ვინ მოიგებს და წააგებს 21-23 ოქტომბერს?! - კვირის პალიტრა

ვინ მოიგებს და წააგებს 21-23 ოქტომბერს?!

21, 22 და 23 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დააკმაყოფილებს თუ არა "ქართული ოცნების" სარჩელს და აკრძალავს თუ არა ხუთ პარტიას: "ნაცმოძრაობას", "კოალიცია ცვლილებებისთვის", "ფედერალისტებს", "გახარია საქართველოსთვის" და "ლელოს". საზოგადოების ნაწილში გაჩნდა განცდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე "წინასწარ" აქვს მიღებული. ეს ეჭვები გააძლიერა მანანა კობახიძის წასვლამ საკონსტიტუციო სასამართლოდან - არ ისურვა ამ პროცესში მონაწილეობაო. ძალიან დიდი იმედი გვინდა გვქონდეს, რომ გადაწყვეტილება წინასწარ არ არის დაწერილი, რადგან მაშინ უკვე სალაპარაკოც არაფერია.

მოდი, განვიხილოთ, "ქართული ოცნების" სარჩელი და შევეცადოთ გამოვიცნოთ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო. მოკლე შინაარსი ასეთია: ხუთივე პარტია მოქმედებდა როგორც ერთიანი ორგანიზმი, რომლებმაც ხუთჯერ სცადეს რევოლუციის მოხდენა. ასევე, ისინი ითხოვენ უცხოეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოსა და ხელისუფლების "დასჯას", რათა საქართველოს მოქალაქეებში დაგ­როვდეს უკმაყოფილება და ისინი დაუპირისპირდნენ კანონიერ ხელისუფლებას, ეს კი, მოსარჩელეების აზრით, საბოტაჟია.

საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სარჩელში აღნიშნულია: "მოსარჩელე მხარის პოზიციით, კონსტიტუციური სარჩელით წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის როგორც საშინაო-პოლიტიკურ, ისე საგარეო-პოლიტიკურ ლეგიტიმაციას და, შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას. მოსარჩელის განმარტებით, ამით აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს.

მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, ზემოხსენებული პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციური მიზნების ერთიანობას ადასტურებს შემდეგი გარემოებები: ისინი საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ ორგანოებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებულ საბოტაჟში, წლების განმავლობაში თვისებრივად ერთნაირი პოზიციით წარმოჩნდებოდნენ, ქმნიდნენ საერთო მისწრაფებით მოქმედ კოალიციურ ერთობას და დღესაც ასე მოქმედებენ; აღნიშნული პოლიტიკური პარტიების ყოფილი ან მოქმედი ხელმძღვანელი პირები "ნაციონალური მოძრაობის" ან მისი მონაწილეობით შექმნილი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ იქნენ სხვადასხვა მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრებად, "ნაციონალურ მოძრაობაში" მათ ეკავათ სხვადასხვა პარტიული თანამდებობა, "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის მართვის პერიოდში (2004-2012 წლებში) მათ ეკავათ სხვადასხვა მნიშვნელოვანი თანამდებობა (მათ შორის, პოლიტიკური თანამდებობა, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა) ან/და იმავე პერიოდში "ნაციონალური მოძრაობა" მათი ხელშეწყობითა და მონაწილეობით ადამიანის უფლებების ხელყოფას ახორციელებდა", - აღნიშნულია სარჩელში.

ეს ეპიზოდი ეხება გიგა ბოკერიას, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიასა და სხვებს, რომლებსაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ეკავათ მაღალი თანამდებობები. სხვა მხრივ, უშუალოდ "ფედერალისტებზე" ან "კოალიცია ცვლილებებზე", როგორც ცალკე აღებულ პარტიებზე, საუბარი არ არის. მის მიხედვით ვამბობთ "ნაცმოძრაობას" და ვგულისხმობთ ბოკერიასაც და გვარამიასაც.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით ზემოხსენებულ სარჩელში კიდევ არის წარმოდგენილი შემდეგი არგუმენტები: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა პენიტენციარულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა წამებისა და მათ მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სისტემა... 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კი მოსარჩელე განმარტავს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2004 წლიდან გეგმაზომიერად და თანამიმდევრულად განახორციელა რიგი ქმედებები და ღონისძიებები, რომლებმაც ხელი შეუწყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, არამედ საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებასაც".

