როგორ გაანადგურა მილიონერის ფინანსური პირამიდა ჟურნალისტის უბრალო მათემატიკურმა გამოთვლამ... - კვირის პალიტრა

როგორ გაანადგურა მილიონერის ფინანსური პირამიდა ჟურნალისტის უბრალო მათემატიკურმა გამოთვლამ...

1903 წლის 15 ნოემბერს ბოსტონის პორტს გემი "ს.ს. ვანკუვერი" მიადგა. გემბანიდან 21 წლის იტალიელი ემიგრანტი, კარლო პონცი ჩამოვიდა, რომელსაც ჯიბეში სულ რაღაც ორდოლარ-ნახევარი ედო. მთელი დანაზოგი გზად, აზარტულ თამაშებში წაეგო. თუმცა, წლების შემდეგ ჟურნალისტებთან ამ დღეს ასე იხსენებდა: "ამ ქვეყანაში ჩამოვედი ჯიბეში ორ-ნახევარი დოლარით და მილიონი დოლარის იმედით, ეს იმედი კი არასდროს მტოვებდა".

ამერიკაში კარლო ჩარლზად გადაიქცა. ის უბრალო თაღლითი არ ყოფილა, იყო ქარიზმატული, საოცარი წარმოსახვის მქონე ავანტიურისტი, რომელმაც 1920 წლის ამერიკას ზუსტად ის მისცა, რაც მას სწყუროდა - სწრაფი გამდიდრების ზღაპარი!..

დიდი თაღლითობის რეპეტიცია

სანამ ბოსტონის “მეფე” გახდებოდა, პონციმ ამერიკული ოცნების არაერთი ბნელი მხარე გაიცნო და გამოცადა: მუშაობდა ჭურჭლის მრეცხავად, ოფიციანტად (საიდანაც კლიენტების მოტყუებისთვის გააგდეს) და უკეთესი ცხოვრების საძებნელად შტატიდან შტატში დაეხეტებოდა. კანადაში გადასვლის შემდეგ, მონრეალის ერთ-ერთ ბანკში მოლარედ მუშაობისას, პირველად ნახა, თუ როგორ უხდიდა ბანკის მფლობელი ძველ მეანაბრეებს მაღალ პროცენტებს ახალი კლიენტების მიერ შეტანილი თანხებიდან. საბოლოოდ ბანკი გაკოტრდა, თავად პონცი კი ჩეკის გაყალბებისთვის ციხეში აღმოჩნდა. იმის ნაცვლად, რომ იტალიაში მყოფი დედისთვის ამის შესახებ ეცნობებინა, წერილში მისწერა, თითქოს, საპატიმროში მუშაობდა. მისი კრიმინალური ოდისეა ამით არ დასრულებულა - პონციმ კანადიდან აშშ-ს საზღვარზე იტალიელი ემიგრანტების არალეგალურად გადაყვანა სცადა და კიდევ ორი წელი ატლანტის ფედერალურ ციხეში გაატარა. 1918 წელს ბოსტონში დაბრუნდა და ცოლად სტენოგრაფისტი როზა გნეკო შეირთო. 1919 წლის ბოლოს, როდესაც ბინის ქირის გადაუხდელობის გამო ავეჯის ჩამორთმევით დაემუქრნენ, ბედით თუ უბედობით, მის მაგიდაზე ესპანეთიდან გამოგზავნილი წერილი აღმოჩნდა...

საფოსტო მარკა

წერილში იდო პატარა, უწყინარი ქაღალდი - საერთაშორისო კუპონი (IRC - მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ შემოღებული სპეციალური კუპონი, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო მიმოწერისას საფოსტო გზავნილების წინასწარი გადახდის უზრუნველსაყოფად).

