წმინდანის რეალური სახე და კიოტში დატოვებული თხოვნები: წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი ხატის საიდუმლო - როგორ აღდგა ნანგრევებად ქცეული სანებლის ტაძარი
ქარელში, მდინარე ძამის ხეობის დასაწყისში, სოფელ სანებელში, განსაკუთრებულ სიმყუდროვეში დგას სულიერი და ისტორიული მნიშვნელობის ძეგლი - წმინდა ნიკოლოზის სახელობის მონასტერი, რომელსაც სათავეში იღუმენი თეოდოსი უდგას.
ამ სიმყუდროვეში ყველაზე მკაფიოდ სწორედ მამების ლოცვის ხმა ისმის.
გადმოცემით, სოფლის სახელწოდება „სამებიდან“ მომდინარეობს, რადგან ძველად სოფელში სამების სახელობის ტაძარიც მდგარა. დროთა განმავლობაში სიტყვაში ერთმა ბგერამ ცვლილება განიცადა და „სამებელის“ ნაცვლად მივიღეთ „სანებელი“...

იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე)
- ისტორიულად, ეს მხარე საციციანოს ნაწილს წარმოადგენდა და ზაზა ციციშვილის შთამომავლობით იყო დასახლებული. მონასტრის გარშემო მრავალი ისტორიული საფლავია, ძირითადად - ციციშვილების საგვარეულო შტოსი, სადაც პატარა ბავშვის, გიორგი ციციშვილის საფლავიცაა შემორჩენილი.
ძეგლთა აღწერილობის თანახმად, დღევანდელი მონასტრის ადგილას ტაძარი ფეოდალური ხანიდან არსებობდა და წმინდა გიორგის სახელს ატარებდა. გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ თამარ მეფის ეპოქაში აუგიათ. საუკუნეების განმავლობაში ეკლესია სანებელისა და ძამის ხეობის მოსახლეობისთვის მთავარ სულიერ საყრდენს წარმოადგენდა.
ადგილობრივების გადმოცემით, ყინწვისის მონასტერში ძველად აკრძალული იყო ჯვრისწერის ჩატარება, რადგან იქ ცხოვრობდნენ ბერები, რომლებმაც უარი თქვეს ქორწინებაზე. სწორედ ამის გამო სოფელ სანებელში აუგიათ ყინწვისის მეტოქიონი - მთავარი სამონასტრო ტაძრის თანამოძმე - წმინდა გიორგის სახელზე.
სამწუხაროდ, ძველ ტაძარს მძიმე ბედი ეწია - იგი ბოლშევიკურ პერიოდს ემსხვერპლა, ხოლო მისი აღდგენის რამდენიმე მცდელობა საბჭოთა პერიოდში უშედეგოდ დასრულდა. ტაძრის აღდგენა მხოლოდ XXI საუკუნეში მოხერხდა. თითქმის ნანგრევებად ქცეული ტაძარი დღეს სრულად აღდგენილია და მონასტრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
2008 წელს მიტროპოლიტმა იობმა ნანგრევებად ქცეული ტაძრის განახლება და აღდგენა ყინწვისში მოღვაწე ბერს, თეოდოს ხაჩიძეს დაავალა. როგორც მამა თეოდოსი იხსენებს, ძველი ტაძრიდან მხოლოდ ნანგრევებად ქცეული კედლები და საკურთხეველი იყო შემორჩენილი.
იღუმენი თეოდოსი:
„მონასტერში რომ მოვედით, ტერიტორიის დასუფთავებას მთელი ერთი წელი მოვუნდით. 2009 წლიდან დავიწყეთ მშენებლობა, ხოლო 2012 წლის 19 დეკემბერს მეუფე იობმა ტაძარიც და მონასტერიც წმინდა ნიკოლოზის სახელზე აკურთხა.
დასუფთავების დროს წმინდა ნიკოლოზის პატარა ხატი ვიპოვეთ. მეუფე იობმა ბრძანა: “ირგვლივ წმინდა გიორგის სახელზე ბევრი ტაძარია და სანებლის ტაძარი წმინდა ნიკოლოზის სახელზე ვაკურთხოთ, თუმცა, როდესაც მონასტერი ფეხზე დადგება, გიორგობაც ისევე აღნიშნეთ, როგორც ნიკოლოზობაო“.
