ხუთი მიმართულება, რომლითაც ტრამპი პუტინს ეხმარება - Die Welt - კვირის პალიტრა

ხუთი მიმართულება, რომლითაც ტრამპი პუტინს ეხმარება - Die Welt

გერმანიის გაზეთის „ველტის“ (Die Welt – „მსოფლიო“) 20 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პოლიტიკის ხუთი მიმართულება, რომლითაც ტრამპი პუტინს ეხმარება“ (ავტორი: გრეგორ შვუნგი, კორესპონდენტი ვაშინგტონში). „აშშ-ის ლიდერი მოსკოვზე ზეწოლას ასუსტებს, რითაც ფაქტიურად რუსეთისთვის მომგებიან პოლიტიკას ატარებს, უკრაინის მდგომარეობას კი პირიქით - აუარესებს. თეთრი სახლის პოლიტიკა პრორუსულია ხუთი მიმართულებით“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტს სურს რუსეთ-უკრაინის ომი თავისებურად დაასრულოს - უკრაინას კაპიტულაციისაკენ უბიძგებს. დონალდ ტრამპი თავისი გადაწყვეტილებებით ვლადიმერ პუტინის ხაზინას ფულით ავსებს, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკისადმი ნებისმიერ დახმარებებს ბლოკავს.

დახმარების მასშტაბები, რომელსაც ვლადიმერ პუტინი თავისი ამერიკელი კოლეგისაგან იღებს, იმდენად დიდია, რომ აშშ-ის კონსერვატიულმა გაზეთმა „უოლ სთრით ჯორნელმა“ გასულ კვირას კონგრესს სიტუაციის შესწავლისათვის მოუწოდა, ორივე პარტიის წარმომადგენლების მონაწილეობით. რედაქციის აზრით, სიტუაცია ისეთია, რომ შუალედური არჩევნების შემდეგ კონგრესი მასში აუცილებლად უნდა ჩაერიოს, რადგან დონალდ ტრამპი კავშირს ქმნის ვლადიმერ პუტინთან უკრაინის, ევროპის და ამერიკის ინტერესების წინააღმდეგ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, თავის მხრივ, სულ უფრო ძლიერად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას თეთრი სახლის მიმართ: „ვფიქრობ, რომ იდგმება ნაბიჯები უკრაინის დასარწმუნებლად კაპიტულაცია გამოაცხადოს“, - განაცხადა მან ინტერვიუში, რომელიც აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგს“ მისცა.

აშშ-ში ორივე პარტიის წევრები დონალდ ტრამპისაგან კურსის შეცვლას ითხოვენ. ზომიერმა რესპუბლიკელმა, წარმომადგენელთა პალატის წევრმა ბრაიან ფილცპატრიკმა უკვე გამოაცხადა გამოძიების დაწყება. სენატორ-დემოკრატი რუბენ გალეგო დაიმუქრა, რომ ილონ მასკს დაკითხვისათვის გამოიძახებდა, ხოლო სენატის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა როჯერ უიკერმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თავისი რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის შეჩერებისაკენ მოუწოდა.

ზოგადად, სიტუაციას თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის დახმარება მოსკოვისადმი მთლიანობაში ძირითადად ხუთი მიმართულებით ხორციელდება.

I. სანქციების შეჩერება

ახალი ანტირუსული სანქციების პაკეტი ძალაში გასულ კვირას უნდა შესულიყო - ამას ითვალისწინებდა კანონი, რომელიც კონგრესმა ორივე პარტიის მხარდაჭერით მიიღო ჯერ კიდევ საზაფხულო არდადეგების დაწყებამდე და რომელიც შეიმუშავა აწ განსვენებულმა სენატორმა ლინდსი გრემმა.

კანონში მოცემულია, რომ აშშ-მა უნდა შემოიღოს მაღალი საიმპორტო ბაჟები რუსული წარმოების პროდუქციის (საქონლის) მიმართ და მეორადი სანქციები იმ სახელმწიფოებიოს მიმართ, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ. მაგრამ დონალდ ტრამპმა კვირასვე, კანონზე ხელმოწერისთანავე (ანუ როგორც კი კანონი ძალაში შევიდა) გამოაცხადა, რომ ისარგებლებს „ლინდსი გრემის კანონით“ გათვალისწინებული უფლებით, რომელიც ნებას აძლევს პრეზიდენტს შეაჩეროს სანქციების ძალა „ეროვნული ინტერესების საფუძველზე“.

