ქართველი ემიგრანტები ფრანგულ ჯარში - კვირის პალიტრა

ქართველი ემიგრანტები ფრანგულ ჯარში

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის შემოდგომაზე, სტამბოლში გახიზნული  80-მდე ქართველი ოფიცერი და იუნკერი პოლონეთმა მიიღო. ხუთი იუნკერი საფრანგეთის სენ-მიქსენის სამხედრო სკოლაში გაიგზავნა, რომლის დამთავრების შემდეგ ისინი კოლონიურ ჯარებში მსახურობდნენ.

ქართველ ლტოლვილთა უმრავლესობა საფრანგეთში დასახლდა. თითქმის ყველამ დაიტოვა საქართველოს პასპორტი, ლტოლვილის სტატუსი და არ მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა  1928 წლიდან, საფრანგეთის მაშინდელი სამხედრო სამინისტროს დადგენილებით, ქვეყანაში მცხოვრები ჯარში გასაწვევი ასაკის უცხოელი ლტოლვილები, მათ შორის ქართველებიც, ვალდებული იყვნენ სამხედრო სამსახური მოეხადათ. 1831 წელს საფრანგეთში შეიქმნა უცხოური ლეგიონი, რომელიც დაარსების დღიდან მონაწილეობდა პლანეტის თითქმის ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში. ლეგიონში იღებდნენ 18-40 წლის უცხოელ მამაკაცებს. ხუთწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ ლეგიონერი საფრანგეთის მოქალაქეობას იღებდა. ხელფასი მაღალი იყო. ამიტომ ქართველ ლტოლვილთაგან ბევრმა მიაშურა უცხოურ ლეგიონს და მალე გაითქვა სახელი, როგორც საუკეთესო მეომარმა. მათგან ნაწილმა ოფიცრის მაღალ ჩინსაც მიაღწია.

უცხოური ლეგიონის ოფიცერთაგან ჩვენ ვიცნობთ საფრანგეთის გმირს, დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარს, მაგრამ არანაკლები პატივისცემით სარგებლობდნენ სხვა ქართველი ოფიცრები - სენ-მიქსენის სამხედრო სკოლის უკვე ნახსენები ხუთი კურსანტი: გიორგი ოდიშელიძე, ნიკოლოზ (კუკური) თოხაძე, ივანე ვაჩნაძე, ალექსანდრე ჯინჭარაძე, ალექსანდრე კინწურაშვილი; სენ-სირის სახელგანთქმული სამხედრო სკოლის კურსდამთავრებულები: ნიკოლოზ ამილახვარი, ალექსი ჩხენკელი, ირაკლი ჯორჯაძე, ლეო (ლულუ) კერესელიძე; აგრეთვე დავით შალიკაშვილი, ალექსანდრე ბერაძე, კონსტანტინე ამილახვარი, პეტრე ხვედელიძე და სხვები.

ყოფილი ემიგრანტი შოთა ბერეჟიანი იხსენებდა: "კარგად მახსოვს 1939 წლის 14 ივლისს, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული, ბასტილიის აღების აღსანიშნავად გამართული აღლუმი. ამ წელს, სხვა დიპლომატებთან ერთად, მოწვეული იყო ინგლისის მეფე გეორგ VI ცოლითა და შვილებით. ახლანდელი დედოფალი სულ პატარა გოგონა იყო. აღლუმზე უცხოური ლეგიონის ორი ასეულის მეთაურები იყვნენ დიმიტრი ამილახვარი და ნიკოლოზ თოხაძე - ორი ულამაზესი ვაჟკაცი. შანზელიზეზე დიდი ოვაციის თანხლებით ჩაიარეს. ქართველები ბევრნი ვიდექით იქ და ძალიან ბედნიერი ვიყავით, რომ სწორედ ქართველები შეერჩიათ ასეულების წინამძღოლებად. აფრიკიდან მათ გენერალი მიკელი ჩამოჰყვათ. - რაღა ეს უცხოელი ოფიცრები დანიშნეთ მეთაურებადო, - უსაყვედურა მიკელს პარიზის კომენდანტმა გურომ. - მაგათზე უკეთესი არ გვყავსო, - თავი იმართლა გურომ.

