ყველაზე დიდმსხვერპლიანი კატასტროფა ავიაციის ისტორიაში - კვირის პალიტრა

ყველაზე დიდმსხვერპლიანი კატასტროფა ავიაციის ისტორიაში

"კვირის პალიტრა" იწყებს ახალ რუბრიკას, კატასტროფების თემაზე სტატიების ციკლის გამოქვეყნებას, რომელშიც ჩვენი გაზეთის ერთგული მკითხველი გაეცნობა ცაში, ხმელეთზე, ზღვაში, მიწის ქვეშ თუ კოსმოსში მომხდარ ყველაზე რეზონანსული ტექნოგენური ავარიებისა და კატასტროფების ისტორიებსა და იმის ანალიზსაც, თუ რა ფაქტორებმა (მათ შორის ადამიანის შეცდომებმაც) მიიყვანა საქმე ტრაგედიებამდე და შეიძლებოდა თუ არა მათი თავიდან აცილება. სტატიების ციკლში აუცილებლად იქნება გაანალიზებული საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი კატასტროფებიც.

irakli-aladashvili-1792332269.jpg

თავიდანვე ვიტყვით, რომ ყველა საავიაციო შემთხვევა, საბედნიეროდ, არ მთავრდება კატასტროფით და მათ ავარიის შეფასება ეძლევა, მაგრამ თუკი საფრენი აპარატის ავარიამ 24 საათის განმავლობაში ერთი კაციც კი შეიწირა გინდ მის ბორტზე, ცაში, და გინდაც მიწაზე ან ზღვაში, მაშინ ის ავიაკატასტროფის რანგში გადადის.

ავიაციის ისტორიას, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ 1783 წელს ძმები მონგოლფიეები საჰაერო ბურთით, ხოლო 1903 წელს ძმები რაიტები თვითმფრინავით აფრინდნენ ცაში, მრავალი ავიაკატასტროფა ახსოვს, თუმცა მათ შორის გამორჩეულია 1977 წლის 27 მარტის საავიაციო ტრაგედია, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ყველაზე დიდმსხვერპლიანი საავიაციო შემთხვევის სტატუსს, რადგან მას საერთო ჯამში 583 კაცი შეეწირა და რამდენიმე წამში სრულად განადგურდა იმ დროისთვის მსოფლიოში არსებული უდიდესი ორი სამგზავრო ლაინერი.

2-kat-1792332270.png
ავიაკატასტროფის სქემატური სურათი - Pan Am-ის "ბოინგმა" ვერ შეძლო მე-3 სამიმოსვლო ბილიკში შეხვევა მკვეთრი კუთხის გამო და მე-4 სამიმოსვლო ბილიკისკენ მიემართებოდა, როდესაც მარჯვნიდან ასაფრენად გამოქანებულმა KLM-ის "ბოინგმა" ძრავებითა და შასით მას ფიუზელაჟი ზემოდან "გადაუფატრა"...

საერთოდ, ავიაკატასტროფების გამომწვევი მიზეზებია ტექნიკური გაუმართაობა, ეკიპაჟის შეცდომა (ადამიანური ფაქტორი), მეტეოროლოგიური პირობები, გარე ზემოქმედება ან დივერსია.

თუმცა 1977 წლის 27 მარტს დატრიალებული ტრაგედია, როდესაც კუნძულ ტენერიფეზე (ესპანეთი), ლოს-როდეოსის პატარა აეროპორტში, ერთმანეთს ორი გიგანტური სამგზავრო ლაინერი - Boeing 747 (ნიდერ­ლანდური ავიაკომპანია KLM) და Boeing 747 (ამერიკული ავიაკომპანია Pan Am) შეეჯახა, საბედისწეროდ დამთხვეულ მოვლენათა ჯაჭვის საბოლოო შედეგი აღმოჩნდა და ამ ჯაჭვიდან ერთი რგოლიც რომ ამოვარდნილიყო, მსოფლიოს ავიაციის ისტორიაში ეს ყველაზე დიდმსხვერპლიანი კატასტროფა აღარ მოხდებოდა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: არც ერთ ამ თვითმფრინავს ტენერიფეზე დაჯდომა არ ჰქონდა დაგეგმილი. ორივე რეისი მიფრინავდა მეზობელ კუნძულ გრან-კანარიაზე (ლას-პალმასი), თუმცა იქაურ აეროპორტში ადგილობრივმა სეპარატისტებმა ბომბი ააფე­თქეს, რის გამოც ყველა საერთაშორისო რეისი დროებით ტენერიფეს პატარა აერო­პორტში გადაამისამართეს.

