„პენსია ჩვენთან არ არსებობს, ეს უფრო შემწეობაა და არა პენსია“: რატომ ვერ ცხოვრობენ ქართველი პენსიონერები ღირსეულად? - რას ფიქრობენ ეკონომისტები? - კვირის პალიტრა

„პენსია ჩვენთან არ არსებობს, ეს უფრო შემწეობაა და არა პენსია“: რატომ ვერ ცხოვრობენ ქართველი პენსიონერები ღირსეულად? - რას ფიქრობენ ეკონომისტები?

ცნობილია, რომ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის, პენსია 45 ლარით იზრდება. შესაბამისად, 2027 წლის 1 იანვრიდან, მათი პენსია 415 ლარი გახდება. ამ მიზნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დამატებით 128 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ სიახლეზე ქართველი ეკონომისტებიც ბევრს კამათობენ და თავად პენსიონერებიც:

ნინო ფერაძე - ყოფილი ემიგრანტი: „ყველა ხომ ვერ მიატოვებს საქართველოს, რომ თავი გადაირჩონოს?!“

- თითქმის რვა წელი იტალიაში გავატარე. იქ წასვლა პენსიაში გასვლამდე გადავწყვიტე - მივხვდი, რომ ჩემი პენსია ელემენტარული ხარჯებისთვისაც არ მეყოფოდა. მეც იმ ქართველი ქალების რიგს შევუერთდი, რომლებიც უცხოეთში ხანდაზმულ ასაკში მიდიან და თითქმის თანატოლ, ყველაფრით უზრუნველყოფილ ადამიანებს უვლიან. გული მწყდებოდა, როცა მათ ცხოვრებას ვაკვირდებოდი და ჩვენსას ვადარებდი: ევროპელ პენსიონერებს არც ექიმი აკლიათ და არც სოციალური დაცვა, მათი ცხოვრების ხარისხიც გაცილებით მაღალია. ხშირად ვფიქრობ, ქართველი პენსიონერები ასეთ ცხოვრებას ოდესმე ვეღირსებით? - არა მგონია. ყველა ხომ ვერ მიატოვებს საქართველოს, რომ თავი გადაირჩონოს, ან უცხო ქვეყანაში როდემდე იცხოვრებ? - ეს შეკითხვები ახლა უფრო მეტად მაწუხებს და პასუხს ვერ ვპოულობ.

r-1792494502.gerliani.jpg

რამაზ გერლიანი - ეკონომიკის დოქტორი: „პენსია ჩვენთან არ არსებობს, ეს უფრო შემწეობაა და არა პენსია“

- პენსიაში გასვლა ნიშნავს, რომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარე, ყველაფერი გაიღე და ახლა უნდა დაისვენო. დასავლეთის ქვეყნებში პენსიონერები სწორედ ასე ცხოვრობენ: ცდილობენ, საკუთარ ჯანმრთელობას მიხედონ, დაისვენონ და იმოგზაურონ. ჩვენი პენსიონერები კი, დასვენებას ვინ დაეძებს, თავიანთი პენსიით ოჯახებს არჩენენ და წლიდან წლამდე, გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობენ. რეგიონებში, ბევრი ოჯახისთვის პენსია ერთადერთი ფულადი შემოსავალია. ალბათ ამიტომ, პენსიის 20 ლარით გაზრდა გადაწყვიტეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს არ იქნებოდა ადეკვატური ნაბიჯი: 20-ლარიანი ზრდა ინფლაციის მაჩვენებელსაც ვერ ფარავდა, საზოგადოების რეაქციაც ძალიან მწვავე იყო, ამიტომ, ბიუჯეტში თანხა გამონახეს, რომ პენსია უფრო მეტად გაეზარდათ. რასაკვირველია, დაკლებას ისევ მომატება სჯობს და 45-ლარიანი ზრდა უფრო მისაღებია, თუმცა, რეალობას თუ გავითვალისწინებთ, პენსია ჩვენთან არ არსებობს, ეს უფრო შემწეობაა და არა პენსია. ეს იმიტომ ხდება, რომ საპენსიო სისტემა სრულად არ არის ამუშავებული. უცხოეთში დაგროვებით პენსიასთან ერთად, კერძო საპენსიო სისტემაც მუშაობს. ჩვენთან კი, პენსია მხოლოდ შემწეობაა, რომელიც ვერავის ცხოვრებას ვერ გააუმჯობესებს და ხანდაზმულ ადამიანს მხოლოდ მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება. უკვე გითხარით, რომ 20-ლარიან ზრდას 45 ლარით მომატება სჯობს, თუმცა, მეტის შესაძლებლობაც იყო. თუ ჩვენს ბიუჯეტს ბიუროკრატიულ ხარჯები მოსცილდება, ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ პენსია დაახლოებით, 650-700 ლარის ფარგლებში გაიზარდოს. ამისათვის რა არის საჭირო? - სახელმწიფო საწარმოებზე დახარჯული დიდი თანხის ნაწილი, ამ ფენის სოციალურ უზრუნველყოფას მოხმარდეს. თავისუფლად შეიძლება, სახელმწიფომ ეს თანხა მოიძიოს თუ მაღალი რანგის თანამდებობის პირების ხელფასი უფრო ნელი ტემპით გაიზრდება და მათ ნაცვლად პენსიებს გაზრდიან. სამწუხაროდ, როცა ეკონომიკური პოლიტიკა არასწორი და გაუმართავია, სოციალური პოლიტიკაც მას ემსგავსება. როცა ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათი ვერ იქმნება, იქ სწორ სოციალურ პოლიტიკაზე ლაპარაკიც კი რთულია. სახელმწიფო საწარმოებს უზარმაზარი რესურსი მიაქვთ ბიუჯეტიდან, ეს საწარმოები კერძო სექტორში უნდა გადავიდნენ, რომ ბიუჯეტიდან სოციალური მიმართულებით მეტი თანხა გამოიყოს, რასაც ჩვენ ვერა და ვერ მივაღწიეთ.