1939 წლის სექტემბერში, როცა საფრანგეთი მეორე მსოფლიო ომში ჩაება, მობილიზაციით გაიწვიეს სამოქალაქო პირები, მათ შორის 170 ქართველი ემიგრანტიც. თავდაპირველად ქართველი ჯარისკაცები მსახურობდნენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილში. საქართველოს ლტოლვილი მთავრობის წყალობით (ევგენი გეგეჭკორი დაახლოებული იყო საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრ გი მოლესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ბონკურთან), 1940 წლის მარტში მთავარსარდლობის ბრძანებით შეიქმნა სამხედრო ნაწილი, რომელიც მხოლოდ ქართველებისგან შედგებოდა და მას Unite Georgienne ეწოდა. ქართულ "უნიტესა" და საფრანგეთის სარდლობას შორის შუამავალი იყო ფრანგი ოფიცერი, პოლკოვნიკი პიო, რომელსაც ძალიან უყვარდა ქართველები. ნაწილი ჩამოყალიბდა სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ბარკარესში, მერე გადაიყვანეს სოფელ სეტფორში. ასეულის უფროსად დაინიშნა კაპიტანი გიორგი ოდიშელიძე, რომელიც უცხოურ ლეგიონში მსახურობდა. მას ლეგიონიდან ჩამოჰყვნენ კოტე ამილახვარი, ლეო (ლულუ) კერესელიძე, არჩილ ტყემალაძე (ვალტორნისი). ნაწილში შოთა ბერეჟიანის ცნობით იყვნენ: მეთაურები - დელა ნუე, ფრანგული სარდლობის ოფიცერი, კაპიტანი გიორგი ოდიშელიძე; ლეიტენანტები - ივანე სტაროსელკი და კოტე ამილახვარი, ადიუტანტი არჩილ ვალტორნისი; სერჟანტები - ლეო (ლულუ) კერესელიძე, ალექსანდრე ბერაძე, პეტრე ოდიშარია, ანდრო რეხვიაშვილი, გრიგოლ აბულაძე, შალვა ხიზანიშვილი, მთიელი რუფატ ხალილოვი, ნიკოლოზ ელიავა, ალექსანდრე ფარეშვილი; კაპრალები - ვასილ ბარკალაია, იასონ მამულაშვილი, შოთა თაქთაქიშვილი, გიორგი (გოგლიკა) ვაჩნაძე, სერგო დონდუა, გიორგი ბერიძე, ნიკოლოზ ამილახვარი, ალექსანდრე დონდუა; ჯარისკაცები - აკაკი ამირეჯიბი, ვლადიმერ ზუბალაშვილი, შალვა კაკიტელაშვილი, ალექსანდრე ალანია, შოთა ბერეჟიანი, დავით სხირტლაძე, ფილიპე პეტრიაშვილი, ალექსანდრე ტარასაშვილი, ვლადიმერ დარაშვილი, ზურაბ აბაშიძე, ელიზბარ მაყაშვილი, ირაკლი ზედგინიძე, ბიძინა სიდამონ-ერისთავი, კუკური ჯაყელი, ევტიხი აბულაძე, ზურაბ ციციშვილი, ირაკლი ჯაფარიძე, მიხეილ ხუდადაშვილი (ხუდადოვი) და სხვები.

ნაწილის შესავსებად ქართველები არ ეყოთ, ფრანგი და ესპანელი ლტოლვილებიც შეიყვანეს. მაგრამ სანამ ნაწილი გაწვრთნეს, საფრანგეთი დამარცხდა და მარშალმა პეტენმა ტერიტორია ორად გაყო - გერმანიის მიერ ოკუპირებულ და თავისუფალ ზონად. ლეგიონიდან ჩამოსული ქართველები, ოდიშელიძესთან ერთად, აფრიკაში დაბრუნდნენ. დანარჩენები, ვინც თავისუფალ ნაწილში აღმოჩნდნენ, საფრანგეთის ჯარიდან გაუშვეს. ფრანგულ ჯარში მყოფ ქართველთა ნაწილი შემდეგ გერმანულ არმიაში ჩაეწერა, რათა მათი დახმარებით გაეთავისუფლებინა სამშობლო, ნაწილი კი ფრანგ პარტიზანებს შეუერთდა და საფრანგეთის წინააღმდეგობაში მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი გენერალ დე გოლის ხელმძღვანელობით განაგრძო ბრძოლა საფრანგეთის გასათავისუფლებლად.

რუსუდან დაუშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”