„რეზიკო, ჩვენ საშუალო ფენას წარმოვადგენთ. გახსოვდეს, ბაბუ, გონება და გულმოდგინედ შრომა დაგჭირდება, თავი რომ გაიტანო“ - რეზო კლდიაშვილის დაუვიწყარი ისტორიები - კვირის პალიტრა

„რეზიკო, ჩვენ საშუალო ფენას წარმოვადგენთ. გახსოვდეს, ბაბუ, გონება და გულმოდგინედ შრომა დაგჭირდება, თავი რომ გაიტანო“ - რეზო კლდიაშვილის დაუვიწყარი ისტორიები

ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, მერე უმაღლესში თბილისში ჩააბარა და მას შემდეგ ამ ქალაქის მკვიდრია. მთელი ცხოვრება ორი მუზის ერთგულია - ქიმია და მწერლობა. პირველ კურსზე სწავლობდა, როცა ბაბუამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრა „რეზიკო, ჩვენ საშუალო ფენას წარმოვადგენთ. გახსოვდეს, ბაბუ, გონება და გულმოდგინედ შრომა დაგჭირდება, თავი რომ გაიტანო“... ეს სიტყვები გახდა მისი ცხოვრების ფორმულა. რეზო კლდიაშვილს 24 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა, სულ მალე კი საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭეს.

rezo-kldiashvili-1792573581.jpg

- გილოცავთ, ბატონო რეზო. ვფიქრობ, დაბადების დღისთვის კარგი საჩუქარია. თბილისმა თავიდანვე გულიანად მიგიღოთ?

- ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი.... თბილისთან ადაპტაცია არ გამჭირვებია, არც ადამიანებთან ურთიერთობა. სკოლის პერიოდში ყოველ არდადეგებზე ჩამოვდიოდი თბილისში დეიდასთან, რომელიც თან მყვებოდა და ყველგან დამატარებდა. თეატრი განსაკუთრებით უყვარდა და ლამის ყოველ დღე ვსტუმრობდით სხვადასხვა სცენას. მერე პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩავირიცხე და ახალი მეგობრები შევიძინე. მეორე კურსზე სტუდენტების ჯგუფი პოლონეთში წავედით, თბილისის საუკეთესო ოჯახების შვილებთან ერთად მოვხვდი. იქ დავმეგობრდით, ჩამოვედით და ერთმანეთს ვპატიჟებდით ოჯახებში. ასე აღმოვჩნდი მანანა დუმბაძესთან სახლში, სადაც ბატონი ნოდარი ვნახე. ის მაშინ შემოვიდა ოთახში, როცა მეგობრებიდან ერთ-ერთის პაროდიას ვაკეთებდი და გვარი მკითხა. - დავითის შთამომავალი ხარ? - არა, ნათესავი. პატარა პაუზის მერე თქვა: ძალიან მიყვარს დავით კლდიაშვილი.

picture1-1792573610.png

ფოტო: პატრიარქთან ერთად

წლების განმავლობაში თბილისში სიყვარულისა და სითბოს გარდა არაფერი მიმიღია და ქალაქს მადლობა გადავუხადე ფიქრის გორადან ჩემი საავტორი საღამოთი. სოფიკოსა და ბატონ კოტეს ვუთხარი, დადგა დრო, რომ თბილისს მადლობა ვუთხრა-მეთქი. სცენაზე მარტო ვიდექი, ვსაუბრობდი და ვიდეომასალა გადიოდა ჩემი პიესების მიხედვით დადგმული სპექტაკლებიდან. მოვიდა არაჩვეულებრივი საზოგადოება და საღამოც მშვენიერი გამოვიდა შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად. თბილისს დღესაც მადლობას ვეუბნები ყველაფრისთვის.

- თბილისი ძალიან გიყვართ, მაგრამ ქუთაისს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თქვენს ცხოვრებაში...