paata-b-1792494524.jpg

პაატა ბაირახტარი - „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ დამფუძნებელი: „რაც ჩვენთან ხდება, არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს“

- უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში პენსია პოლიტიკური ვაჭრობის საგანია. თავდაპირველად, 20 ლარით აპირებდნენ მომატებას, რასაც საზოგადოების დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. ეს მმართველ პარტიაშიც დაინახეს, მით უმეტეს, რომ მინისტრების და დეპუტატების ხელფასების ზრდის ფონზე, ეს უკმაყოფილება კიდევ უფრო მზარდი იყო. ეს ყველაფერი დაინახეს და უკვე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალეს. ეს იყო წმინდა პიარსვლა - პოლიტიკურ ქულებზე გათვლილი გადაწყვეტილება. როდესაც პენსიაზე და სხვა სოციალურ გასაცემელზე ვსაუბრობთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ როგორი იქნება მისი მსყიდველობითი უნარი წლიდან წლამდე. ჩვენ რომ არ გვქონდეს დაჩქარებული ინფლაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, შესაძლებელია, პენსია წლიდან წლამდე არ გაზრდილიყო, მაგრამ მისი მსყიდველობითი უნარი მაინც მაღალი ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, საუბარი არ უნდა იყოს იმაზე, პენსია რამდენით იზრდება, საუბარი უნდა იყოს იმაზე თუ როგორია მისი მსყიდველობითი უნარი. ამ ინფლაციის პირობებში, პენსია 20 ლარით მეტი იქნება თუ 45-ით, ბევრს ვერაფერს შეცვლის და პენსიონერთა ყოფას ვერ გააუმჯობესებს. კუპონების დროს, ხალხი მილიონებს იღებდა, მაგრამ ეს არსებითად არაფერს ცვლიდა, აქედან გამომდინარე, მთავარია, რის გაკეთება შეიძლება ამ ფულით. როდესაც ჩვენ გვაქვს X რაოდენობა ლარის მასა, თუ მას სწორად გავანაწილებთ, ეს გონივრული გამოსავალია, მაგრამ თუ კიდევ უფრო მეტ ფულს დავბეჭდავთ, ეს კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს ჩვენს ეკონომიკას, სოციალურ ფონს და ინფლაციის მაჩვენებლებს... სქემა რომ გავამარტივოთ: დავუშვვათ, 10 ლარი გვაქვს, თუ ამ თანხიდან 5 ლარს ჩინოვნიკს მივცემთ და 5-ს პენსიონერს, ამ უკანასკნელის მდგომარეობა გაუმჯობესდება, მაგრამ თუ 9 ლარს ჩინოვნიკს მივცემთ, ხოლო 1-ს - პენსიონერს, ეს უსამართლო განაწილება იქნება. თუ ამ საკითხებს სამართლიანად მივუდგებით, შეჭირვებული ფენის მდგომარეობას გავაუმჯობესებთ. უბრალოდ, ამას პოლიტიკური ნება სჭირდება, რომელიც არ არსებობს. ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს თუ სწორად გავანაწილებთ, სოციალური უთანასწორობაც ნაკლები იქნება, მაგრამ როცა ბიუჯეტის 30%-ზე მეტი სოციალურ სფეროში იხარჯება, ეს ქვეყნის ტრაგიკულ მდგომარეობას აჩვენებს. როცა ეს ხარჯი წლიდან წლამდე არ იკლებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრების ხარისხს ვერ იუმჯობესებს. ეს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს. მოსახლეობაც იმდენად არის უზრუნველყოფილი თუ როგორ პოლიტიკას ატარებს ესა თუ ის ქვეყანა. მაგალითად: ფინეთში, ისრაელში, ნორვეგიაში და მათ მსგავს, მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკა აქვთ, ხოლო ჩვენთან - განსხვავებული: ჩვენთან აქცენტი იმაზე კეთდება, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება მეტი თანხა ამოაცალოს ჯიბიდან თითოეულ მოქალაქეს და ბიზნესს. იმ ქვეყნებში კი, სადაც ბიზნესიც თავისუფალია, ეკონომიკას სწორედ ბიზნესი ქმნის. როგორც მივუდგებით ბიზნესს, ისეთივე იქნება ამ ქვეყნის ეკონომიკური სექტორი და მოსახლეობის ცხოვრების დონე. ამიტომაა, რომ თავისუფალ ქვეყნებში მოსახლეობა ღირსეულად ცხოვრობს, ხელფასიც ნორმალური აქვს და პენსიაც.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)