ზელენსკის დილემა: შეძლებს თუ არა კიევი ომის გასაგრძელებლად ფულის შოვნას?!
ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign Policy) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შეუძლია თუ არა უკრაინას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფა? ბოლო დრომდე უკრაინა ევროპის მხარდაჭერას ეყრდნობოდა, თუმცა ახლო მომავალში სიტუაცია ამ მხრივ შეიძლება გართულდეს“ (ავტორი: სემ სქოუვი).
უკრაინას თავდაცვის ბიუჯეტის უმწვავესი დეფიციტი ელოდება. კიევს ევროკავშირისაგან ფულით დამატებით ვადამდელ უზრუნველყოფა სურს, მაგრამ ბრიუსელი მისგან სანაცვლოდ ანტიკორუფციული ზომების მიღებას ითხოვს. გარდა ამისა, ევროპაში არჩევნები (გერმანიაში, საფრანგეთში...) სიტუაციას უკრაინის სასარგებლოდ არ შეცვლის - დახმარება კი არ გაიზრდება, საერთოდ შეიძლება შეწყდეს, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
ოქტომბერი უკრაინისათვის არასასიამოვნო მოვლენებით მდიდარი გამოდგა - ქვეყნის თავზე შავი ღრუბლები ნელ-ნელა იკრიბებიან: კიევს საბიუჯეტო დეფიციტი ელოდება და თანაც - ათობით მილიარდი დოლარით, თუ უკრაინა რეფორმებს არ გაატარებს, რომელიც ფინანსური დახმარების გაგრძელებისთვისაა აუცილებელი. ანუ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს, ოსტატურად წარმართოს ქვეყნის კურსი ისე, რომ უცხოეთიდან სამხედრო დაფინანსება მიიღოს.
ექსპერტების ვარაუდით, უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს საფუძველი, დასავლეთის დახმარების იმედი ჰქონდეს. „ვფიქრობ, სერიოზული ევროპული მხარდაჭერა გაგრძელდება, თუმცა ისეც არ უნდა ვიფიქროთ, რომ კიევის ნებისმიერი მოთხოვნა დაკმაყოფილდება და პროგრამების შესრულება გარანტირებული იქნება“, - ამბობს სერგეი ცივკაჩი, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს UkraineInvest-ის ყოფილი ხელმძღვანელი.
უკრაინის ბიუჯეტი დიდი ხანია, წნეხის ქვეშ არის: 2022 წლის ბოლოს მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) მოცულობა თითქმის 30%-ით შემცირდა, სამხედრო ტექნიკაზე და სამხედრო მოსამსახურეების ხელფასზე კი ხარჯები 640%-ით გაიზარდა. თუმცა აშშ-ის, ევროპისა და სხვა მოკავშირეების ფინანსური დახმარების წყალობით, უკრაინა წლიდან წლამდე „ტივტივებდა“ და არ იძირებოდა. შეიძლება ითქვას, რომ კიევი ბიუჯეტის საკუთარი შემოსავლებით შევსებაზე მაინცდამაინც არ ზრუნავდა და სხვების იმედად იყო, მაგრამ....
აგვისტოში უკრაინელმა ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ მათ თავდაცვის ხარჯებისათვის დაუყონებლივ სჭირდებოდათ დამატებით 27 მილიარდი დოლარი. ამ განცხადებამ ევროპელი მოკავშირეები, რომლებმაც უკრაინის დახმარება, აშშ-ის უარის შემდეგ, საკუთარ თავზე აიღეს, შოკში ჩააგდო. უკრაინელები ირწმუნებიან, რომ ბიუჯეტში ხვრელი მას შემდეგ გაჩნდა, როცა გადაწყდა, სამხედროებს ხელფასი მომატებოდათ და დრონები შეესყიდათ. მოგვიანებით კიევი შეეცადა ხარჯების მკაცრად დაზოგვას და დეფიციტი 20 მილიარდ დოლარამდე შეამცირა.
დარჩენილი თანხის დეფიციტის დასახურად ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირს მოუწოდა, რომ ფული ვადამდე მიეწოდებინა იმ კრედიტიდან, რომელიც 2027 წლისათვის არის განკუთვნილი. ბრიუსელმა ჯერ ყოყმანი დაიწყო, შემდეგ კი უკრაინაზე ზეწოლა განახორციელა და განაცხადა, რომ კიევმა ჯერ ანტიკორუფციული და საგადასახადო კანონმდებლობა უნდა გააუმჯობესოს და შემდეგ უკვე - დაპირებული 38 მილიარდი დოლარის მიცემაზე ვიფიქრებთო. ამ მოთხოვნამ უკრაინაში ამას წინათ მომხდარი და ჯერ კიდევ მიმდინარე კორუფციული სკანდალის ფონზე გაიჟღერა, რომელშიც პრეზიდენტის გარემოცვის წარმომადგენლები და პარლამენტის დეპუტატები არიან გარეულნი.
