"მთელ ციხეს ესმოდა, - მიშველეთო. გოგა არ გვინახავს, ვიცით, რომ ვენები აქვს გადაჭრილი, ძმას რომ რამით დაეხმაროს“ - რას ჰყვებიან ძმებ ფეიქრიშვილების დედა და ადვოკატი
პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატ პაატა გოგიაშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე პირმა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა ("კაწრო“) ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
"ვადასტურებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, ეს ფიზიკური დაზიანებები მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ, დავით ფეიქრიშვილის გადმოცემით, მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში, ამის მერე მოხდა, რაც მოხდა. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებები, მიდის მასზე ფიზიკური ზეწოლა. ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“, - განაცხადა პაატა გოგიაშვილმა. ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ პატიმრები, რომლებიც ფეიქრიშვილის საკანში არიან შესახლებულები სარგებლობენ მობილური ტელეფონით და "პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან... ორივე ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორს პატარიძეს, მე-8 საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეებს, უსაფრთხოების უფროსს და რეჟიმის უფროსს“, - თქვა ადვოკატმა და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.
ambebi.ge ადვოკატ პაატა გოგიაშვილს იმ დროს დაუკავშირდა, როცა დავით ფეიქრიშვილი კლინიკა "ვივამედში“ გადაიყვანეს.

"დათო ფეიქრიშვილი "ვივამედშია“ გადაყვანილი. ზუსტი დიაგნოზი არ ვიცი, მაგრამ მას 5 ნეკნი აქვს გატეხილი, სახის ძვლები დამტვრეული და აღენიშნება სისხლჩაქცევები. ასევე, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მარცხენა ხელი აქვს გადაჭრილი, თვითდაზიანება მიიყენა - გუშინ გასასაუბრებლად ამოვიყვანე შეხვედრის ოთახში, სადაც მან მინა ჩაამტვრია და იმით გადაიჭრა ხელი თვითგადარჩენის მიზნით, რათა იმ საკნიდან გამოეყვანათ (სადაც ვატო და მისი მეგობრები აწამებდნენ). ის მანამდე სხვაგან იჯდა და ცემის წინა დღეს გადმოიყვანეს ისეთ საკანში, სადაც ვიდეოკამერა არაა. დეპარტამენტმა და ციხის ადმინისტრაციამაც მშვენივრად იცოდნენ, რომ წლებია, მათ შორის დაპირისპირება იყო, მაგრამ რატომ მოხვდნენ ისინი ერთ საკანში, წარმოდგენა არ მაქვს. აშკარაა განზრახ, მიზანმიმართულად მოათავსეს ერთად ეს პატიმრები. ისინი დათოს ტელეფონის პაროლს და კოდს ითხოვდნენ (დათოს ტელეფონი საგამოძიებო ორგანოშია, მეორე მხარეს კი თან ჰქონდა მობილური). კონკრეტულად ვინ ითხოვდა მისი ტელეფონის კოდს, ეს არ ვიცი, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ვისთანაც იყო ტელეფონი დატოვებული, კოდიც მას სჭირდებოდა. რას ეძებდნენ არ ვიცი, შესაძლოა სჭირდებოდათ დათოს პირადი ინფორმაცია, ინფორმაცია ოჯახზე, სამეგობრო წრეზე, არ ვიცი... დათოს გადმოცემით, ეს ხუთეული დეპარტამენტის ხელმძღვანელ პატარიძესთან იყო კავშირზე, იქიდან ესაუბრებოდნენ და კითხულობდნენ, გაიგეს თუ არა რამე, მოიპოვეს თუ არა ინფორმაცია, კოდი... დათოს, რა თქმა უნდა, არ მიუცია პაროლი. გუშინ გიორგიმაც მიიყენა თვითდაზიანება საკანში - დათოს გადარჩენის მიზნით მარცხენა ხელზე ვენები გადაიჭრა. შესაძლოა, "ლარიოკში“ იყიდა ბრიტვა _ ელემენტარული ჰიგიენაა წვერის გაპარსვა და ამიტომ ჰქონდა. წესით და კანონით, ახლა გამოძიება უნდა იყოს დაწყებული. გუშინ ტელევიზიით მივმართე გენერალურ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ დამნაშავე პირები. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ვინ იქნება - ციხის თანამშრომელი, პატიმარი თუ სხვა. ვისაც აღნიშნულ დანაშაულში ხელი მიუწვდება, ყველა დასასჯელია. აქ მარტო ძალადობაზე არაა ლაპარაკი, თავისუფლების უკანონო აღკვეთაზეც. ასევე, ვითხოვთ ვიდეო კამერების ამოღებას“.