ლოს-როდეოსის აეროპორტი არ იყო მზად ამდენი გიგანტური ლაინერის მისა­ღებად. სამიმოსვლო ბილიკები თვითმფრინავებით გაიჭედა, რის გამოც ლაინერებს ასაფრენად მოსამზადებლად მთავარ ასაფ­რენ-დასაფრენ ბილიკზე უწევდათ მანევრირება.

3-kat-1792332269.png
ავიაკატასტროფიდან რამდენიმე წუთში - გადარჩენილი მგზავრები Pan Am-ის "ბოინგის" "გადაფატრული" ფიუზელაჟიდან ხტებიან და თავს გაქცევით შველიან...

ტენერიფეს ეს აეროპორტი მთებშია, სადაც ამინდი წამებში იცვლება. აფრენის წინ აეროპორტში უეცრად ჩამოწვა იმდენად სქელი ნისლი, რომ ხილვადობა თითქმის ნულამდე დაეცა. პილოტები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, ხოლო დისპეტჩერები აეროპორტის კოშკურიდან ვერც ერთ თვითმფრინავს ვერ ამჩნევდნენ (ამ აეროპორტს მაშინ არ ჰქონდა საჰაერო ხომალდების მიწაზე მანევრირების მაკონტროლებელი რადარი).

დისპეტჩერმა KLM-ის თვითმფრინავის ეკიპაჟს უბრძანა, გასულიყო ასაფრენი ბილიკის ბოლოში და დალოდებოდა ბრძანებას. იმავდროულად, Pan Am-ის რეისს დაევალა, ემოძრავა KLM-ის უკან, იმავე ბილიკზე, და მესამე გასასვლელიდან გადაეხვია სამიმოსვლო ბილიკზე, რათა გზა გაეთავისუფლებინა.

Pan Am-ის ეკიპაჟმა გამოტოვა საჭირო, მესამე გასასვლელი, რადგან უზარმაზარი "ბოინგ-747"-ით ვერ შეუხვევდა მკვეთრი კუთხით და ასაფრენ ბილიკზე მოძრაობა განაგრძო მეოთხე სამიმოსვლო ბილიკისკენ, სადაც უპრობლემოდ შეძლებდა შეხვევას.

ამ დროს KLM-ის კაპიტანმა, რომელიც ძალიან ჩქარობდა (ეკიპაჟის სამუშაო საათების ლიმიტი იწურებოდა და რეისის გადადების შემთხვევაში ავიაკომპანიას დიდი ჯარიმა დაეკისრებოდა), ჩათვალა, რომ აფრენის ნებართვა უკვე მიიღო.

და ამ გაუგებრობას საბედისწეროდ დაემთხვა ხარვეზის წარმოქმნა რადიოეთერში - როდესაც KLM-მა ძრავები აამუშავა და აჩქა­რება დაიწყო, Pan Am-ის პილოტებმა რადი­ოთი გადასცეს: "ჩვენ ჯერ კიდევ ბილიკზე ვართ!". ზუსტად იმავე წამს დისპეტჩერმა KLM-ს უთხრა: "მოემზადეთ ასაფრენად, დაგავალებთ, როცა მზად იქნებით". რადიოსადგურების ერთდროულმა ჩართვამ გამოიწვია ხაზების გადაფარვა და KLM-ის კაბინაში მხოლოდ ხრიალი და სიტყვა "ოკ" გაისმა. მისმა კაპიტანმა ჩათვალა, რომ გზა თავისუფალი იყო და თვითმფრინავის აჩქარება დაიწყო ასაფრენად, როდესაც ნისლიდან მოულოდნელად გამოჩნდა Pan Am-ის "ბოინგი".…

