„საბაჰი“ - ხვალ შეიძლება იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე გვგონია - კვირის პალიტრა

„საბაჰი“ - ხვალ შეიძლება იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე გვგონია

აზერბაიჯანულად სიტყვა "საბაჰი" ნიშნავს "ხვალ", აზერბაიჯანული ფეხბურთის "ხვალინდელი დღე" კი ნამდვილ ზღაპარს ჰგავს. კავკასიას ბევრი რამ აერთიანებს - მთები, ისტორია, კულტურა და ფეხბურთი, რომელსაც შეუძლია ადამიანებს შორის საზღვრები 90 წუთით მაინც გააქროს. საქართველოში "იბერია" ევროპისკენ მიიწევს, აზერბაიჯანში კი "საბაჰი", ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს.

ორი მეზობელი ქვეყანა, ორი განსხვავებული და ორი წარმატების ისტორია, რომელსაც ერთმანეთთან შედარება არ მოუხდება.…

2017 წელს აზერბაიჯანში დაარსებულმა საფეხბურთო კლუბმა "საბაჰმა" ადგილობრივ ფეხბურთში ეტაპობრივად გაიკაფა გზა და მთავარი მწვრთნელის ვალდას დამბრაუსკასის ხელმძღვანელობით, ქვეყნის ჩემპიონატისა და თასის მოგებით დუბლი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ადგილი "საბაჰმა" ისრაელის "ჰაპოელ ბეერ-შევას" წინააღმდეგ მოიპოვა. ორმატჩიან დაპირისპირებაში აზერბაიჯანულმა კლუბმა საერთო ანგარიშით 6:4 გაიმარჯვა. "საბაჰმა" დამატებითი დროის დანიშვნას თელურ მუტალიმოვის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი ბურთით მიაღწია, ხოლო საპასუხო შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 5:2 დაამარცხა.

"საბაჰი" აზერბაიჯანის ისტორიაში მხოლოდ მეორე კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე გასვლა შეძლო, "ყარაბაღის" შემდეგ. ასევე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა კლუბია.

"მანჩესტერ იუნაიტედთან" "ოლდ ტრაფორდზე" ჯგუფური ეტაპის სადებიუტო მატჩში, რომელიც "საბაჰმა" 0:4 წააგო, მოედანზე სასტარტო შემადგენლობის 11-ვე ფეხბურთელი სხვადასხვა ეროვნებას წარმოადგენდა. ეს ტურნირის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.

13 ოქტომბერს "საბაჰმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა - ბაქოს სტადიონზე ჩეხური "სლავია პრაღა" 2:0 დაამარცხა.

აზერბაიჯანულ ფეხბურთში უდიდესი პროგრესია, რაც შედეგებითაც მტკიცდება. 2017 წელს დაარსებულ გუნდს მხოლოდ 9 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ გულშემატკივრისთვის საკუთარ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული ჰიმნი გაეჟღერებინა. ეს არის უდიდესი შრომის, დეტალების სწორად გაანალიზებისა და, ალბათ, ოდნავ იღბლით განპირობებული, მაგრამ გამარჯვებულებს არ განსჯიან, არც უსამართლოდ გამარჯვებულს და მით უმეტეს, იღბლიანებს - იღბალი მხოლოდ ხომ ძლიერების მხარესაა.

2017 წელს აზერბაიჯანში დაარსებული "საბაჰი" დღეს ჩემპიონთა ლიგის სცენაზე დგას. კლუბმა, რომელმაც ევროპულ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები რამდენიმე წლის წინ გადადგა, დაამტკიცა, რომ ისტორიის შესაქმნელად საუკუნოვანი ტრადიციები აუცილებელი არ არის. 2026 წლის 13 ოქტომბერს მან ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გამარჯვებაც მოიპოვა.

"იბერია 1999"-მა კონფერენს-ლიგაზე გასვლით ქართულ ფეხბურთს კიდევ ერთი ევროპული თავგადასავალი აჩუქა. ეს მხოლოდ ერთი კლუბის წარმატება არ არის - ეს იმის დასტურია, რომ ჩვენს რეგიონში ფეხბურთს ჯერ კიდევ ბევრი დაუსრულებელი ისტორია აქვს და წინ დიდი გამარჯვებების იმედი უნდა გვქონდეს. იმედია, მოვა დრო, როდესაც მხოლოდ "იბერიის" ევროტურნირებზე გასვლით კი არ ვიქნებით ბედნიერი, არამედ ჯანსაღად "გავაკრიტიკებთ" სხვა ქართულ გუნდებს, რომლებიც ვერ მოახერხებენ ევროტურნირებზე გასვლას. წარმოიდგინეთ ათწლეულების "დინამო თბილისის" ხანში შესული გულშემატკივარი, რომელიც ერთ დღეს ნახავს ჩემპიონთა ლიგის მატჩის აფიშას, სადაც ეწერება: "23:00, "დინამო თბილისი" - გორის "დილა".…

"საბაჰი" დღეს აზერბაიჯანული ფეხბურთის ხვალინდელი დღის სიმბოლოა, "იბერია" კი გვახსენებს, რომ საქართველოს ფეხბურთის მომავალიც აუცილებლად უნდა გაბრწყინდეს.

ევროპაში ადგილის დასამკვიდრებლად აუცილებელი არ არის იყო ყველაზე დიდი. მთავარია, გჯეროდეს, რომ შენი ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი შეიძლება იყოს.

ნიკოლოზ თევდორაშვილი