„ადამიანი კი არის თავისუფალი, მაგრამ ადამიანმა ადამიანს ვერ მიაგნო“ - კვირის პალიტრა

„ადამიანი კი არის თავისუფალი, მაგრამ ადამიანმა ადამიანს ვერ მიაგნო“

(არქივი)

"რაც ვნახე, ვნახე ბავშვმა და ის არასოდეს­ ამომეწურება. მე, ბავშვმა, ვნახე მთელი ქვეყნიერება. როგორ მიდგას,­ იცი, მთელი სამყარო? - გაგიჟდები. ხანდახან­ ვფიქრობ, რას ვაფერადებ-მეთქი. მრცხვენია­. რაც ვნახე, იმას ვწერ და ძაან იოლადაც. წამოვწვები, ვდგავარ თუ დავდივარ, ყველგან ჩამესმის, რა უნდა დავწერო. ასეა, ასე. უნდა მიჰყვე პოეზიას სრულად", - ამბობს ბესიკ ხარანაული. ის მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, ჯერ კიდევ იმ ეპოქაში გამოჩნდა ქართულ მწერლობაში და საკუთარი სიტყვა თქვა, როდესაც პოეზიის მეფის, გალაკტიონის ჩრდილქვეშ იწყებდა ყველა ახალგაზრდა შემოქმედებით მოღვაწეობას. საკვირველია, მაგრამ არ გაურიყავთ. ნიჭი იცნეს და ადგილი დაუმკვიდრეს, ნიშა, რომელიც ვაჟას შემდეგ ცარიელი დარჩა. მასთან საუბარი იმდენად საინტერესოა, რომ ადამიანი დროის შეგრძნებას კარგავ და გინდა სულ უსმინო. ჩვენი სტუმარი გენიალური ბესიკ ხარანაულია, რომელთანაც შეხვედრაზე ძალიან ვნერვიულობდი.

- მე თვითონ მეუცხოებოდა ჩემი ლექსები. მე თვითონ ვერ ვხედავდი მათ ადგილს იმ მწყობრ რიგში, რომელიც ქართულ პოეზიაში იყო იმ დროისათვის. ამიტომ მქონდა სიფრთხილის ინსტინქტი, თავ­დაცვის ინსტინქტი, და არ მქონდა იმის პრეტენზია, აი, თქვენ მომისმინეთ, წაიკითხეთ და ჩასწვდით ამას-მეთქი! ეგეთი მოთხოვნები არა მქონდა. არც რამე ლოზუნგები მქონია: არ ვამტკიცებდი, რომ ეს არის ლექსი და ის არ არის ლექსი... სიტყვა არაფერი არ არის, თუ მასში არ არის ენერგია. სტრიქონიც კი არაფერია, თუ მასში ენერგია არ არის. სიტყვას ენერგია აცოცხლებს...

- როგორ ხართ ჯანმრთელობით?

- იტყვიან, კარგად ვარ და იტყვიან, ცუდად ვარ... სახიფათოა, თქვა, ცუდად ვარ, შესაძლოა, ამ დროს მას "ამინს" უცემს ვიღაც ზემოდან. ამიტომ ყოველთვის უნდა თქვა, რომ "კარგად ხარ", იმიტომ, რომ აქ ხარ და ახლა ხარ. ადამიანი სულ რაღაცას ელოდება, თანაც ველოდებით სასწაულს და ამით რაღაცას ვაფერხებთ, შემთხვევას, რომელიც უნდა მოვიდეს შენთან. მოლოდინისათვის არ უნდა იყოს ადამიანი. აწმყოში უნდა იყო.

- როგორია ბესიკ ხარანაულის ერთი დღე?

- ყოველ დილით ვიღვიძებ და ვფიქრობ, ახალი ნეტავი რა არის? ძნელია ხო? სად უნდა მოძებნო ეს ახალი.

- თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, ფიქრი მოსულიყო თქვენთან და მერე დაკა­რგულიყო?