მართლაც, დღეს მონასტერში ნიკოლოზობასაც და გიორგობასაც განსაკუთრებულად ზეიმობენ და ორივე წმინდანის განსაკუთრებული მადლი იგრძნობა. სამრეკლოზე ორივე წმინდანის ხატი ერთადაა დაბრძანებული, ხოლო კედლის მხატვრობაში ერთმანეთს ენაცვლება წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების განსაკუთრებული ეპიზოდები.
ფრესკები
სანებლის წმინდა ნიკოლოზის მონასტრის მთავარი მშვენება მისი თანამედროვე ფრესკებია, რომლებიც ძველი ქართული ფრესკული მხატვრობის საუკეთესო ტრადიციებსა და სულიერებას აცოცხლებს. ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური მხატვრობის გამორჩეული ნიმუშების შთაგონებითაა შექმნილი, ნაწილში კი ავტორთა ღრმა სულიერი ხედვა იგრძნობა და იშვიათ სულიერ მოვლენებს აცოცხლებს.

მონასტრის კედლებზე ძირითადი სახარებისეული სცენების გვერდით ერთმანეთს ენაცვლება წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების ეპიზოდები. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას წმინდა ნიკოლოზის ნათლობის უნიკალური სცენა იქცევს, რომელიც ყრმა ნიკოლოზის ემბაზში სასწაულებრივად, სამი საათი ფეხზე დგომის ამბავს აცოცხლებს. აქვე გვხვდება ცნობილი ყინწვისის მთავარანგელოზის („ყინწვისის ანგელოზის“) ფრესკაც, რომელიც ყინწვისის მხატვრობიდანაა გადმოტანილი.
ტაძრის სარკმელთან გამოსახულია სიცოცხლის ხე და ადამისა და ევას სამოთხიდან გაძევების სცენა, ხოლო მგალობელთა კათედრასთან - დავით მეფსალმუნე, როგორც მგალობელთა განსაკუთრებული შემწე და მფარველი. ტაძრის კედლებს ასევე ამშვენებს საქართველოს დიდების სცენა და ქართველ წმინდანთა მრავალრიცხოვანი გამოსახულებები.
წმინდა ნიკოლოზის ხატი
მონასტრის მთავარი სიწმინდეა არჩილ ნავრიზაშვილის შემოწირული წმინდა ნიკოლოზის ხატი, რომელიც განსაკუთრებული პატივითაა მოჭედილი. ეს გახლავთ წმინდა ნიკოლოზის ნამდვილი გამოსახულება, რომელიც თურქეთში არსებული უძველესი ფრესკიდანაა აღებული.
მამა თეოდოსი:
მსოფლიოში სულ ხუთი ასეთი გამოსახულება არსებობს და ერთ-ერთი ჩვენს ტაძარშია დაბრძანებული. ტაძრის კურთხევისას მიტროპოლიტმა იობმა ბრძანა, რომ სწორედ ეს ხატი გახდებოდა ტაძრის მთავარი სიწმინდე და მრევლს მისთვის ლოცვითა და წერილობითი თხოვნებით მიემართა. მას შემდეგ მორწმუნეები თავიანთ სათხოვარსა და გასაჭირს ქაღალდზე წერენ, ხატის კიოტში ტოვებენ, და კვეთის დროს ვიხსენიებ.
სანებლის მონასტერში დაცული წმინდა ნიკოლოზის ხატი სასწაულმოქმედად მიიჩნევა. მონასტრის მორჩილი ლაშა-გიორგი ამბობს, რომ ამ ხატის წინაშე არაერთი ადამიანი მოდის სხვადასხვა ცხოვრებისეული განსაცდელით და უკან მადლიერების გამოსახატავად ბრუნდება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 12-წლიანი უშვილობის შემდეგ შვილიერების მადლი მიეცათ, ბევრიც განკურნებულა. ასეთ ისტორიებს მონასტრის საძმოსგანაც მრავლად მოისმენთ, რაზეც ხატის უხვი შემოწირულობაც მეტყველებს.
მონასტერში კიდევ ერთი განსაკუთრებული სიწმინდეა - წმინდა ნიკოლოზის კიოტში ჩაბრძანებული ხატი, რომელიც ტაძარს მამა თეოდოსის ჯარის მეგობრებმა შესწირეს. მასზე, წმინდანის გამოსახულების გარშემო, წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სცენებია გამოსახული.

