიდან 2008 წელს უდო-ს კომისიის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. გათავისუფლებულმა ვატო ყიფიანმა ქვეყანა მაშინვე დატოვა და წლების განმავლობაში უკრაინაში ცხოვრობდა.

მოგვიანებით მისმა სახელმა კიდევ ერთ ხმაურიან - "მაზავშიკების" საქმეში გაიჟღერა. მაშინ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძესთან ერთად ბრალი დავით ფეიქრიშვილს, კახა მისირელსა და ვატო ყიფიანს წაუყენეს. საქმის მასალებით ჩანდა, რომ დავით ფეიქრიშვილს ე.წ. მაზით დიდი თანხა ჰქონდა მოგებული. ამ მოგებული თანხიდან მას წილს სთხოვდა ვატო ყიფიანი. გამოძიების ცნობით, სწორედ მან გაგზავნა დემეტრაძე 40.000 ლარის ასაღებად ფეიქრიშვილთან, რომელმაც მას თანხა გადასცა და სწორედ ამ დროს დააკავეს ფეხბურთელიც და ძალოვანი კახა მისირელიც. პარადოქსია, სხვებთან ერთად ძალოვან კახა მისირელსაც, ფეხბურთელ დემეტრაძესაც ქურდული სამყაროს წევრობა ედებოდათ ბრალად. მაშინ იმასაც ამბობდნენ, გიორგი დემეტრაძე ვატო ყიფიანთან მეგობრობის გამო დაისაჯაო. ცნობილია ისიც, რომ უკრაინაში ვატო ყიფიანი გიორგი დემეტრაძის ბინაში ცხოვრობდა. დემეტრაძე მაშინ ირწმუნებოდა, რომ უდანაშაულო იყო და მხოლოდ ფულის ასაღებად მივიდა იქ მეგობრის თხოვნით, თუმცა გიორგი დემეტრაძეს 6 წელი მიუსაჯეს. ციხეში მან სამი წელი გაატარა და სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოვიდა ციხიდან.

მაშინ სასამართლო პროცესზე საქმის განხილვის დროს ვატო ყიფიანისა და დავით ფეიქრიშვილის სატელეფონო ჩანაწერებიც გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ ვატო ყიფიანი მას ფულს სთხოვდა. რადგან ვატო ყიფიანი ქვეყანაში არ იყო, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და ის მაშინ დაუსწრებლად გაასამართლეს.

2011 წლის 22 მარტს, ვატო ყიფიანი მოსკოვში დააკავეს. რუსული მედია მაშინ წერდა, რომ მას ფულის გამოძალვა ედებოდა ბრალად. "18 მარტს ვატო ყიფიანმა თანამზრახველებთან ერთად მსხვერპლი ერთ-ერთ სასტუმროში მიიყვანა და იარაღის მუქარით 750.000 რუბლის ოდენობით ვალის დაბრუნება მოსთხოვა. პოლიციის თანამშრომლებმა 35 წლის მძევალი, რომელიც საქართველოს მოქალაქე აღმოჩნდა, გაათავისუფლეს, ხოლო ვატო ყიფიანი დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი, რომელმაც პოლიციას მიმართა, 1994 წელს სნაიპერის მიერ მოკლული კრიმინალური ავტორიტეტის ოთარ კვანტრიშვილის შვილია", - წერდა მაშინ რუსული მედია.

ვატო ყიფიანის გვარმა კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეში გაიჟღერა საქართველოში. საქმე ეხებოდა კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის აღკვეთას, რაზეც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2020 წლის იანვარში განაცხადა. გამოძიების მონაცემებით, შეკვეთილი მკვლელობა უკრაინაში დაგეგმეს, სავარაუდოდ, რამდენიმე "კრიმინალური ავტორიტეტის", მათ შორის ვატო ყიფიანის დავალებით. დანაშაულის ჩამდენთა დაკავების სპეცოპერაცია ერთდროულად ჩატარდა თბილისში, ბათუმსა და ხარკოვში. დააკავეს საქართველოს ექვსი და უკრაინის ერთი მოქალაქე. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისელი ძმების ლიკვიდაცია უკრაინაში დაიგეგმა და ის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა მომხდარიყო.

