ვინ ხვრეტდა ტყვეებს აფხაზეთის ომში
აფხაზეთის ომის მონაწილე ბესლან კობახია ამტკიცებს, რომ ქართველ ტყვეებს ჰუმანურად ეპყრობოდნენ და "მთელი ომის განმავლობაში ტყვეობაში არც ერთი ქართველი არ დაღუპულა". ამავე დროს, ის ქართველ სამხედროებს აფხაზი ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს. ამ ვერსიას თბილისიდან პაატა ზაქარეიშვილი უპირისპირდება. მისი თქმით, აფხაზური მხარე თავად ხოცავდა ხელებაწეულ ტყვედ ჩაბარებულ ქართველებს, ხოლო გაგრასა და სხვა ადგილებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ არაერთი დანაშაული ჩაიდინეს. ზაქარეიშვილი იხსენებს ომის მძიმე ეპიზოდებს და ამბობს, რომ "ერთი დღეც არ ყოფილა, ვინმე არ მოეკლათ", თუმცა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ზოგიერთი ფაქტის დადასტურება დღემდე ვერ მოხერხდა.
გასულ კვირას სოხუმში გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდის" რედაქტორმა ინალ ხაშიგმა ომის მონაწილე ბესლან კობახიასთან ვრცელი ვიდეოინტერვიუ ჩაწერა. საუბრის მთავარი თემები ქართულ-აფხაზური ომის დროს სამხედრო ტყვეების ბედი და ტყვეთა გაცვლის პროცესი იყო. ბესლან კობახია ომის დროს სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაცვლის აფხაზურ კომისიას ხელმძღვანელობდა, ქართულ მხარეს ამ პროცესში პაატა ზაქარეიშვილი წარმოადგენდა.
კობახიას თქმით, მთელი ომის განმავლობაში არც ერთი ქართველი ტყვე არ დაღუპულა. მეტიც, ვინც დაჭრილი იყო, მათთვის ექიმებს იწვევდნენ ან ჰოსპიტალში აწვენდნენ. ის ქართველ სამხედროებს აფხაზი ტყვეების დახვრეტაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, აბზარ გურგულია და კიდევ ცხრა კაცი ქართველებმა დაატყვევეს, უმეტესობა კი დახვრიტეს, ჯონი ძიძარია ჯერ დააჩოქეს და შემდეგ დახვრიტეს.
კობახია 1993 წლის 5 იანვარს აფხაზური მხარის უშედეგო ოპერაციის შემდეგ დაღუპული მებრძოლების ცხედრების გაცვლაზეც საუბრობს. მისი თქმით, ცხედრები ვერტმფრენით სოხუმიდან გუდაუთაში გადაიტანეს და ექიმებმა შემოწმების შემდეგ თქვეს, რომ რამდენიმე ცხედარი გადაცემამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე იყო მოკლული.
კობახია ასევე იხსენებს 1992 წლის ოქტომბერში გაგრის აღების შემდეგ გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმადაც, აფხაზებმა სტადიონზე მოკლული ქართველის მოჭრილი თავით ფეხბურთი ითამაშეს. მისი მონათხრობის მიხედვით, გაგრაში გიორგი ბარამიძისა და პაატა ზაქარეიშვილის ჩასვლისას ვლადისლავ არძინბამ მათ ამ ინფორმაციის გადამოწმება შესთავაზა. კობახიას მტკიცებით, მათ სტადიონის მიმდებარე სახლებში მცხოვრები ქართველები გამოჰკითხეს და ცნობები არ დადასტურდა.
"არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა. სიაში იყო მიხეილ ჯინჭარაძე, გაგრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ქართველი, რომელზეც ეწერა, რომ აფხაზებმა დახვრიტეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ბრძოლის დროს თავად ქართველებმა მოკლეს", - ამბობს კობახია.
კობახიას თქმით, სოხუმის აღების შემდეგ აფხაზურმა მხარემ 40 000-ზე მეტი ქართველი მშვიდობით გაუშვა სოხუმიდან: "არავის ძალადობრივად არ ვაგდებდით, პირიქით, თითოეულ ავტობუსში შევდიოდი და ვამბობდი, რომ აფხაზეთის მთავრობას არა აქვს გადაწყვეტილი ვინმეს გასახლება აფხაზეთიდან. თქვენ გინდათ წასვლა, ხოლო ჩემი ამოცანაა ეს იყოს უსაფრთხო და კომფორტული თქვენთვის".

"აფხაზები ხელებაწეულ ტყვედ ჩაბარებულ ადამიანებს ხვრეტდნენ"
პაატა ზაქარეიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - ბესლან კობახიას კარგად ვიცნობ. ომის დროს კეთილსინდისიერად იქცეოდა და ბევრი ქართველიც გადაარჩინა. როგორც მე ვცდილობდი სოხუმში აფხაზების დაცვას, ისიც ცდილობდა ქართველების დაცვას გუდაუთაში, გაგრასა და სხვა ადგილებში, სადაც აფხაზური მხარე აკონტროლებდა სიტუაციას. თუმცა, რასაც ახლა ქართველების დანაშაულებზე ჰყვება, აბსოლუტური უმრავლესობა სიმართლეს არ შეესაბამება.