- იყო ასეთი შემთხვევა. წყლის დასალევად ავდექი და მივედი წყალთან. ჭიქა რომ უნდა შევუშვირო, უცებ რაღაცა აზრი მომივიდა. ეს იყო არა სტრიქონი,­ არა მხატვრული სახე, არამედ იყო რაღაც­ სამყაროს შესახებ. ახლა ჩემ წინ ამოცანა დგას, რომ მოვბრუნდე, მივიდე მაგიდასთან, ფურცელი და ფანქარი დამხვდეს, თან ამას დაემთხვეს ის, რომ დილაუთენია არავინ გაიღვიძოს, იმიტომ, რომ ვიწროდ ვცხოვრობდით... ეს ყველაფერი გავაკეთე, მივედი მაგიდასთან და ფანქარიც იქ დამხვდა, კალამიც და ფურცელიც. ავიღე კალამი და უნდა დავწერო და... რა უნდა დავწერო აღარ ვიცი... აღარ მახსოვდა. ეს ძალიან მტკივნეული იყო. ეს იყო ყველაზე მწარე მომენტი ჩემს ცხოვრებაში.­ აი, როგორც დიდი რამე რომ დაკარგო საბოლოოდ.

- დღეს რაც ხდება ჩვენს თავს, ჩვენ ირგვლივ, ამაზე რას ფიქრობთ?

- ადამიანი ადამიანისათვის გახდა ვარდი მომწამვლელი. იზიდავს ადამიანი ადამიანს, მაგრამ მომწამვლელია იმ მხრივ, რომ არ იცი, როგორი იქნება... ადამიანის­ აგებულებაში, მის გვამში, მის აზრში, არაფერი არ არის, რომ თვითონ ადამიანი­ არ ერეოდეს და არ წარმართავდეს მას. გარედან ადამიანის ნჯღრევა არ შეიძლება, ადამიანს არ უნდა უკიჟინო, ადამიანს არ უნდა დაუპირისპირდე. დანაშაული უნდა იპოვო და დამნაშავე არ უნდა იპოვო... ყოველ ჯერზე, როცა გაიშლება ხოლმე საპროტესტო აქციები, რომელიც ძალიან ახლოსაა ხალხის გულთან, ყოველ ჯერზე ახალი ფურცელი გადაიშლება და ახალი დაიწერება. და აი, ასე, ამ წვალებით მოვედით აქამდე. როგორც ყველა, შეძრული ვარ მეც ამ ბრძოლა-თამაშით. თითქოს ეს ყველაფერი დადგმულია.

- რა არის თავისუფლება?

- თავისუფლება აქვს აზრს. თავისუფლება აქვს ადამიანის სხეულს და საერთოდ, თავისუფლება ადამიანში იწვევს და წარმოშობს იმპულსს. ადამიანი კი არის თავისუფალი, მაგრამ ადამიანმა ადამიანს ვერ მიაგნო. და თავისუფლებაც მაგისთვისაა, რომ ადამიანი ვიპოვოთ. ღმერთმა ადამიანს თავისუფლება მისცა თავში სახლელად და აჰა, თავისუფალი ხარ და გააკეთე, რაც გინდა. ეს არის უდიდესი ტვირთი - თუ ჩავუღრმავდებით თავისუფლებას, მაშინ ძალიან ბევრი რამე ევალება თავისუფალ ადამიანს. მას იმდენ რამეზე უწევს ზრუნვა,­ რომ თავი იპოვოს, ძალიან ბევრი წინაღობა უნდა გადალახოს. თავისუფლება უკიდეგანო ცნებაა. რაც უფრო მეტს ცდილობს ადამიანი იგრძნოს, გაიგოს მისი არსი, მით უფრო უსხლტება ხელიდან.

- რა განსხვავებაა ძველი თაობის ადამიანსა და თანამედროვეს შორის?

- ნამდვილად ვიცი, რომ დროს მოყავს ახალი, ახალი ჩვენებურად ახალგაზრდას ნიშნავს. ახალგაზრდობა განვითარებას ნიშნავს და რაც უფრო ვითარდება, მით უფრო სწორ გზაზეა ქვეყანა და ხალხი. ჩვენ, ძველებს, არ გვესმის და არც უნდა გვესმოდეს ახლების, ეს ძალიან ბუნებრივია. მაგრამ ადამიანის ბუნება ვერ ეგუება იმას, რომ რაღაც არ ესმის და ებრძვის ახალს... მე თვითონაც ყოველდღე რომ ვიღვიძებ, მინდა ახალი.საჭმელს გემოს აძლევს შიმშილი, წარსულს კიდევ - ნოსტალგია.

განაგრძეთ კითხვა