- ქუთაისმა ბევრი რამ მომცა, პირველ რიგში - ჩემმა ოჯახმა, უბანმა (საფიჩხია), მეზობლებმა, სკოლამ... საოცარი ბებია-ბაბუა მყავდა. ორივე გიმნაზიაში სწავლობდა, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ. ბაბუას კითხვა უყვარდა, სულ წიგნი ჰქონდა გადაშლილი და პენსნე ეკეთა. კითხვას სადაც დაამთავრებდა, იმ ფურცელთან პენსნეს ჩადებდა და ბებიას ეტყოდა: ელიჩკა გენაცვალე, ახლა დავიძინებ. ის პასუხობდა: კი, გიორგი, გენაცვალე. ერთმანეთს მხოლოდ ასე მიმართავდნენ, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ. ერთ დღეს ბაბუა მშობელთა კრებიდან ანერვიულებული დაბრუნდა - ჩემი შვილიშვილი სამოსანი ყოფილაო. ბებია შეეცადა ჩემს დაცვას: როგორ გეკადრება, ანეტა ჭეიშვილმა ისე აქო, ავტობუსში ადგილი დამითმო რეზიკომო… თვალებით მანიშნა, გავცლოდი იქაურობას და გააგრძელა: რა გვაქვს სანერვიულო, თუ გიყვარდე. წელს ბევრად უკეთესად სწავლობს, რა შედარებაა. ბაბუა კიბეებს აუყვა, შეჩერდა, მოაჯირს დაეყრდნო და თქვა: ჩვენი რეზიკოსგან არაფერი გამოვაო. ამ სიტყვებმა მომცა სტიმული, რომ კარგად მესწავლა.

babua-giorgi-kldiashvili-1792573274.jpg

ფოტო: ბაბუა გიორგი კლდიაშვილი

საუკეთესო პედაგოგები მყავდა. ჩემი ქიმიის მასწავლებელივით (მინდა გახოკიძე), მეც მკაცრი და მომთხოვნი ვარ. რუსულის მასწავლებელი ლამარა ბოკერია - ეს იყო ერთი მსახიობის თეატრი. მისი დამსახურებაა, მონოპიესის დაწერა რომ არ გამიჭირდა. გეოგრაფიას დარიკო გიორგაძე მასწავლიდა და გაკვეთილს რომ ახსნიდა, მერე მერხებს შორის ჩამოივლიდა და ახალახსნილ მასალაზე კითხვებს გვისვამდა. მეც ამას ვაკეთებ ლექციაზე. ასპირანტურაში ჩემი ხელმძღვანელი, აკადემიკოსი რამაზ ლაღიძე ესპანელი ინკვიზიტორი მეგონა - დილით შესული, საღამოს გამოვდიოდი ლაბორატორიიდან.

ქუთაისში „კაი რეზოს“ მეძახდნენ, ჩემზე კარგებიც როგორ არ იყვნენ, მაგრამ ეს უფრო ჩვენი ოჯახიდან გამომდინარეობდა, ბებია-ბაბუას ავტორიტეტი ჰქონდა საფიჩხიაზე. როცა ქუთაისში მივდივარ, წიფის გვირაბს გავცდები თუ არა, ასე მგონია, თითქოს ყველა უჯრედით განვიცდი და აღვიქვამ გარშემო ყველაფერს.

- თქვენი პირველივე პიესა „საპოვნელა“ ანშლაგით გადიოდა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. რა ხდებოდა პრემიერის დღეებში?

- ჯერ ერთ ამბავს გავიხსენებ. ხუთი წლის ვიყავი, როცა წყალტუბოში ბებიას მეგობარი გვესტუმრა და დიდი მაგიდა მისაღებ ოთახში ფურცლებით აივსო. ქალბატონი ხშირად მიხმობდა თავისთან, კალთაში მისვამდა და თავზე მეფერებოდა… კინოფილმისთვის „ჭრიჭინა“ სცენარს წერდა ბებიას მეგობარი, ცნობილი პოეტი და დრამატურგი მარიკა ბარათაშვილი. დღემდე მგონია, რომ რაღაც მადლი გადმოვიდა ჩემზე ქალბატონი მარიკასგან. ლამის ნახევარი საუკუნის შემდეგ დავწერე პიესა, რომელსაც „საპოვნელა“ დავარქვი ისე, რომ მარიკა ბარათაშვილზე იმ მომენტში არ მიფიქრია…