KLM-ის კაპიტანმა სცადა თვითმფრინავის მკვეთრად აწევა, კუდი ასაფრენ ბილიკსაც კი გაჰკრა, თუმცა სიჩქარე არ ეყო და KLM-ის შასი და ძრავები მთელი ძალით შეეჯახა Pan Am-ის ფიუზელაჟს. KLM-ის თვითმფრინავი ჰაერში აალდა, ჩამოვარდა და 300 მეტრის მოშორებით აფეთქდა, ხოლო Pan Am-ის ლაინერს ცეცხლი გაუჩნდა და ნაწილებად დაიშალა.…

ავიაკატასტროფის შედეგად KLM-ის ბორტზე მყოფი 248-ვე კაცი (234 მგზავრი და ეკიპაჟის 14 წევრი) დაიღუპა. Pan Am-ის 396 მგზავრიდან და ეკიპაჟის წევრიდან დაიღუპა 335 კაცი. გადარჩა მხოლოდ 61 (მათ შორის რეისის კაპიტანი და პირველი ოფიცერი), რომლებმაც "ბოინგის" აფეთქებამდე მოასწრეს მისი სწრაფად დატოვება.

ამ საშინელი ტრაგედიის მთავარ მიზეზებად სპეციალურმა გამოძიებამ სქელი ნისლი (ცუდი ხილვადობა), რადიოკავშირის ხარვეზები და დისპეტჩერებსა და პილოტებს შორის არასწორი კომუნიკაცია მიიჩნია - KLM-ის კაპიტანმა აფრენა შესაბამისი ნებართვის გარეშე დაიწყო იმ დროს, როდესაც Pan Am-ის თვითმფრინავი ჯერ კიდევ ასაფ­რენ ბილიკზე იმყოფებოდა, იმიტომ, რომ მისმა კაპიტანმა "ბოინგი" ასაფრენი ბილიკიდან მისასვლელ ბილიკზე დროულად არ გადაიყვანა.

გამოძიება მივიდა იმ დასკვნამდეც, რომ KLM-ის ძალზე გამოცდილი კაპიტნის დიდმა ავტორიტეტმა საბედისწერო როლი ითამაშა - აფრენის წინ ბორტინჟინრის გამოთქმული ეჭვი, რომ Pan Am-ის "ბოინგს" შეიძლება ვერ მოესწრო ასაფრენი ბილიკის გათავისუფლება, კაპიტანმა ეკიპაჟის წევრის გაფრთხილება არ შეისმინა და აფრენის პროცედურა მაინც დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება ოფიციალურად არ აღიარებდა თავისი ავიაკომპანია KLM-ის "ბოინგის" მეთაურის შესაძლო შეცდომას, თავად KLM-მა აიღო პასუხისმგებლობა და ამ ავიაკატასტროფაში დაშავებულებსა და დაღუპულთა ოჯახებს 58.000-დან 600.000 აშშ დოლარამდე კომპენსაცია გადაუხადა.

P.S. საოცარია, რომ მსოფლიოში ამ ყველაზე დიდმსხვერპლიანი ავიაკატასტროფიდან ხუთი წლის შემდეგ საქართველოს სოხუმის აეროპორტში თითქმის ერთი-ერთზე გამეორდა ტრაგიკული მოვლენები, ოღონდ ბევრად მცირე მასშტაბით - ასაფრენად გაქანებული სამგზავრო Ту ფრთის მარჯვენა კონსოლით უფრო პატარა "ტურბოლეტს" წამოედო და მისი სამგზავრო სალონი დანასავით გადაჭრა. თუმცა ეს ცალკე სტატიის თემაა.