როგორც ცნობილია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არაერთი ევროპული ქვეყნის ვალუტა კოლოსალურად გაუფასურდა, ხოლო ამერიკული დოლარი მყარი დარჩა. პონციმ მათემატიკური სიზუსტით გამოთვალა: თუ იტალიაში ან ესპანეთში კუპონს გაუფასურებული ლირით ან პესეტით შეიძენდა, აშშ-ში ჩამოი­ტანდა და ამერიკულ საფოსტო მარკებში გადაცვლიდა, სხვაობა 400%-იან მოგებას მოუტანდა. ეს იყო სრულიად ლეგალური ფინანსური ოპერაცია. ერთადერთ პრობლემად ის რჩებოდა, რომ მილიონობით კუპონის ყიდვა, ტრანსპორტირება და განაღდება მაშინდელი ტექნიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობებით შეუძლებელი იყო. მაგრამ პონციმ იცოდა: ხალხს არ აინტერესებს ლოგისტიკა, ხალხს აინტერესებს პროცენტი! მან დააფუძნა ფასიანი ქაღალდების გადაცვლის კომპანია და ბოსტონელებს საოცარი პირობა შესთავაზა: 50%-იანი მოგება 45 დღეში, ხოლო 100%-იანი - 90 დღეში!“სრული სიგიჟე: დღეში 250.000 დოლარი

1920 წლის გაზაფხულზე ბოსტონში ნამდვილი “ციებ-ცხელება” დაიწყო: იოლი ფული რომ ეშოვათ, რიგში საათობით იდგნენ პოლიციელები, ექიმები, ქარხნის მუშები და პოლიტიკოსებიც კი.

გავრცელდა ხმა, რომ პირველმა მეანაბრეებმა დაპირებული 50%-იანი მოგება მართლაც მიიღეს! პონცის არც ერთი კუპონი არ უყიდია, ის უბრალოდ, ახალი ინვესტორების მოტანილი ფულიდან ძველებს უხდიდა. ოფისში დღეში 250.000 დოლარი შედიოდა (დღევანდელი კურსით 3.5 მილიონ დოლარზე მეტი).

აღფრთოვანებული ბრბო მას ქუჩაში ტაშს უკრავდა. ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა ისიც კი მიაძახა: კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა, მაგრამ შენ, ჩარლზ, ფული აღმოაჩინე!“

დიდება და ფუფუნება

პონციმ მასაჩუსეტსის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, ლექსინგტონში 35.000 დოლარად (დღეს მილიონ დოლარზე მეტია) უზარმაზარი ვილა იყიდა. სახლი მორთული იყო იტალიიდან ჩამოტანილი ანტიკვარული ავეჯით, ძვირფასი ხალიჩებითა და ხელოვნების ნიმუშებით. ოთახებში დაამონტაჟეს იმ დროისთვის იშვიათი და ძვირად ღირებული კონდიცირების სისტემა და ააშენეს აუზი, რომელშიც წყალი თბებოდა!

სანამ ბოსტონელების უმეტესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა, პონციმ იმ ეპოქის ყველაზე მდიდრული ავტო­მობილები შეიძინა, რომლებიც სპეციალურად მისთვის აწყობილი დეტალებით გამოირჩეოდა. ხალხის ყურადღების მისაპყრობად ოფისში ლიმუზინით დადიოდა და მხოლოდ ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ იტალიურ აბრეშუმის კოსტიუმებსა და ძვირფას პერანგებს ატარებდა.

მისი განუყრელი ატრიბუტი გახდა ოქროსბუნიკიანი ხელჯოხი და ბრილიანტის თვლებით გაწყობილი საათები. ცოლს, როზას კი, იმ დროისთვის უძვირფასესი ალმასის სამკაულები და ძვირფასი ბეწვის ქურქები აჩუქა.