„არ მსურს ისეთი რამ გავაკეთო, რომელიც რუსეთს მოლაპარაკების პროცესიდან გასვლას აიძულებს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.

როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ნაბიჯმა ორივე პარტიის წარმომადგენლების კრიტიკა გამოიწვია. პრეზიდენტს უსაყვედურა ლინდსი გრემის უმცროსმა დამ - 62 წლის დარლინ გრემმაც: „მე უპირატესობას მივცემდი ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაგრძელებას - იმიტომ, რომ მას არ ვენდობი“, - განაცხადა მან. დარლინ გრემი, ძმის გარდაცვალების შემდეგ, მის ადგილზე დროებით სენატორად დონალდ ტრამპის წინადადებით იქნა დანიშნული - 2026 წლის 14 ივლისს - და ახლა სენატის არჩევნებში სამხრეთ კაროლინის შტატიდან მონაწილეობს. დღემდე იგი თავს არიდებდა აშშ-ის პრეზიდენტის ღია კრიტიკას.

II. პუტინის სამხედრო ბიუჯეტის შევსება

დონალდ ტრამპის მიერ ოქტომბრის დასაწყისში ვლადიმერ პუტინთან დადებული შეთანხმება დიზელის საწვავის შესახებ ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი გახდა. რუსეთის პრეზიდენტი სიამოვნებით დათანხმდა თავისი ამერიკელი კოლეგის თხოვნას 4,8 მილიონი ტონა საწვავის შესყიდვის (ექსპორტის) თაობაზე, რომლის მოცულობა სამომავლოდ ეტაპობრივად გაიზრდება. რა თქმა უნდა, ეს გარიგება კრემლს მნიშვნელოვან შემოსავლებს მოუტანს.

თეთრი სახლის ნებაზე რომ იყოს დამოკიდებული, ევროპამ დაუყონებლივ უნდა დაიწყოს რუსული გაზის შესყიდვა. როგორც გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიერ კვირას გამოქვეყნებულ მასალაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენლებმა სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პრეზიდენტის ეს გეგმა ჯერ კიდევ სექტემბერში გააცნეს ევროპელ და უკრაინელ ჩინოივნიკებს.

გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეშფოთება გამოხატა, რომ დიზელის საწვავზე გარიგების მიღწევის შემდეგ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს შეიძლება ბუნებრივი გაზის მიწოდებაზეც შეუთანხმდეს. სხვათა შორის, ბოლო დროს უკრაინის პრეზიდენტი თავს აღარ იკავებს და დონალდ ტრამპს ღიად, საჯაროდ აკრიტიკებს.

სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი რუს მომლაპარაკებლებთან გასული წლიდან მოყოლებული მსჯელობენ ორ ქვეყანას შორის საქმიანი შეთანხმებების შესაძლო დადებაზე. იმავე „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მონაცემებით, რუსული გაზის მიწოდების განახლება დასავლეთში განიხილება როგორც ეკონომიკური სტიმული მოსკოვისათვის, რომელიც დამატებით შემოსავალს მიიღებს და ევროპაში თავის გავლენას გააძლიერებს.

III. შეზღუდვები უკრაინისათვის

რუსეთისათვის განსაკუთრებით მომგებიანია ის სამხედრო შეზღუდვები, რომლებსაც დონალდ ტრამპი უკრაინისათვის აწესებს. 11 ოქტომბერს იმ უეცრად გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავის“ საფუძველზე პრეზიდენტი უკრაინის ლიდერისაგან ითხოვს, რომ მან რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები შეზღუდოს [სწორედ ამ ქარხნებში ხდება აშშ-ისათვის საჭირო დიზელის საწვავის წარმოება], მაგრამ იგივე შეზღუდვებს არ ითხოვს რუსეთის პრეზიდენტისაგან, რომლის დრონები უკრაინის სხვადასხვა ენერგეტიკულ ობიექტებს ბომბავენ. უკრაინას ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ჰქონდა, რომელიც რუსეთმა დიდი ხნის წინ გაანადგურა, მაგრამ ახლა მოსკოვი მეთოდურად ანადგურებს უკრაინის სხვადასხვა ენერგოობიექტებს.

