„ბოჰემური ცხოვრება ჩემი პროფესიის თანმდევია“ - კვირის პალიტრა

„ბოჰემური ცხოვრება ჩემი პროფესიის თანმდევია“

"18 წელია რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ვარ, ამ წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი დავკარგე, როგორც რუსთაველის, ისე თელავის თეატრიდან. მასევდიანებს მათი გახსენება, სულ მენატრებიან", - ამბობს მსახიობი ბექა სონღულაშვილი.

- დაბადების თარიღი...

- 1985 წლის 20 თებერვალი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ფეხბურთელი. ძალიან სპორტული ბავ­შვი ვიყავი, კარგადაც ვთამაშობდი და ბუნებრივიც იყო, ეს სურვილი მქონოდა, მაგრამ მერე ვეღარ "გავქაჩე", შესაძლოა გადაღლის ბრალიც იყო. 15 წლის ასაკში, სრულიად შემთხვევით არტოს ბაღში თეატრალურ სტუდიაში "თეატრალი" მივედი, იქ ჩემი კლასელები დადიოდნენ, გასართობად უფრო წავედი, მაგრამ იქაური გარემო, საქმე იმდენად საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, თეატრალურშიც კი ჩავაბარე. შემიძლია ვთქვა, რომ პროფესიული არჩევანის გამო, სინანული არასდროს მქონია.

- ჩემზე ამბობენ...

- გულისხმიერიაო. მხარში დგომა, სხვისი პრობლემის გულთან ახლოს მიტანა, ტკივილის გაზიარება შემიძლია. ვცდილობ, ყველას დავეხმარო...

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ბევრ საინტერესო რამეს გავაკეთებდი. მქონია მცდელობა და ინტერესიც შემესწავლა სხვა საქმე, მაგრამ გონება იმდენად გადართულია ჩემს პროფესიაზე, რომ, სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.

2-1792331301.jpg

- ჩემი პირველი წარმატება...

- იყო "თეატრალში", როდესაც ეტიუდი გავაკეთე, ამ შემთხვევამ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება, ბევრი რამ განაპირობა. ჩემს პედაგოგს ეტიუდი იმდენად მოეწონა, ჩათვალა, რომ მე თავისუფლად შემეძლო, მსახიობის პროფესია ამერჩია, შემაქო და ის შექება უდიდესი მოტივაცია აღმოჩნდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- მყავს ძალიან კარგი მეუღლე, შვილები, დედა, და, მეგობრები... ბედნიერი ვარ, რომ რუსთაველის ეროვნულ და თელავის თეატრების მსახიობი ვარ. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებისგან სითბო არ მაკლია.

- როგორ მიიღო მაყურებელმა სერიალი "ჩემი უბნის ქვაფენილი", რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებთ?

- ჯერ მხოლოდ რამდენიმე სერია გავიდა, მაგრამ მიხარია, რომ დიდი გამოხმაურება აქვს, ემიგრანტებიც მწერენ. ქუჩაში მაჩერებენ, ფოტოს იღებენ, ეს ცოტათი უჩვეულო, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა.

ჩემი პერსონაჟი ბიზნესმენია, 90-იანი წლები გავლილი აქვს, შეძლებული, გავლენიანი ოჯახიდანაა, მაგრამ მისთვის უცხო არც ქუჩური ცხოვრებაა. კარგი ოჯახი შექმნა და როცა ყველაფერი თითქოს დალაგებულია, იწყება პრობლემები, ჩნდება ადამიანი, რომელიც ეგონა, რომ გარდაცვლილი იყო... შემდეგ სერიებში ჩემი პერსონაჟის ხაზი ისე ვითარდება, რთული სათამაშო სცენებია. მსახიობისთვის ასეთი პერსონაჟის თამაში გაცილებით საინტერესოა, ვიდრე მონოტონური გმირის.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ჩემი პროფესია. უცნობ ადამიანებს როცა მაცნობენ, დააყოლებენ ხოლმე - მსახიობია. თუ ვიგიჟებ - ეს მსახიობია. რაღაც უჩვეულოს ჩავიდენ - ეს მსახიობია. ჩემთვის რაღაცები თითქოს დაშვებულია.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- მეგობრებთან ერთად დავისვენო, გავერთო. შეიძლება გავიდეთ ქალაქგარეთ, ან წავიდეთ კლუბში, რესტორანში, ბუნებაში...

მსახიობი როლზე მხოლოდ სცენაზე ყოფნის დროს კი არა, სულ მუშაობს, სულ ფიქრობს... ყოფილა შემთხვევები, რეპეტიციების მერე რესტორანში დავმსხდარვართ, დაგვილევია, იქაც პერსონაჟებზე გვილაპარაკია და საინტერესო აღმოჩენები გაგვიკეთებია. ბოჰემური ცხოვრება ჩემი პროფესიის თანმდევია.

- თვისება, რომელიც ჩემში არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ზოგჯერ მარტო დალევა მიყვარს.

- ამ დროს როგორ ხასიათზე ხარ ხოლმე?

- მშვენიერ ხასიათზე. უბრალოდ ხანდახან განვმარტოვდები და ცოტა ღვინოს, ან კონიაკს მოვწრუპავ ხოლმე.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- პროფესია. ჩემს საქმეში ცხოვრებისეულმა შეცდომებმაც ძალიან გამზარდა.

- პატიება შემიძლია თუ...

- ის ადამიანი მოინანიებს, თუმცა ვერ ვივიწყებ, ამას არც ვმალავ, პირდაპირ ვეუბნები, რომ მემახსოვრება.

- ვიბნევი...

- როცა მაქებენ. ბუნებრივია, ასეთ დაბნეულობას სიხარულიც ახლავს.

- ვნანობ...

- გარკვეული წლები უფრო ნაყოფიერად რომ არ გამოვიყენე. შემეძლო მეტი უცხო ენა მცოდნოდა, მეტი რამ მესწავლა. რაღაც პერიოდი ბოჰემურად გავატარე, ამას არ ვნანობ, მაგრამ დამატებითი დრო რომ მქონოდა, ჩემს თავზე მეტს ვიმუშავებდი.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ჩემს შვილებთან ერთად. ბავშვები 5 და 8 წლის არიან. ეკრანზე რომ დამინახავენ, უხარიათ, მამიკო, ტელევიზორში იყავიო. ჯერ ვერ ხვდებიან, იქ რატომ ვარ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა...

- ძალიან რთულია. ბოლოს საკუთარ თავზე კონტროლი როდის დავკარგე, ვერც კი ვიხსენებ. აფექტურ მდგომარეობაში არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. მომთმენი მეტად ვარ, ვიდრე იმპულსური.

- სიყვარული ეს...

- არის განცდა, როდესაც იმ ადამიანის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია. სიყვარულია, როცა შენი პროფესიის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია, მეგობრის გარეშე ყოფნა არ შეგიძლია. რომ ვერ ნახულობ და ცუდად ხდები. სიყვარულია, ახლა რომ ვზივარ და ჩემი მეუღლე და შვილები მენატრება, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილით სახლიდან გამოსვლამდე ერთად ვიყავით.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- მახსოვს, ღამე არ მეძინა, 15 წლის ვიქნებოდი. სახლში რომ მივედი და დასაძინებლად დავწექი, იმდენად დიდი მონატრება მქონდა, ვერ დავიძინე. შფოთი მქონდა და ეს ძალიან სასიამოვნო განცდა იყო.

- ჩემი მეუღლე...

- ძმაკაცის ქორწილში გავიცანი და ჩვენი სიყვარულის ამბავიც იმ დღიდან დაიწყო. 5 წელი შეყვარებულები ვიყავით, მერე დავქორწინდით.

- მაკვირვებენ...

- ადამიანები, რომლებიც უშვებენ, ომები აწარმოონ, ასეთი ადამიანები საერთოდ რატომ არსებობენ?! როგორ შეუძლიათ ბავშვები დახოცონ, ოჯახები ამოწყვიტონ, ხალხი გაამწარონ... მათ მიმართ დიდი აგრესია მაქვს.

- ვრისკავ...

- ხშირად. უმეტეს შემთხვევაში ინტუიციის კარნახით. ინტუიცია კი თითქმის არასდროს მღალატობს. მე არ ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი დალაგებული და საათების მიხედვით აწყობილი აქვს. ასეთი გაზომილი, მოზომილი და დალაგებული ცხოვრება არც მომწონს.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ძალიან მიმნდობი ვარ. შეიძლება ეს ადამიანის სიძლიერეზეც მიუთითებდეს, მაგრამ ზოგიერთი სისუსტედ აღიქვამს. მიმნდობი ხასიათის გამო გულისტკენა, იმედგაცრუება არაერთხელ მქონია.

- ვამაყობ...

- საკუთარი თავით. ცხოვრების იმ გზით, რომელიც გავიარე. ვამაყობ, რომ ჩემ გვერდით ბევრი ერთგული ადამიანია, კარგი მეგობრები მყავს.

- მეშინია...

- საყვარელი ადამიანების გარდაცვალების.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- რომ რაღაცები მავიწყდება. იმდენად დაკავებული ვარ და ბევრ რამეზე მიწევს ფიქრი, ზოგჯერ შეიძლება მნიშვნელოვანი თარიღიც გამომრჩეს.

- დღემდე ვერ გავბედე...

- სიმაღლიდან გადახტომა - სპეციალური ატრაქციონია, ფეხზე რეზინებს გამაგრებენ და ხტები. ამას აუცილებლად გავაკეთებ! მსახიობისთვის ემოციები და მრავალფეროვანი შეგრძნებები საჭიროა. შეიძლება დადგეს მომენტი და საქმეში გამოგადგეს.

- პიროვნული თავისუფლება...

- რთულად ასახსნელი რამ არის, მაგ­რამ ხელოვანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თავისუფალი ადამიანი ვარ, მაგრამ ბოლომდე თავისუფალი - ვერა. არსებობს ჩარჩოები, რომელსაც საზოგადოება, გარემოცვა აწესებს.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- გაჭირვებულებს დავეხმარებოდი.

- შენთვის რას გააკეთებდი?

- ზუსტად ვიცი, ფუფუნებაში არ ვიცხოვრებდი. ეს არც მომწონს და არც მიზიდავს. გაცილებით დიდ სიამოვნებას მომგვრიდა, სხვების გახარების შესაძლებლობა თუ მექნებოდა. სამყარო იმდენად გაბოროტებულია, დაუნდობელია, ჩვენ ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ, ხელი უნდა გავუწოდოთ და გავაძლიეროთ. რა დროს ფუფუნებაზეა ლაპარაკი, როცა იცი, სადღაც შენთან ახლოს ბავშვს შია.

- მენატრება...

- ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან. 18 წელია რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი ვარ, ამ წლების განმავლობაში, ძალიან ბევრი ძვირფასი ადამიანი დავკარგე, როგორც რუსთაველის, ისე თელავის თეატრიდან. მასევდიანებს მათი გახსენება, სულ მენატრებიან.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- შრომა მშველის, ბევრი საქმე საუკეთესო "წამალია". ზოგჯერ გადატვირთვას ვაკეთებ ალკოჰოლით, ეს რელაქსაციაა. რაღაცის დასასრულს აღვნიშნავ ხოლმე...

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- რუსთაველის თეატრში ახალი მისული რომ ვიყავი, ბუნებრივია არ ვიცოდი იქაური წესები. მე და ჩემს თანატოლებს უფროსი თაობის მსახიობები სულ გვესაუბრებოდნენ. არასდროს დამავიწყდება, ერთხელ მე და სანდრო მიკუჩაძემ რუსთაველის თეატრის წინ ქუჩაზე გადავირბინეთ. ჯემალ ღაღანიძემ დაგვინახა და განწირული ხმით ყვირილი დაგვიწყო, ჩემთან მოდით, საქმე მაქვსო! მივედით და გვეჩხუბა, თქვენ რუსთაველის თეატრის მსახიობები ხართ და სამაგალითოები უნდა იყოთ, ქუჩაზე გადარბენა არ შეიძლება, თავს ცუდად მოქცევის უფლება აღარ უნდა მისცეთ, დაიმახსოვრეთ, თქვენ ადამიანები გიყურებენო. იმ დღის მერე ქუჩაზე აღარ გადამირბენია.

- დაბოლოს გეტყვით...

- ადამიანებო, ერთმანეთს გავუფრთხილდეთ!

თამუნა კვინიკაძე