სიწმინდეები
მთავარი ხატების გვერდით, მონასტერი კიდევ ერთ უნიკალურ სიწმინდეს ინახავს, სანაწილეს სადაც
წმინდა ნიკოლოზის, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა და წმინდა პოფინ ლიონელის წმინდა ნაწილებია დაცული .
წმინდა სპირიდონის წმინდა ნაწილი მონასტერს შემომწირველმა ნინო ბადრიაშვილმა შესწირა.
რაც შეეხება წმინდა პოფინ ლიონელს, იგი II-III საუკუნეებში მოღვაწეობდა. ის გახლდათ გალიაში (დღევანდელი საფრანგეთი) ქალაქ ლიონის პირველი ეპისკოპოსი და წმინდა ირინეოს ლიონელის მოძღვარი. რადგანაც წმინდანი წარმოშობით მცირე აზიიდან (კაბადოკიიდან) იყო, იგი მოციქულებრივ ხანასთან დაკავშირებულ ადრეულ ქრისტიან მოღვაწეებს წარმოადგენდა. წმინდა პოთინ ლიონელის ეს წმინდა ნაწილი მონასტერს ხეობაში მოღვაწე არქიმანდრიტმა, მამა ბასილ კაკიაშვილმა უწილადა.

მომლოცველების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მონასტრის ეზოში მდგომი მრავალსაუკუნოვანი ისტორიული მუხაც, რომელიც თავისი ხასიათით ძალიან ჰგავს საქართველოს - ისეთივე მხრცოვანი, მტკიცე და ჭარმაგია, როგორც ჩვენი ქვეყანა, გვეუბნება მამა თეოდოსი.
იღუმენი თეოდოსი:
„მუმლი მუხასაო, გარს ეხვეოდაო“ - ალბათ სწორედ ასეთ მუხაზეა ნათქვამი. სვეტიცხოველი, გელათი და ბანა რომ შენდებოდა, ეს მუხის ხე უკვე მდგარა აქ. სანებლის მუხა საქართველოს უხუცეს ხეთა ათეულში შედის და ერთ-ერთი უძველესია.
არსებობს ასეთი გადმოცემაც, რომ ყინწვისის ტაძარი რომ შენდებოდა, თამარ მეფე მოსულა და ამ მუხის ჩრდილში შეუსვენია. ალბათ მუხას ეწვია დავით აღმაშენებელიც, რადგან ბავშვობის დიდი ნაწილი რუისში გაატარა.
ეს არის ჭალის მუხა, ტყეში ასეთი მუხა არ იზრდება. თავისი ხასიათით კი ძალიან ჰგავს საქართველოს - ისეთივე მხრცოვანი და ჭარმაგია, როგორც ჩვენი ქვეყანა.
სამწუხაროდ, ასაკიდან გამომდინარე, ხეს მავნებელი - ლაპანჭამია შეესია, რაზეც ეს ნახვრეტებიც მეტყველებს. ხეს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რისი ძალებიც, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს. როგორც სპეციალისტებმა გვითხრეს, ნახვრეტებში წამალი უნდა ჩაისხას, რომ შიგნით დაბუდებული მავნებლები განადგურდნენ. დიდი რაოდენობით ცვივა ქერქი, რის გამოც ხე მიწიდან წყალს ვეღარ იღებს და დროთა განმავლობაში ხმება. თუმცა, ეს მუხა, ალბათ, კიდევ კარგა ხანს იდგება ფეხზე.
ადგილობრივებისგან გამიგია, მუხა ისე არ წაიქცევა, სანამ ჭრიალს არ დაიწყებსო. მესხურ სიმღერაშიც ხომ არის ნათქვამი: 'მუხა წონწილებს, წონწილებს... წონწილებს და წაიქცევა, მუმლი მუხასაო'. ჭრიალს დაიწყებს და მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ წაიქცევა. მაგრამ მუხა ისე არასოდეს წაიქცევა, რომ თავის ადგილას ახალი სიცოცხლე არ დატოვოს. ის ოდესღაც წაიქცევა, მაგრამ მასში უკვე არის ახალი სიცოცხლე - ფაქტობრივად, უკვდავი ხეა. მონასტრის შემოგარენში რამდენიმე ადგილას უკვე ამოსულია მუხის ხეები, რომლებიც, სავარაუდოდ, სწორედ ამ მუხის შთამომავლებია და საკმაოდ დიდებიც გაზრდილან.“

მონასტრის ყოველდღიურობა ლოცვასა და მორჩილებაში გადის.