1995 წლის 7 თებერვალს დაინიშნა პრემიერა. გადაჭედილ დარბაზში სპექტაკლის დასრულების შემდეგ ოვაციები არ წყდებოდა. პირველი, ვინც ამოვიდა კულისებში და სოფიკო ჭიაურელს წარმატება მიულოცა, ედუარდ შევარდნაძე და მისი მეუღლე იყვნენ. ბატონმა ედუარდმა მეც მომილოცა. მიცნობდა იმიტომ, რომ ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბში გვესტუმრა. კლუბის პრეზიდენტი ვიყავი, ვაჟა ლორთქიფანიძემ და ნიკო ლეკიშვილმა მთხოვეს, რომ საქართველოში ახლადჩამოსული შევარდნაძე ჩვენთან მომეწვია. შეხვედრაზე როცა შევიყვანე, პირდაპირ ასე მითხრა: აქაურობა რა განათებულიაო. ახალგაზრდა მეცნიერების სახეები იგულისხმა, რომლებიც მას მოწიწებით შეჰყურებდნენ. შესანიშნავი საღამო გამოგვივიდა. ბევრი მათგანი შემდეგში ცნობილი მეცნიერი გახდა. „საპოვნელას“ პრემიერაზე შევარდნაძის ინტერვიუ მეორე დღეს დაიბეჭდა გაზეთში, სადაც მან ჩვენ კლუბში შეხვედრაც გაიხსენა.

ერთ დღეს, „საპოვნელას“ მორიგი ჩვენება დასრულდა და გარეთ ვდგავარ, ნაცნობებს ველოდები. თეატრის ეზო ხალხითაა სავსე, სოფიკოს გამოსვლას ელოდებიან. მომიახლოვდა ოთარ მეღვინეთუხუცესი და მეუბნება: ხომ უყურებ, რა ხდება? დაწერე კომედია! დავწერ-მეთქი…უკვე ვწერდი სოფიკოსთვის „იადონას თეატრს“. მონოპიესა „მარტოობის ბინადარიც“ მისთვის დავწერე, რომელიც ერთი მსახიობის თეატრში ნანა მჭედლიძემ დადგა.

sopikos-milocva-1792573488.jpg

ფოტო: სოფიკო ჭიაურელის მილოცვა

- ის ლექსი გაიხსენეთ, ქალბატონმა ნანა ღვინეფაძემ რომ გადმოგცათ „საპოვნელას“ პრემიერის წინ.

- საერთოდ მიყვარს მაყურებლისთვის თვალის შევლება. დარბაზში შევიხედე, ცნობილი თეატრმცოდნე, პოეტი და მთარგმნელი - ნანა ღვინეფაძე მიღიმოდა შორიდან. მასთან სიმონეთი, ღვინეფაძეების უბანი, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი და სხვა უამრავი სიკეთე მაკავშირებდა. ნანა სწრაფად მომიახლოვდა, კონვერტი გამომიწოდა და სპექტაკლის დაწყების ზარის ხმაც გაისმა. კონვერტში ჩემდამი მოძღვნილი ლექსი აღმოჩნდა „იანვრის სევდა“... ეს იყო მოულოდნელი და ამაღელვებელი სიურპრიზი. ის ხელნაწერი შენახული მაქვს. ლექსის ბოლო სტროფს გეტყვით: „…ჩემს იმერეთში / ისეთი ლხინი / მინდა გავმართო / ვინაც ყოფილა / და არ ყოფილა / წარაქოულას / ნამით გავნათლო! / თუ გაზაფხულდა!.. / …ჩემო იარალი, / ნეტავი ოდეს“.

- რომელიმე პიესაში ან მოთხრობაში პერსონაჟი, პროფესიით ქიმიკოსი თუ გყავთ?

- სხვათა შორის, „საპოვნელაში“ არის ქიმიკოსი თათა, რომელიც შემთხვევით მოხვდება მათიკო კეზევაძის ოჯახში, თავს იწონებს პროფესიით და ბევრს საუბრობს ქიმიაზე. არ არის დადებითი პერსონაჟი, არეულობა შემოაქვს.

- ზუგდიდის თეატრის სცენაზე დაიდგა „ზარატუსტრას ჟამი“ და მსახიობებთან ერთად სცებაზე იდექით.