უკრაინის პარლამენტში უკვე შეტანილია ანტიკორუფციული და საგადასახადო კანონპროექტები, გასულ კვირას კი ვერხოვნა რადამ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მიიღო, რის შედეგადაც ევროკავშირმა თანხების ნაწილის განბლოკვა მოახდინა. მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, გატარდება თუ არა ბოლომდე მოთხოვნილი რეფორმები და თუ არ გატარდება, როგორი იქნება ბრიუსელის პასუხი. თავის მხრივ, უკრაინელი საზოგადოება კორუფციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. სექტემბერში ჩატარებულ გამოკითხვაში რესპოდენტთა 50%-მა კორუფციის ალაგმვა უპირველეს ამოცანად ჩათვალა - რუსეთის შეტევებზე მეტად - იმიტომ, რომ კორუფცია ქვეყანას შიგნიდან ხრავს და ასუსტებს. რა თქმა უნდა, თუ ქვეყანა სუსტია, ის ვერც მტერს გაუწევს წინააღმდეგობას. და მაინც, უკრაინელი ჩინოვნიკები მაინცდამაინც არ ჩქარობენ რეფორმების განხორციელებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციას, სხვათა შორის, პარლამენტთან ბოლო დროს საერთო ენის გამონახვა უჭირს - ალბათ, ზელენსკის გუნდში მომხდარი ცვლილებების გამო.
„პრეზიდენტის ოფისი შესაძლოა, ვარაუდობს, რომ [ევროკავშირის მოთხოვნის] ნაწილობრივი შესრულება მთლიან შესრულებად ჩაეთვლება“, - ამბობს ელენა პროკოპენკო, ანალიტიკური ცენტრის German Marshall Fund-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - „მაგრამ, ჩემი აზრით, ასეთი მიდგომა თამაშს ჰგავს და ძალიან სახიფათოა“.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა ბიუჯეტის დეფიციტის ორმოდან ამოსვლას მოახერხებს, რუსეთის შეტევებისა და ევროკავშირის მოთხოვნების ერთობლიობა იმას მიანიშნებს, რომ საბიუჯეტო პრობლემები არ ამოიწურება [და მომავალ წლებშიც გაგრძელდება - ალბათ, ბევრად უფრო მწვავე სახით].
კიევის ეკონომიკური სკოლის მონაცემების თანახმად, უკრაინის 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უკვე გათვალისწინებულია საკმაოდ არასასიამოვნო (რბილად თუ ვიტყვით) დეფიციტი, 32,6 მილიარდი დოლარის ოდენობით. სამწუხაროდ, ბიუჯეტს აქედანვე პრობლემები უჩნდება, რადგან რუსეთი ურტყამს და აზიანებს დიდი საბიუჯეტო შემოსავლების შემტან ისეთი დარგების ობიექტებს, როგორებიცაა მეტალურგიული მრეწველობა, სოფლის მეურნეობა და საზღვაო კომუნიკაციები (ნავსადგურები, რომლებითაც მარცვლეულის გაყიდვა-ექსპორტი ხდება). უკრაინის მთლიანი შიდაპროდუქტი, მსოფლიო ბანკის პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წლის შედეგებით მხოლოდ უმნიშვნელოდ - 1,2%-ით და მომავალ წელს - მხოლოდ 1,5%-ით მოიმატებს.
დიდი ალბათობით, სანამ უკრაინელი დეპუტატები ბიუჯეტს მიიღებენ და დაამტკიცებენ, სიტუაცია უფრო გაუარესდება: „როგორც კიევის ეკონომიკის სკოლის მოხსენებაშია ნათქვამი, რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევებითა და ქარხანა-ფაბრიკების, ასევე, სხვა სამრეწველო ობიექტების დაბომბვით, უკრაინაში სამუშაოს დაკარგავს 450 ათასი ადამიანი, შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლები 4,9 მილიარდი დოლარით შემცირდება. ვფიქრობ, საომარი მოქმედებები სულ უფრო გაძვირდება და მეტ ფულს მოითხოვს“, - აღნიშნავს ელენა პროკოპენკო.
ამასობაში რუსეთის შემოსავლები ენერგორესურსების გაყიდვით, მათ შორის ტრამპ-პუტინის „დიზელის გარიგებით“, იზრდება და კრემლის ბიუჯეტში შესული ფული რუსეთის არმიის მიერ საომარი მოქმედებების გაგრძელებას უზრუნველყოფს.
