გიორგი ფოცხიშვილი Dance Europe-მა წლის საუკეთესო მოცეკვავის ნომინაციაში წარადგინა - როგორ მივცეთ ხმა?!
ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის წამყვანი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი საერთაშორისო საცეკვაო ჟურნალმა Dance Europe-მა 2026 წლის საუკეთესო მოცეკვავის ნომინაციაში წარადგინა. ეს აღიარება მისი პროფესიული კარიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. გამარჯვებულს მკითხველები ირჩევენ, შესაბამისად, ქართველი მოცეკვავის მხარდაჭერის შესაძლებლობა ფართო აუდიტორიას აქვს.
ნომინაცია ჟურნალის ყოველწლიური Critics’ Choice-ის ფარგლებში გაიცემა. საერთაშორისო ჟიურის ყურადღება ფოცხიშვილმა ბალეტ „ბაიადერაში“ სოლორის პარტიის შესრულებით მიიპყრო. ჟიურის შეფასებაში ხაზგასმულია მისი ენერგია, შთამბეჭდავი ნახტომები და სცენური ქარიზმა - თვისებები, რომლებიც კლასიკური ბალეტის რთულ ტექნიკას განსაკუთრებულ გამომსახველობას სძენს.
წლის საუკეთესო მოცეკვავის ტიტულისთვის გიორგი ფოცხიშვილთან ერთად კიდევ ხუთი ცნობილი მოცეკვავე იბრძვის: ალინა კოჟოკარუ, მარიანელა ნუნიესი, ჯოვანი როტოლო, ოსიელ გონეო და უილიამ ბრეისველი. გამარჯვებულს Dance Europe-ის მკითხველთა ხმები გამოავლენს. ხმის მიცემა 2026 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი.
გიორგი ფოცხიშვილის გზა საერთაშორისო საბალეტო სცენამდე ქართული ხალხური ცეკვით დაიწყო. იგი თბილისში დაიბადა და ცეკვის გარემოში გაიზარდა. მის ოჯახში ხელოვნებას განსაკუთრებული ადგილი ეკავა: ბაბუამ, გელოდი ფოცხიშვილმა, 1978 წელს დააარსა ქართული ტრადიციული ცეკვის ანსამბლი „მეტეხი“, სადაც გიორგის მშობლები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც თავად მოცეკვავე ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის ოფიციალურ ბიოგრაფიაში იხსენებს, ცეკვა მისთვის ბავშვობიდანვე ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი იყო.
შვიდი წლის ასაკში მან ცეკვის გაკვეთილებზე სიარული დაიწყო, თავდაპირველად კი მისი მთავარი ინტერესი ქართული ხალხური ცეკვის უკეთ დაუფლება იყო. ცამეტი წლის ასაკში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სკოლაში ჩაირიცხა. კლასიკურ ბალეტთან უფრო ახლო ურთიერთობამ თანდათან შეუცვალა პროფესიული გეგმები. მიხვდა, რომ კლასიკური ბალეტი მას ახალი ქორეოგრაფიული ფორმების, წამყვან ქორეოგრაფებთან მუშაობისა და სამსახიობო შესაძლებლობების განვითარების ფართო პერსპექტივას სთავაზობდა.
2017 წელს გიორგი ფოცხიშვილი ლონდონში, ყოფილი პრიმა-ბალერინა ელენა გლურჯიძის საზაფხულო კურსზე გაემგზავრა. სწორედ მისი რჩევით 2020 წელს იგი ნიდერლანდების ეროვნული ბალეტის ახალგაზრდულ დასს შეუერთდა, ერთი წლის შემდეგ კი უკვე მთავარი დასის წევრი გახდა.
2023 წელი ქართველი მოცეკვავისთვის მნიშვნელოვანი ჯილდოებითაც აღინიშნა. მან მიიღო ნიდერლანდების საბალეტო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული აღიარება - Alexandra Radius Prize, რომელიც სეზონის განმავლობაში განსაკუთრებულად წარმოჩენილ მოცეკვავეს გადაეცემა. იმავე წელს მას „ზვაანის“ (Zwaan) ჯილდო მიენიჭა კურტ იოსის ბალეტ „მწვანე მაგიდაში“ შესრულებული როლისთვის, კატეგორიაში „ყველაზე შთამბეჭდავი საცეკვაო შესრულება“. ამავე პერიოდში გიორგი ფოცხიშვილი უკვე იყო Dance Europe-ის წლის საუკეთესო მოცეკვავის ნომინანტიც.
მისი წარმატება მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. 2024 წელს Dance Europe-ის კრიტიკოსებმა ის „ჟიზელსა“ და „რაიმონდაში“ მამაკაცის პარტიის გამორჩეულ შემსრულებლად აღიარეს. 2025 წელს კი ლონდონის Ballet Icons Gala-ზე Outstanding Achievement in Ballet Award მიიღო. გერმანულმა საცეკვაო ჟურნალმა Tanz-მაც იგი წლის მოცეკვავის სტატუსით გამოარჩია.
როგორ მივცეთ ხმა გიორგი ფოცხიშვილს?
ამის გაკეთება შესაძლებელია ორი გზით: ელფოსტით, მისამართზე dancer@danceeurope.net,
ან WhatsApp-ის საშუალებით, ნომერზე +44 7981 945320.
შეტყობინებაში უნდა მიუთითოთ Giorgi Potskhishvili-ის სახელი და თქვენი საკუთარი სახელი.
თითოეულ ადამიანს ხმის მიცემა მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
ხმის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 31 ოქტომბერია.
მხარი დავუჭიროთ ქართველ მოცეკვავეს საერთაშორისო აღიარებისთვის ბრძოლაში!
წყარო - Operaballet