მონაზონი ანტონი, რომელიც უკვე თექვსმეტი წელია მონასტერშია, მონასტრის გამშვენებაზე ზრუნავს. პროფესიით მოქანდაკეს, განსხვავებული ხედვა ერიდან მოჰყვება, თუმცა მისთვის ეს ხელობა მხოლოდ ხელოვნებად არ აღიქმება - იგი უფლისადმი სულიერ მსახურებასთან არის დაკავშირებული და ახლა თავისი ოსტატობით მხოლოდ ღმერთს ემსახურება. მისი ძირითადი მორჩილებაც სწორედ ესაა.
როგორც თავად ამბობს, თითოეული დეტალი ღვთის შეწევნით მზადდება, ისევ უფლის სადიდებლად და სიყვარულის გამოსავლენად - შაბლონების მომზადება, ქანდაკების ჩამოსხმა, ფორმის მიცემა თუ ქვასთან მუშაობა.
პროცესის სირთულის მიუხედავად, თითოეული დეტალის შექმნა მამა ანტონს სულიერ სიხარულს ანიჭებს, რადგან იცის, რომ მისი ხელით შექმნილი ნამუშევრები საუკუნეებს გაუძლებს და დედამიწაზე დატოვებული კვალიც სამარადისოდ განადიდებს უფალს.
„ყველაფერი უფლის ნებაა, ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ამას მე კი არ ვაკეთებ, არამედ უფლის შემწეობით. ადამიანი ინტერესს რაშიც გამოიჩენს, უფალიც შეგეწევა,“ - ამბობს მამა ანტონი და მადლობას წირავს ღმერთს ამ ნიჭის ბოძებისთვის.
წინამძღვრის კურთხევით, მამა ანტონმა ზაზა ფანასკერტელის ბიუსტიც ჩამოასხა, რომელსაც მალე მონასტრის ეზოში დადგამენ. მამა თეოდოსის თქმით, ზაზა ფანასკერტელი ჩვენი ქვეყნის ისეთივე დიდებული წინაპარი იყო, როგორც დავით აღმაშენებელი, გიორგი სააკაძე და მრავალი სხვა. ამიტომაც, მისი ბიუსტი ამ დიდებული მოღვაწისადმი პატივისცემისა და მადლიერების გამოხატვაა. იგი მომლოცველებსა და დამთვალიერებლებს ზაზა ფანასკერტელის ცხოვრებასა და ღვაწლს გააცნობს - მით უმეტეს, რომ ეს ტერიტორია ისტორიულად საციციანოს წარმოადგენდა და ძამის ხეობის მეორედ დაბადებაც სწორედ ზაზა ფანასკერტელის სახელს უკავშირდება.
ხუთ საათზე მონასტრის წევრები ტაძარში იკრიბებიან. დღე ცისკრის ლოცვით და უფლის დიდებით იწყება.
ცხრა საათზე საძმო მოკრძალებულ ტრაპეზზე იკრიბება და საზრდელის მიღებამდე კიდევ ერთხელ განადიდებენ შემოქმედს.
ტრაპეზის დასრულების შემდეგ მორჩილებების დრო დგება.
მამები მორჩილებებზე ნაწილდებიან, მონასტერი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია და მორჩილებებიც საქმის შესაბამისად ეძლევათ.
12 საათზე წმინდა გიორგის ან წმინდა ნიკოლოზის დაუჯდომელს და პარაკლისს კითხულობენ მონაცვლეობით.
საღამოს 5 საათზე მწუხრის ლოცვაა, რომელსაც საღამოს ტრაპეზი და სერობის მსახურება მოსდევს. ეს ყოველდღიური განრიგია, საუფლო დღესასწაულებსა და მარხვის პერიოდში კი ტიპიკონი შესაბამისად იცვლება.
დღეს სანებლის მონასტერი ცოცხალი სამონასტრო კერაა, სადაც ყოველი დღე, ყოველი წარმოთქმული ლოცვა თუ საქმე არის გზა ზეცისკენ, რომელზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი უსასრულობას უერთდება.
შორენა მერკვილაძე
(სპეციალურად საიტისთვის)