"ხალხის კაცის“ იმიჯი

მისი ხელგაშლილობა მხოლოდ საკუთარი უზრუნველი ცხოვრებით არ შემოიფარგლებოდა - ის ფულს მარჯვნივ და მარცხნივ ფანტავდა: რესტორნებში ოფიციანტებს "ჩაის" სახით ასდოლარიანებს უტოვებდა! პონცი აფინანსებდა საქველმოქმედო ფონდებსაც. ასევე იყიდა ადგილობრივი ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი, რათა ფინანსურ ელიტაშიც კუთვნილი ადგილი დაემკვიდრებინა. ეს ყველაფერი კი მხოლოდ სიმდიდრით ტკბობა არ იყო - ეს საგულდაგულოდ გათვლილ მარკეტინგულ სვლას წარმოადგენდა - რაც უფრო მდიდრულად ცხოვრობდა პონცი, მით მეტად სჯეროდათ ბოსტონელებს, რომ მისი სქემა მართლაც უზარმაზარ მოგებას იძლეოდა.

"იმპერიის" დამხობა!

პონცის ფინანსური პირამიდა მაშინ შეირყა, როდესაც საქმეში პრესა ჩაერია. გაზეთ "ბოსტონ პოსტის" მიერ დაქირავებულმა ფინანსურმა ანალიტიკოსმა კლარენს ბარონმა მარტივი გამოთვლა გააკეთა: იმისთვის, რომ პონცის დაპირებული მოგება რეალურად დაეფარა, მიმოქცევაში 160 მილიონი საფოსტო კუპონი უნდა ყოფილიყო. რეალურად კი მთელ მსოფლიოში იმ მომენტში სულ რაღაც 27 000 კუპონი არსებობდა! ჟურნალისტებმა ასევე გამოქექეს მისი კრიმინალური წარსული - კანადის და ატლანტის ციხეებში გატარებული წლები...

1920 წლის აგვისტოში ოფისთან ათასობით განრისხებული მეანაბრე შეიკრიბა. პონციმ მათ ცივსისხლიანად გაუღო კარი, ყავა და დონატები დაურიგა და ნაწილს ფული უკან დაუბრუნა, თუმცა პანიკის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო... 1920 წლის 12 აგვისტოს ჩარლზ პონცი დააკავეს. მას თაღლითობის 86-პუნქტიანი ბრალდება წაუყენეს. აუდიტმა აჩვენა, რომ მისი ვალი 7 მილიონ დოლარს სცდებოდა, ხოლო რეალური აქტივები ჩალის ფასი ღირდა. პონცის თაღლითური სქემის წყალობით ექვსი ადგილობრივი ბანკი გაკოტრდა, ათასობით ოჯახი კი სრულად გაღარიბდა.

პონციმ 3.5 წელი ფედერალურ ციხეში გაატარა, ხოლო გამოსვლის შემდეგ, შტატის სასამართლოს განაჩენით, კიდევ 9 წელი იჯდა (ახალგაზრდული წლების ჩათვლით, ჯამში 17 წელი გაატარა ციხეში). თუმცა, საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ მაინც არ გაჩერდა და ფლორიდაში მიწების თაღლითურად გაყიდვა სცადა (დაჭაობებულ მიწებს ყიდდა), რის გამოც ისევ დააპატიმრეს.

1934 წელს ის იტალიაში გააძევეს, სიცო­ცხლის უკანასკნელი წლები კი ბრაზილიაში გაატარა. 1937 წელს პონცის საბო­ლოოდ დაშორდა მეუღლე როზა და ის მარტო დარჩა...

1949 წლის 18 იანვარს, 66 წლის ასაკში, ჩარლზ პონცი რიო-დე-ჟანეიროში, წითელი ჯვრის საავადმყოფოში, სრულ მარტოობასა და სიღარიბეში გარდაიცვალა. ჯიბეში მას ზუსტად იმდენივე აღმოაჩნდა, რამდენიც 1903 წელს ბოსტონში ჩამოსვლისას - პრაქტიკულად არაფერი... მან ვერ დატოვა ქონება, თუმცა, დატოვა სახელი - "პონცის სქემა", რომელიც მსოფლიოში ფინანსური პირამიდის, აფერისა და თაღლითობის სინონიმად იქცა.

შორენა ბიწაძე