აფხაზური მხრიდან იყო უამრავი დანაშაული - ძალადობა, დახვრეტა. გაგრის აღების დროს ხალხი სახლებიდან გამოჰყავდათ და ქუჩაში ხვრეტდნენ. როდესაც გაგრაში ჩავედი, ქუჩებში გვამები აღარ ეყარა, რადგან ბევრი უკვე დამარხული იყო. მოგვიანებით ჩვენ ვმუშაობდით მათ გადმოსვენებაზე. სერიოზული კვლევა ჩაატარა ანზორ ბალუაშვილმა, 27 ტომია გამოქვეყნებული, აფხაზების დანაშაულებზე საშინელი ფაქტებია მოყვანილი. თუმცა ისეთი ამბებიც არსებობს, რომლის დადასტურება დღემდე ვერ მოხერხდა. მაგალითად, გაგრის აღების შემდეგ სტადიონზე ქართველის მოჭრილი თავით ფეხბურთი რომ ითამაშეს. ვიცით, პირველად 200-250 კაცი აიყვანეს და სტადიონზე მართლა შეკრიბეს გარკვეული რაოდენობა, თუმცა დღემდე არავინ გამოჩენილა, ვინც იტყოდა, რომ თავად შეესწრო ამ ფაქტს, ამიტომ ამ ეპიზოდს ვერც უარვყოფ და ვერც ვადასტურებ.
რასაც კობახია ამბობს, რომ ტყვეთა ბანაკებში ქართველებს არ ხვრეტდნენო, სიმართლეა. თუმცა ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ბრძოლის დროს აყვანილი ტყვე და ადამიანი, რომელიც უკვე ტყვეთა ბანაკშია. სამწუხაროდ, ბრძოლის დროს აყვანილ ტყვეებს ხშირად ხვრეტდნენ. ტყვეთა ბანაკებში კი ადამიანებს არ ხვრეტდნენ არც ქართულ და არც აფხაზურ მხარეს. ჩვენ აფხაზ ტყვეებსაც ვმკურნალობდით. ბანაკებში გადაყვანილ ტყვეებს შს სამინისტროს სამსახურები იცავდნენ. ამიტომ ჩემი ამოცანა იყო ტყვეები რაც შეიძლება სწრაფად გადაგვეყვანა ბანაკებში, სადაც მათი უსაფრთხოება იქნებოდა დაცული.
გია ბარამიძის ნათქვამი, რომ ქართულ მხარეს ტყვეებს უფრო ხშირად ხვრეტდნენ, ვიდრე აფხაზურ მხარეს, გაუგებარია. აფხაზები ჩვენზე მეტად ბევრს ხვრეტდნენ, ამის უამრავი ფაქტი გვაქვს, თავად აფხაზების გადაღებული არაერთი მძიმე კადრიც. მაგალითად, ჟიული შარტავასა და მისი გარემოცვის მკვლელობა. ისინი ტყვედ აიყვანეს, მანქანაში ჩასხეს და გუდაუთისკენ მიჰყავდათ, მაგრამ გზაში სხვა პირებმა შეაჩერეს და დახვრიტეს. ეს კლასიკური მაგალითია ტყვედ აყვანილების დახვრეტის.
არსებობს სოხუმის დაცემის დღეს გადაღებული კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ გამოდიან ადამიანები შენობიდან ხელებაწეულები, უიარაღოდ და მათ ხვრეტენ. ეს კადრები თავად აფხაზური მხარის წარმომადგენლებს აქვთ გადაღებული. ამაზე რატომ ხმას არ იღებს ბესლან კობახია? ვიმეორებ, აფხაზები ქართველებზე მეტ ადამიანს ხვრეტდნენ, რადგან ისინი ტერიტორიებს იკავებდნენ. ჯერ აიღეს გაგრა და მიმდებარე სოფლები, შემდეგ სოხუმი და ოჩამჩირის რაიონის სოფლები. არ ვიცი, როგორ მოიქცეოდნენ ქართველები, ჩვენც რომ აგვეღო დასახლებული პუნქტები, მაგრამ იმ დანაშაულებს, რაც არ ჩაუდენიათ, ხომ ვერ დავაბრალებთ? ამიტომ არ შეიძლებოდა გია ბარამიძეს დაუზუსტებელი განცხადებები გაეკეთებინა. ახლა ამას აფხაზური მხარე სპეკულაციისთვის იყენებს. თუმცა ბარამიძის ღალატის ბრალდებით გასამართლებაც არ შეიძლება, არასწორი მოსაზრების გამო ადამიანის დაპატიმრება დაუშვებელია.
- აფხაზური მხარის მტკიცებით, 1993 წლის 5 იანვრის ბრძოლის შემდეგ ქართულმა მხარემ მათ ცხედრები გადასცა და მათგან რამდენიმე ერთი საათის წინ იყო მოკლული. იყო ასეთი შემთხვევა?
