"მანანა კობახიძის განცხადება ნიშნავს, რომ მისთვისაც წითელი ხაზია ის, რაც ხდება" - ირაკლი ფავლენიშვილი
დემოკრატიას აუქმებენ ქვეყანაში და ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ახდენენ, ამით პრეცედენტსაც ქმნიან. ამაზე კომენტარი როგორ არ უნდა გაკეთდეს? მაშინ რას აკეთებენ საელჩოები ან ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტები? თუ ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, მაშინ საერთოდ არ უნდა გააკეთონ არაფერზე კომენტარი, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენელთა კრიტიკულ განცხადებებზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს გამოეხმაურა.
მისივე თქმით, შიდა საქმეში ჩარევა იქნებოდა, ევროკავშირის წარმომადგენლებს, რომ განესაზღვრათ ქვეყნის შიდა პოლიტიკა, “ჩვენ კი ძირითადად შეფასებებთან გვაქვს ხოლმე საქმე, რომელსაც თავს ვერ ავარიდებთ, მაშინ როდესაც ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი სრულიად იცვლება”.
„როცა ადამიანები დემოკრატიას აუქმებენ ქვეყანაში და ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ახდენენ, ამით პრეცედენტსაც ქმნიან, რომ რეალურად ყველა ოპოზიციური პარტია, რომელსაც ანტიოკუპაციური განწყობა ექნება, აღარ იარსებებს. ამაზე კომენტარი როგორ არ უნდა გაკეთდეს? მაშინ რას აკეთებენ საელჩოები ან ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტები? თუ ამაზე კომენტარს არ აკეთებენ, მაშინ საერთოდ არ უნდა გააკეთონ არაფერზე კომენტარი. ამიტომაც, ეს არანაირი შიდა ჩარევა არ არის. შიდა ჩარევაა, როდესაც განსაზღვრავენ შენი ქვეყნის შიდა პოლიტიკას, აქ კი უბრალოდ შეფასებებთან გვაქვს ხოლმე საქმე. როდესაც მთლიანად იცვლება პოლიტიკური ლანდშაფტი და ქვეყნის წყობა, ამ დროს, რა თქმა უნდა, კეთდება პოლიტიკური განცხადებები“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, მანანა კობახიძის განცხადებას, რომ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვიდან თვითგანრიდების შესახებ შუამდგომლობა „შინაგანმა რწმენისა და სამოსამართლო სინდისის“ კარნახით დააყენა.
„მეტი ვინ უნდა გააკეთოს განცხადება? ადამიანს, რომელიც არის „ქოცების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, აქვს ასეთი განცხადება გაკეთებული. ეს რას ნიშნავს? რომ მისთვისაც წითელი ხაზია ის, რაც ხდება, რადგან ესმის, რომ ეს არის არა მხოლოდ პოტენციური სანქციის საკითხი, არამედ საშვილიშვილო დამღა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს დემოკრატიის გაუქმებას მოაწერს ხელს”, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"