კარგი, "ნაციონალურ მოძრაობაზე" გავიგეთ. თუმცა საინტერესოა, რას ედავებიან გახარიას პარტიასა და "ლელოს", მით უმეტეს, მაშინ, როცა არც გახარიას და არც ხაზარაძე-ჯაფარიძეს "ნაცმოძრაობის" მმართველობისას არანაირი თანამდებობები არ ჰქონდათ.

გიორგი გახარიას ედავებიან სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობას, მათ შორის "ქართული ქარტიის" ფარგლებში. მოსარჩელეების ლოგიკით, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ცდილობდა ოპოზიციური პარტიები გარშემო შემოეკრიბა, ეს ნიშნავდა, რომ ყველა პარტია "ერთიანი ორგანიზმივით" მოქმედებდა, მათ შორის გახარია. ყოფილი პრემიერის პარტიას ასევე ედავებიან 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ჩხოროწყუს, წალენჯიხის, რუსთავის, ზუგდიდისა და სენაკის საკრებულოებში "ნაცმოძრაობასთან" კოალიციას (საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები აირჩიეს; 2019 წლის ივნისის მოვლენებს; 2021 წლის თებერვალში თანამდებობიდან წასვლის პერიპეტიებს, რამაც მოსარჩელეთა აზრით, ხელი შეუწყო ნიკა მელიას უკანონო ქმედებებში.

რაც შეეხება "ლელოს" - ეს პარტია სარჩელის აღწერილობით ნაწილში, რომელიც რაიმე ქმედებას ეხება, მხოლოდ ერთხელ არის მოხსენიებული: "მსგავსი კოალიციური ერთობის (იგულისხმება "ნაცებისა" და გახარიას ზემოხსენებული კოალიცია - ავტ.) შექმნის შემთხვევებს მიეკუთვნება აგრეთვე პოლიტიკური პარტიების - "გახარია საქართველოსთვის" და "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" - მიერ მუნიციპალიტეტების ორგანოების 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება, რომლითაც ამ პარტიებმა უარი თქვეს ერთმანეთის საარჩევნო კონკურენციაზე და მიზნად დაისახეს საერთო საარჩევნო კანდიდატების წარდგენა და პოლიტიკური პარტიის "ქართული ოცნების" საწინააღმდეგო ერთობლივი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება. როგორც მოსარჩელე მხარე მიუთითებს, "მათ ეს შეთანხმება სისრულეშიც მოიყვანეს".

ეს "სისრულეში მოიყვანეს", ალბათ, დავით სოკოლოვის ხმით უნდა წავიკითხოთ. ხუმრობა იქით იყოს და, თქვენი მონა-მორჩილის სუბიექტური აზრით, ეს უფრო პოლიტიკურ მოხსენებას ჰგავს, ვიდრე სარჩელს, განსაკუთრებით "ლელოსა" და გახარიას პარტიის ნაწილში. კერძოდ, ძალიან მწირი არგუმენტებია იმის დასადასტურებლად, რომ ხაზარაძისა და ყოფილი პრემიერის პოლიტორგანიზაციები "ნაცმოძრაობასთან" ერთად მოქმედებდნენ, როგორც ერთიანი ორგანიზმი.

ის, რომ გახარიაზე საქმეებია აღძრული, რამდენად გამოდგება პარტიის აკრძალვის არგუმენტად, გაუგებარია. მაშინ ეს "ქართულ ოცნებასაც" ეხება, რადგან პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ციხეში ზის. ასევე, ქვეყნის კონსტიტუციითაც და კანონმდებლობითაც პარტიებს აქვთ სრული უფლება, რომ კოალიცია ვისთანაც უნდათ, იმასთან შექმნან და მოაწერონ ხელი ნებისმიერ მემორანდუმსა და დოკუმენტს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. "ქართული ქარტია" არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, რადგან იქ არც დამხობაზეა საუბარი და არც რევოლუციებზე. ეს არის გულუბრყვილო (დღევანდელი გადასახედიდან) სურვილების ჩამონათვალი. არც სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობა ითვლება დანაშაულად - მაშინ, დაუყოვნებლივ უნდა დაეწყო პროკურატურას გამოძიება.