- ეს ცხედრები ბრძოლის დასრულებიდან ერთი ან ორი კვირის შემდეგ გადავეცით და დარწმუნებით ვამბობ, რომ ეს ტყუილია. ახალმოკლული ცხედრები არასდროს არავის გადაუცია.
კარგი იქნებოდა, ბარამიძის განცხადების შემდეგ ჟენევის ფორმატში საკითხი დაყენებულიყო და შექმნილიყო კომისია, რომელიც ყველა ასეთ შემთხვევას შეისწავლიდა. აფხაზურმა მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, მოწმეები უნდა დაიკითხონ და ფაქტები გადამოწმდეს. მე გაცილებით მძიმე ამბებიც ვიცი, მაგრამ ყველაფერს ვერ მოვყვები, ჭორაობა რომ არ გამომივიდეს.
- ბესლან კობახია ამბობს, რომ გაგრაში ჩასვლისას თქვენც ნახეთ, რომ მოსახლეობის დახვრეტისა და სახლების გადაწვის შესახებ ცნობები არ დასტურდებოდა. სინამდვილეში რა ვითარება დაგხვდათ გაგრაში?
- გაგრა 1992 წლის ოქტომბერში აიღეს, მე კი 7 ნოემბერს ჩავედი. ტყუილია, რომ ყველაფერი წესრიგში იყო. გაგრის მაშინდელი მმართველის იაზიჩბას მანქანით მივდიოდით. გზაში სახლი დავინახეთ, საიდანაც კვამლი ამოდიოდა. იაზიჩბამ დარეკა და გვითხრა, რომ მიტოვებულ სახლებს კრიმინალები წვავდნენ. უკან დაბრუნებისას ეს სახლი მთლიანად გადაბუგული დაგვხვდა. იაზიჩბამ ჯინჭარაძის ოჯახშიც მიგვიყვანა. მისი შვილი დღეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარეა. ჯინჭარაძის დედამ გვითხრა, რომ მისი შვილი ქართველებს არ მოუკლავთ, ის ქართულ მხარეს იბრძოდა და ბრძოლაში დაიღუპა. შემდეგ კი აფხაზურმა მხარემ ოჯახს საშუალება მისცა ცხედარი ღირსების დაცვით დაეკრძალა. თუმცა ეს შემთხვევა არ ნიშნავს, რომ ყველას ასე კარგად ექცეოდნენ.
- დევნილები ჰყვებიან წამებაზე, გაუპატიურებაზე, სასტიკ მკვლელობებსა და ცხედრების შეურაცხყოფაზე. ზოგიერთი განსაკუთრებით მძიმე შემთხვევის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია, მათ შორის ადამიანების გატყავებაზე. თქვენ რა იცით ამ ფაქტების შესახებ? რატომ ტოვებდა მოსახლეობა აფხაზეთს?
- გაგრიდან და სოხუმიდან ხალხი გარბოდა, რადგან იქ დარჩენა საშიში იყო. კვირა არ გავიდოდა, რომელიმე სოფელში ვინმე არ მოეკლათ. ზოგჯერ ადამიანს იმიტომ კლავდნენ, რომ მისი შვილი ქართულ მხარეს იბრძოდა, ზოგჯერ კი ძარცვისა და სხვა მიზეზების გამო. არ მინდა ყველა აფხაზს მკვლელის იარლიყი მივაკერო. ეს არასწორი იქნება. ზოგიერთი აფხაზი ქართველ მეზობლებს იფარებდა და შემდეგ უსაფრთხო ადგილას გაჰყავდა, მაგრამ ასეთი შემთხვევა თითო-ოროლა იყო. უმრავლესობას კი სახლის დატოვება სიძულვილის, შეურაცხყოფისა და იძულების პირობებში უწევდა. მე თვითონ გამომყავდა ხალხი სოფლებიდან - ალახაძიდან, ლიძავიდან, ბზიფის ხეობის სოფლებიდან, ლიხნიდან და სხვა ადგილებიდან. გაუპატიურების ფაქტებიც იყო. ზოგიერთი შემთხვევა აღწერილია, თუმცა ყველა მათგანი დადგენილი არ არის. უნდა გვესმოდეს, რომ სექსუალური ძალადობის შესახებ საუბარი მსხვერპლისთვის ხშირად ძალიან რთულია. რაც შეეხება განსაკუთრებით სასტიკ ამბებს, მაგალითად, ადამიანის ცოცხლად გატყავებასა და სხვა მსგავს ფაქტებს, ასეთი ისტორიები მსმენია, მაგრამ ყველა მათგანის დადასტურება არ შემიძლია. არ ვამბობ, რომ მსგავსი რამ გამორიცხულია. ვამბობ მხოლოდ იმას, რაც დადასტურებულია და რასაც თვითმხილველი ჰყვება, რომ თავად შეესწრო.
ეკატერინე ბასილაია