გარდა ამისა, ბოლო დროს შეფერხებები შეიმჩნევა უკრაინისათვის თანამგზავრული კავშირგაბმულობის სისტემის Starlink-ის მუშაობაში, რომლის სიჩქარის შეზღუდვა ნეგატიურად მოქმედებს უკრაინული დრონების სიჩქარეზე.

ვაშინგტონი, როგორც ჩანს, ძალიან აჭიანურებს ნატოს ევროპელი ქვეყნებისათვის ადრე დაპირებული „პეტრიოტის“ რაკეტების მიწოდებასაც, რომლებიც მათ უკრაინას უნდა გადასცენ.

ერთი კვირის წინ ამერიკელი წარმომადგენლები, ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, დაიმუქრნენ, რომ შეწყვეტდნენ იმ პროგრამას, რომელშიც გულისხმობს „უკრაინისათვის პრიორიტეტული მოთხოვნების ჩამონათვალს“ (აბრევიატურა PURL). ეს არის ნატოს მიერ ინიცირებული პროგრამა, რომლის ჩარჩოებში ევროპული ქვეყნები უკრაინისათვის ამერიკულ იარაღს ყიდულობენ.

IV. პუტინის დიპლომატიური რეაბილიტაცია

„დიახ, მე ამას, ალბათ, გავაკეთებ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, როცა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა - მიიღებს თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას ვლადიმერ პუტინთან და სი ძინპინთან ერთობლივ შეხვედრაში, უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე მსჯელობის მიზნით.

აშშ-ის გაზეთ „უოლ სტრიტ ჯორნელის“ ცნობით, ამ იდეით რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა. სამივე ლიდერი ჩინეთის ქალაქ შენჟენში 18-19 ნოემბერს, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ტანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე.

ვლადიმერ პუტინისათვის სი ძინპინთან და დონალდ ტრამპთან მოლაპარაკება, ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე, კარგი საჩუქარი იქნება. „დიდი სამეულის“ სამიტი ხელს შეუწყობს კრემლის ლიდერის დიპლომატიურ რეაბილიტაციას და იგი დიდი, მძლავრი სახელმწიფოების - აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების თანასწორი სტატუსით ისარგებლებს. გარდა ამისა, პუტინი მიიღებს შესაძლებლობას უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინის გარეშე გადაწყვიტოს.

V. რუსული ნარატივის გავრცელება

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ურთიერთობა გაუარესდა დიზელის საწვავზე მომხდარი აშშ-რუსეთის გარიგების გამო, ამერიკელი ლიდერი თითქმის ყოველდღე მწვავედ აკრიტიკებს თავის უკრაინელ ოპონენტს, რომელსაც გადადგომისაკენ მოუწოდებს. „ალბათ, დროა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება უკრაინამ სხვა ლიდერს დაავალოს. ზელენსკის არ სურს კონფლიქტის დასრულება“, - ამ სიტყვებს დონალდ ტრამპი ბოლო ხანს ხშირად იმეორებს ჟურნალისტებთან შეხვედრისას და სოციალურ სქელშიც წერს, თუმცა კარგად იცის, რომ ომის დასრულება ზელენსკიზე დამოკიდებული არ არის.

ამერიკელი ლიდერი არ ერიდება რუსეთის დარტყმების მასშტაბების შემცირებასაც უკრაინის ინფრასტრუქტურაზე: „გულახდილად ვამბობ, რომ რუსეთი სრულიად ნორმალურად იქცევა უკრაინასთან მიმართებით. [კრემლი] რაიმე განსაკუთრებულს არაფერს არ აკეთებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ორშაბათს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო