ტრამპის "შეტევა" ზელენსკიზე ანუ რას ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი 3 ნოემბრის არჩევნებამდე?!
3 ნოემბრის ამერიკულ არჩევნებამდე ტრამპი ზელენსკის „დაპრესვას“ კიდევ უფრო გააძლიერებს...
დღე არ გავა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი უკრაინელი კოლეგა მკაცრად არ გააკრიტიკოს - ტრამპი ზელენკის აბრალებს რუსეთთან ომის დამთავრების სურვილის უქონლობასა და რუსული ნავთობტერმინალების სპეციალურად დაბომბვას იმ მიზნით, რომ თურმე... ამერიკელ ფერმერებსა და ტრაილერების მძღოლებს დიზელის საწვავი გაუძვირდათ და ამით უკმაყოფილო ამერიკელმა ამომრჩეველმა კონგრესის მოახლოებულ შუალედურ არჩევნებში შესაძლოა, ტრამპის რესპუბლიკელი კანდიდატების წინააღმდეგ მისცენ ხმა და ამით დემოკრატებს გაამარჯვებინონ...
2026 წლის 3 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება უმნიშვნელოვანესი შუალედური არჩევნები (აშშ-ის კონგრესის არჩევნები).
ამ დღეს ამომრჩევლები ხმას მისცემენ შემდეგ პოზიციებზე:
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა: გადაირჩევა ყველა, 435-ვე ადგილი.
აშშ-ის სენატი: კენჭი ეყრება 100-დან 35 ადგილს (33 გეგმური და 2 რიგგარეშე არჩევნები ფლორიდასა და ოჰაიოში).
გუბერნატორები: ქვეყნის მასშტაბით აირჩევენ 39 შტატისა და ტერიტორიის გუბერნატორს.

ფოტო: ზელენსკის ყოველდღიური „დაპრესვით“ ტრამპი პუტინის „საქმეს“ აადვილებს...
ადგილობრივი არჩევნები: ასევე ჩატარდება შტატების საკანონმდებლო ორგანოების, გენერალური პროკურორებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები.
ეს შუალედური არჩევნები ითვლება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეორე საპრეზიდენტო ვადის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ გამოცდად, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი პარტია (დემოკრატები თუ რესპუბლიკელები) მოიპოვებს კონტროლს აშშ-ის კონგრესზე.
პრეზიდენტ ტრამპისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების შედეგად, წარმომადგენელთა პალატასა და სენატში, ასევე, გუბერნატორების პოსტებზე, ისევ მისი მხარდამჭერი რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა შენარჩუნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დემოკრატი კანდიდატების უმრავლესობის მოსვლით, ტრამპს თავისი პრეზიდენტობის მეორე ვადის ბოლომდე „მიჩოჩებაც“ კი შეიძლება გაუჭირდეს...
არადა, უკვე არის იმის დიდი საფრთხე ტრამპისთვის, რომ მისმა პარტიამ წააგოს 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები, რაშიც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა დაიდანაშაულოს, რადგან 2024 წლის იანვრის ბოლოდან მოყოლებული, მან და მისმა ადმინისტრაციამ იმდენი უხეში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო სახის შეცდომა დაუშვა, როგორც თავად აშშ-ის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, რომ კიდევაც საკვირველია, საფრანგეთის ქალაქებში მიმდინარე ქუჩის „ცეცხლოვანი“ პროტესტების მაგვარი ამერიკულ მეგაპოლისებშიც აქამდე რომ არ დაიწყო...
დემოკრატები, საერთო ჯამში, შეიძლება ბევრად არაფრით იყვნენ უკეთესები რესპუბლიკელებზე, მაგრამ 3 ნოემბრის არჩევნების წინ მათ სერიოზული კოზირები უჭირავთ ხელში, მათი დღევანდელი პრეზიდენტის წინააღმდეგ, მათ შორის - „გაყინული“ და გაურკვევლი ომი ირანთან, რაც კიდეც გახდა იმის მთავარი მიზეზი, რომ მსოფლიოში დღეს საწვავის დეფიციტი და კრიზისია დაწყებული, რამაც „ააგდო“ არა მარტო დიზელის ფასი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
მაგრამ თავმოყვარე, თვითნათქვამა და „ტყუილების პრეზიდენტის“ - ტრამპისთვის უმთავრესია ამ სიტუაციიდან რამენაირად „გამოძრომა“ და ის ყოველდღიური დაჟინებული ბრალდებებით ყველაფერ ამაში სწორედ უკრაინის პრეზიდენტს ადანაშაულებს, თითქოს სწორედ ის ეწინააღმდეგება რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებას, ხოლო პუტინს, თურმე, „მშვიდობა“ დიდი ხანია, სურს...
ზელენსკის, რა თქმა უნდა, თავისი შეცდომებიც ყოფნის (უკრაინის შიდაკორუფციის სახითაც, რაც უკრაინის თავდაცვის რესურსებს ხრავს), მაგრამ მისი იმაში დადანაშაულება, რომ ომის დამთავრების წინააღმდეგია, არასწორია - პირიქით, ზელენსკის მთავრობა წლებია, იხვეწება ფრონტის ხაზის გასწვრივ საბრძოლო მოქმედებების „გაყინვასა“ და მოლაპარაკებების დაწყებას, რასზეც არ თანხმდება ის პუტინი, რომელმაც ეს ყველაფერი საშინელება წამოიწყო და მით უმეტეს, კრემლი ომს არ შეაჩერებს, მოახლოებულ ზამთრის პერიოდში, როდესაც უკრაინის მოსახლეობის ისეთ ურთულეს საყოფაცხოვრებო მდგომარეობაში (უშუქობა, გათბობის, წყლისა და კანალიზაციის სისტემების განადგურება კიევსა და სხვა მსხვილ უკრაინულ ქალაქებში) ჩაგდება სურს, რომ საჰაერო დაბომბვებით დაშინებულმა და გაყინულმა მილიონობით უკრაინელმა მაცხოვრებელმა ზელენსკის ხელისუფლებისგან ამ საშინელი ომის სასწრაფოდ დამთავრება კატეგორიულად მოითხოვოს, თუნდაც აგრესორ რუსეთთან უსიტყვო კაპიტულაციის სახითაც კი...
და ამ ყველაფერში ოკუპანტი რუსეთის ლიდერს - პუტინს, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მხარდაჭერას უჩენს აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი, როდესაც ასეთ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს თავდაცვაში მყოფი უკრაინის ხელმძღვანელობაზე...