ვიდრე რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს ინტენსიურად ახორციელებს, ევროპულ მხარდაჭერაში შეიძლება ბზარები გაჩნდეს: 2027 წლისათვის საფრთხე ელოდება ორ პროგრამას - პირველია Ukraine Facility, რომლითაც 56 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული, ხოლო მეორეა კრედიტი Ukraine Support Loan - 100 მილიარდი დოლარით. პრობლემა ის არის, რომ 2027 წელს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლება შეიძლება შეიცვალოს და შეიძლება სათავეში ისეთი მთავრობები მოვიდნენ, რომლებიც კიევს, ალბათ, ეჭვის თვალით შეხედავენ. არჩევნები უნდა ჩატარდეს საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში (რომლებსაც მსხვილი ეკონომიკა აქვთ) და პოლონეთში.
საფრანგეთის საპრეზიდენტო რბოლის ლიდერმა მარინ ლე პენმა უკვე ყველას გასაგონად განაცხადა, რომ კიევს ფინანსურ დახმარებას შეუმცირებს. გერმანიაში კი სამხარეო არჩევნებში წარმატებას უკვე მიაღწია ისეთმა პარტიამ („ალტერნატივა გერმანიისათვის“), რომელიც უკრაინისადმი დახმარების მიმართ სკეპტიციზმს ამჟღავნებს.
და მაინც, ექსპერტები თავშეკავებულ ოპტიმიზმს გამოხატავენ: დასავლური დახმარება უკრაინას, ამა თუ იმ ფორმით, შეუნარჩუნდება. ელენა პროკოპენკოს თქმით, ნაწილობრივ ეს განპირობებულია იმით, რომ უკრაინის უსაფრთხოება სულ უფრო მეტად აღიქმება ევროპის უსაფრთხოების პირობად: „ევროპას არ შეუძლია იმის დაშვება, რომ უკრაინა თავდაცვის საკმარისი ძალების გარეშე დარჩეს. საწინააღმდეგო შემთხვევაში, საფრთხე თვითონ ევროპას დაემუქრება“. თავის მხრივ, როგორც ამერიკული ანალიტიკური ცენტრის „ატლანტიკური საბჭოს“ (Atlantic Council) თანამშრომელი ჩარლზ ლიჩფილდი აღნიშნავს, „უკრაინისადმი დახმარების მოცულობა ევროკავშირის ფინანსებისათვის კრიტიკულად მძიმე არ უნდა იყოს - ყოველ შემთხვევაში, მიმდინარე სიტუაციაში. უკრაინისათვის კიდევ 90 მილიარდი ევროს მიცემა ევროკავშირისათვის რაიმე დიდ რისკებს არ შექმნის“.
უკრაინის ეკონომიკა, თუნდაც შელახული სახით, რა თქმა უნდა, მუშაობს და მთლიანად უუნარო არ არის. „თუ კიევი სამრეწველო ობიექტებს დროულად აღადგენს (ნაწილობრივ მაინც) და მტრის თავდასხმებისაგან მათ ჯეროვნად დაიცავს, ამით საერთაშორისო დახმარების აუცილებლობა ისეთი მწვავე აღარ იქნება და საბიუჯეტო დეფიციტიც შემცირდება“, - ამბობს სერგეი ცივკაჩი.
გარდა ამისა, ევროპას თანხების სავარაუდო „რეზერვიც“ აქვს - რუსული აქტივები, უკრაინა ჯერჯერობით პრინციპულად და მწვავედ არ მოითხოვს ევროპულ საფინანსო დაწესებულებებში გაყინული რუსული აქტივების (დაახლოებით, 235 მილიარდი დოლარის ოდენობით) გამოყენებას, რადგან გასაგებია, რომ ასეთ წინადადებას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ეწინააღმდეგება, მაგალითად, ბელგია, სადაც აქტივების დიდი ნაწილი ინახება. თუმცა ადრე ევროკავშირის რამდენიმე წევრი თანახმა იყო.
და თუ ვთქვათ და ევროკავშირიდან დახმარების საქმე გაუარესდება, უკრაინას შეუძლია მსოფლიოს სხვა ქვეყნების იმედი ჰქონდეს - მას მხარდაჭერას გაუწევს დიდი ბრიტანეთი, კანადა, ნორვეგია, იაპონია. „სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ, სკანდინავიური ქვეყანა [ნორვეგია] აცხადებს, რომ უკრაინას 2027 წელს 9 მილიარდ დოლარს მისცემს... ძნელია ისეთი სიტუაციის წარმოდგენა, რომ ყველა ძალისხმევა წყალში ჩაიყრება“, - ამბობს ჩრლზ ლიჩფილდი.
მოამზადა სიმონ კილაძემ