რაც შეეხება "ლელოსა" და გახარიას პარტიის კოალიციას 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჯერ ერთი, როგორც ზემოთ ვთქვით, კოალიციის შექმნა აკრძალული არ არის; მეორე - ორი ოპოზიციური პარტია ალიანსს მმართველი პარტიის წინააღმდეგ შექმნიდა, აბა, სასარგებლოდ ხომ არა?

რაც შეეხება "ფედერალისტებს" და "კოალიცია ცვლილებებისთვის". ამ პარტიის ლიდერები, როგორც ზემოთ ვთქვით, იმ ხალხს მიეკუთვნებიან, რომელთაც "ნაცმოძრაობის" დროს მაღალი თანამდებობები ეკავათ - თუ მათ პასუხი უნდა აგონ იმისთვის, რასაც სჩადიოდა "ნაცმოძრაობა", მაშინ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ კონკრეტულ ფიგურებს. აგერ გიგა ბოკერია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არც დაუბარებიათ. თუ ვინმე რევოლუციას გეგმავდა "ნაცმოძრაობასთან" ერთად, მაშინ აქაც კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაა.

ანუ სამართალი მუშაობს ასე - პოლიტიკოსი, ინჟინერი თუ ავტობუსის მძღოლი სჩადის დანაშაულს და მან ამისთვის პერსონალურად უნდა აგოს პასუხი. პარტიების აკრძალვა ძალიან მასშტაბური ამბავია და ცივილიზებულ ქვეყნებში აკრძალულები არიან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ქადაგებენ ტერორიზმს, რადიკალურ ისლამიზმს, ნაციზმს თუ ათასგვარ გიჟურ იდეებს.

რაც შეეხება "ნაცმოძრაობას"... გამომდინარე იქიდან, რომ ამ პარტიის ლიდერებმა ჭკუა ვერ ისწავლეს, ვერც ვერაფერი გადააფასეს და არც მოინანიეს. დიახ, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი ტანზე ნამდვილად არ შემოიხევს, თუ ეს პარტია აიკრძალება.

თუმცა მთელ ამ ამბავს იმ კუთხით უნდა შევხედოთ, თუ რას მოიტანს ეს ქვეყნისთვის. კერძოდ, პარტიების აკრძალვით კიდევ უფრო დიდი ნაპრალი გაჩნდება თბილისსა და ევროკავშირს შორის, სადაც ამ აქტს აუცილებლად აღიქვამენ ანტიდემოკრატიულად და ურთიერთობების დარეგულირება გაურკვეველი ვადით გადაიწევს. ამას არ მიესალმებიან არც აშშ-ში (მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპია) და ურთიერთობების აღდგენა, პირველ რიგში კი სტრატეგიული პარტნიორობის განახლება, უფრო დიდი ხნით დაპაუზდება.

საბოლოო ჯამში, კიდევ უფრო გამძაფრდება საფრთხე, რომ საქართველო "გაირიყოს" დასავლეთის თვალთახედვიდან, აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი პოლიტიკური თუ ეკონომიკური შედეგიდან.

შიდა პოლიტიკაში კი ბევრს არაფერს შეცვლის. ოპოზიციის რეიტინგიდან გამომდინარე, ქუჩები ნამდვილად არ აივსება ხალხით, პოლიტიკოსები კი ჩვეულებრივ ივლიან ტელეეთერებში და უკვე მთავარი თემა ის იქნება, რა საშინელებაა ამ პარტიების აკრძალვა.

პ.ს. დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ხუთივე პარტია არ აკრძალოს, მაგალითად, გახარიას პარტია და "ლელო". თუმცა ვნახოთ...

გიორგი კვიტაშვილი