საქართველოს პროკურატურის ვერსიით, თავდასხმას უკრაინაში მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი გეგმავდა. ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მცდელობის შესაძლო ერთ-ერთ მოტივად 2016 წელს ვაკეში კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობის გამო შურისძიება სახელდებოდა, რადგან ფეიქრიშვილების გვარი სოსო ჯოხაძის გახმაურებული მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ამის გაგრძელება იყო ეს შეკვეთილი დანაშაულიც, თუმცა ამას აბსურდულს უწოდებდა მაშინ თავად ფეიქრიშვილების ადვოკატი. პროკურატურა კი ამტკიცებდა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარადგინა მრავალი მტკიცებულება, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულის დანაშაულს. "ჩვენ გვაქვს მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ასევე უკრაინიდან მიღებული ინფორმაცია", - ამბობდა საქმის პროკურორი. ამ სკანდალურ დანაშაულთან ვატო ყიფიანის კავშირს კატეგორიულად გამორიცხავდა მაშინ მისი ადვოკატი მარიკა ფხალაძე: "ვადასტურებ, რომ ვატო ყიფიანი იცნობს ძმებ ფეიქრიშვილებს, მაგრამ მათ შორის კონფლიქტი, ან მტრობა, რომელსაც შეიძლებოდა ასეთი ქმედებები გამოეწვია, არ არსებობს. ინფორმაციას, თითქოს მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ ერთმანეთთან, არ ვადასტურებ. ისინი ე.წ. მაზავშჩიკების საქმეში ბრალდებულის სტატუსით მონაწილეობდნენ და ინტერესთა კონფლიქტი არც მაშინ და არც მერე მათ შორის არ ყოფილა", - თქვა მაშინ მარიკა ფხალაძემ.

ვატო ყიფიანი 2021 წელს უკრაინიდან გამოძევების შემდეგ თბილისის აეროპორტში დააკავეს. მაშინ სამართალდამცავები ამბობდნენ, რომ ის ფეიქრიშვილების საქმეზე იყო დაკავებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ვატო ყიფიანი ამ საქმიდანაც უპრობლემოდ გამოვიდა.

ცოტა ხნის წინ, 2026 წლის 22 სექტემბერს ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებიც თბილისში სხვადასხვა ბრალდებით დააკავეს. მათ ბრალი ორ სხვადასხვა საქმეზე წარუდგინეს: გიორგი ფეიქრიშვილს დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავებიან, დავით ფეიქრიშვილსა და მისი დაცვის წევრ ალექსანდრე ჩაფოძეს კი პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება.

გამოძიება გრძელდება. რა ვერდიქტს გამოუტანენ ამჟამად დაკავებულ ვატო ყიფიანს, ავთო ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ვინ არის "კაწრო"

ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად "კაწრო", ხშირად მოხვედრილა მედიის ყურადღების ცენტრში. ის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის კაკო ბილანიშვილის ვაჟია.

ავთო ბილანიშვილი ყურადღების ცენტრში 2019 წელს მოექცა, როცა ის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ხმაურიან საქმეზე გამოკითხეს. მაშინ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ, თუ როგორ ხვდება შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე და გარდაცვლილი ფეხბურთლის უახლოესი მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი დაუდგენელ პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ ეს პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება. მაშინ გამოითქვა ვარაუდი, რომ ეს პირი ავთანდილ ბილანიშვილი იყო. ამის გამო "კაწროს" გამოკითხვა პროკურატურაში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მან უარყო შეხვედრა ამირხანაშვილთან, საბოლოოდ საქმის შესწავლის შემდეგ შსს-მ თქვა, რომ ბილანიშვილი იმ კადრებში არ ფიგურირებდა.