ვინ იყო სინამდვილეში „ფუფალა“ - კვირის პალიტრა

ვინ იყო სინამდვილეში „ფუფალა“

"ავთენტური ფუფალა პატარძეულის მკვიდრი იყო, სამეფო აზნაურის ოჯახიდან, სახელად ნატალია ბილანოვა (ბილანიშვილი). ფუფალა გიორგი ლეონიძემ შეარქვა, რადგან მას სიცოცხლეში ამ სახელით არ მოიხსენიებდნენ. როდესაც პაპა "ნატვრის ხეს" უყურებდა, ყოველთვის ფარულად ტიროდა, რადგან ხედავდა, მისი საყვარელი პაპიდა როგორ იყო გაშარჟებული, კომიკურად წარმოჩენილი. სინამდვილეში ნატალია ულამაზესი ქალი იყო. პაპა ამბობდა, მასზე უფრო ლამაზი ქალი, ჩემს ცხოვრებაში თვალით არ მინახავსო" - ფუფალას პროტოტიპის შესახებ გვესაუბრება ნატალიას ძმის შთამომავალი ანა ჩხეიძე.

- პაპაჩემი კარლო (ნიკოლოზ) კუჭუაშვილი საგარეჯოში ცხოვრობდა. ნიჭიერი და ქარიზმატული კაცი იყო. მისი პაპა, ივანე ბილანიშვილი, თბილისის ბოტანიკური ბაღის ამღორძინებელი გახლდათ. ბაღი რა სახითაც არის ჩვენამდე მოღწეული, ივანე ბილანიშვილის ხელშეწყობითაა. ბოლშევიკებმა ივანე მოკლეს და მისი ცხედარი მდინარეში გადააგდეს, - კვალის დაფარვის მიზნით დამნაშავეებმა თავიანთი სისასტიკე ასე დამალეს. შემდეგ პაპას საქმე მამამ გამოიძია და მკვლელები დააპატიმრა.

პაპას საგარეჯოში ბევრი იცნობდა. ქველმოქმედი და კარგი მონადირეც გახლდათ. 1960-იან წლებში მან თავისი შექმნილი მანქანა დააპატენტა. იმ დროს მთავრობამ მისი დახმარებით სოფლის მეურნეობის კოდექსში ცვლილებები შეიტანა. თბილისში პრესტიჟულ ადგილას ბინას და სამინისტროში თანამდებობას სთავაზობდნენ. პარტიის მანდატის მიღება მისთვის რთული არ იქნებოდა, მაგრამ არ სურდა კომუნისტური პარტიის წევრობა.

დაკრძალვის დღეს მისი ცხედარი ხალხმა სასაფლაომდე ხელით ატარა. ამბობდნენ, ასეთი დიდი პატივით საგარეჯოში, ჯერ არავინ დაკრძალულაო. იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკოსი ნოდარ ნათაძე მას არასდროს შეხვედრია, ბატონმა ნოდარმა პაპის სასახლე თავისი მხრებით ნახევარი კილომეტრი ატარა.

წინაპრებზე იშვიათად საუბრობდა, მაგ­რამ არ შეეძლო დაეფარა ის უსამართლობა, რაც მის საყვარელ პაპას დამართეს.

- რას იხსენებდა პაპიდას შესახებ?

- ფუფალა, გოგლა ლეონიძის წიგნიდან "ნატვრის ხე", რეალური პიროვნება იყო. მას გოგლა ლეონიძეც კარგად იცნობდა. სამწუხარო ის არის, რომ არასწორი ინტერპრეტაციით ნატალიას პერსონიფიცირება მოახდინა. ძველ საქართველოში ბავშვები ღმერთს, უფალს, ფუფალას ეძახდნენ. წიგნში კი ფუფალა გროტესკული, სატირულ-იუმორისტული პერსონაჟის სახით არის გამოყვანილი.

ფუფალა, ქალბატონი ნატალია, ჩემი პაპის პაპიდა იყო. მას საოცრად ლამაზი და მეტყველი სახის ნაკვთები და საოცრად დიდი, ლურჯი თვალები ჰქონია. ხანდაზმულიც კი საოცრად ლამაზი იყო. მის ცხოვრებაში ტრაგედია მაშინ დაიწყო, როცა ბოლშევიკებმა ოჯახის წევრები დაუხვრიტეს. ბილანიშვილები წითელი არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რამდენიმე ხანს ქაქუცა ჩოლოყაშვილს მალავდნენ კიდეც, მაგრამ როცა წითელმა არმიამ გაიმარჯვა, ყველა დააპატიმრეს. ერთი თვე ჰყავდათ დაჭერილი, ვიდრე უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრებიც არ ჩამოიყვანეს. ბოლშევიკების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა, განურჩევლად ყველა დახვრიტეს და მათი ცხედრები გაანადგურეს. ასე რომ, მათი საფლავებიც არ არსებობს.

ნატალია დევნის შიშით სხვადასხვა ადგილას ათევდა ღამეს. ხშირად სოფლიდან სოფელში გადადიოდა ნათესავებთან. პერიოდულად ჩვენთანაც რჩებოდა. გადმოცემით ვიცი, რომ მისი ლამაზი და კაეშნიანი გარეგნობა ერთდროულად გაკვირვებას, მოწიწებასა და სიყვარულს იწვევდა. ბოლოს ნატალია თბილისში ნათესავებმა შეიფარეს, დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე.

ფუფალას გაშარჟება ჩვენი ოჯახისთვის მძიმეც იყო და ერთდროულად ამამაღლებელიც. თავად სახელი "ფუფალა" ერთგვარი კოდია იმისა, თუ სინამდვილეში ვინ იყო ეს პიროვნება.

მე ვერ გამოვრიცხავ, რომ გოგლა ლეონიძემ მიმართა ე.წ. ეზოპეს მეთოდს. შესაძლოა მან ამით საბჭოთა კონიუნქტურა გაითვალისწინა. გარეგნულად მას კომიკური, გაშარჟებული ნიღაბი მოარგო, სახელის საშუალებით კი უცოდველი სულიერება შეუნარჩუნა. მიუხედავად გარემომცველი სისასტიკისა, ნატალია ინარჩუნებდა ბავშვურ უცოდველობას, სისუფთავესა და ხელუხლებელ, უფლისმიერ ბუნებას.

სამწუხაროდ, ნატალიას ფოტო არ არის შემორჩენილი, რაიონისა და სახელმწიფო არქივებშიც ვერ ვიპოვეთ.