- პიესა წავიკითხე ფიქრის გორაზე, რომელსაც გიგა ლორთქიფანიძე ესწრებოდა. მან თქვა, რომ არის პიესები კითხვისთვის და ამისი სცენაზე განხორციელება ვერ წარმომიდგენიაო. ეს პიესა ზუგდიდში დადგა რეჟისორმა ირაკლი გოგიამ და მითხრა, მინდა სცენაზე ამოხვიდეთო. მეგონა სპექტაკლის შემდეგ სცენაზე ასვლას გულისხმობდა. არა, თქვენ უნდა წაიკითხოთ ზარადოშტის, ზარატუსტრას და მომავლის რჩეულის ქადაგებებიო. იმერელი ვარ, ცოტა გავიპრანჭე, მაგრამ მალე დავთანხმდი. მერე ეს სპექტაკლი რუსთაველის თეატრში ვაჩვენეთ, რობიკომ დიდი სცენა დაგვითმო. „ზარატუსტრას ჟამი“ 2009 წელს დაჯილდოვდა თეატრის მოღვაწეთა კავშირის პრემიით წლის საუკეთესო სპექტაკლისთვის.

martoobis-binadari-spektaklis-shemdeg-1792573356.jpg

ფოტო: “მარტოობის ბინადარი“ - სპექტაკლის შემდეგ

- მოთხრობების პირველი წიგნი გამოეცით 1990 წელს, შემდეგ იყო სხვა არაერთი კრებული და ახლახანს გამოვიდა „მარტოობის ბინადარი“. პირველი და ბოლო წიგნის შესახებ მიამბეთ.

- დღეს ქართულ მწერლობაში თუ ვარსებობ, ეს არის სერგო და ქეთო კლდიაშვილების დამსახურება. სიმართლე გითხრათ, გვარი ყოველთვის უკან მხევდა, თავს უფლებას არ ვაძლევდი რამე გამომექვეყნებინა. მერე ჩემში რაღაც მომწიფდა, ერთ დღესაც დავით კლდიაშვილის შვილთან, სერგოსთან მივედი და 4 მოთხრობა დავუტოვე. მას თვალისჩინი ცოტა აკლდა და მისმა დამ - ქეთომ წაუკითხა ჩემი ნაწერი. დამირეკეს, მივედი, ვერდიქტი ასეთი იყო: აუცილებლად უნდა დაბეჭდო! მათ დამილოცეს გზა, მაგრამ მადლიერი ვარ მორის ფოცხიშვილის, რომელიც მაშინ „ცისკრის“ რედაქტორი გახლდათ და იქ რამის დაბეჭდვა პატარა ამბავი არ იყო. გამოვიდა ჟურნალი, ვნახე ჩემი მოთხრობები და ვერ აგიწერთ, რა ბედნიერი ვიყავი, ჩემ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

წიგნში „მარტოობის ბინადარი“ თავი მოვუყარე ყველა პიესას. პრეზენტაცია არ მქონია და დიდად არც მიყვარს. თუმცა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პრეზენტაცია მექნება იმიტომ, რომ წიგნი მათ სტამბაში დაიბეჭდა და სადისერტაციო საბჭოს წევრებს (მეც ამ საბჭოს წევრი ვარ) მინდა წიგნები ვაჩუქო. განსაკუთრებული მადლობა კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებით საქართველოს“ ამ წიგნის გამოცემისთვის.

- სამსახურში ყოფნისას მოთხრობის ან პიესის იდეა გაგჩენიათ?

-მოთხრობა „ირინოლა“ სამსახურში დავწერე… ექსპერიმენტი მიდიოდა, რომელსაც დრო სჭირდებოდა. ოთახში კოლეგა შემოვიდა და საუბრისას პატარა ამბავი მიამბო. სამამულო ომის შემდგომი პერიოდია, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში ცხოვრობდნენ ნანა დიმიტრიადი (დირიჟორ ოდისეი დიმიტრიადის შვილი) და მარინა ახვლედიანი (დოდო აბაშიძის მეუღლე). პატარა გოგონები ყოველდღე უკრავდნენ პიანინოზე, მუსიკის ხმები ქუჩაში გამოდიოდა. ამ ქუჩაზე გერმანელ ტყვეებს ამუშავებდნენ და ისინი ხშირად ჩერდებოდნენ სახლთან მუსიკის მოსასმენად. აი, ეს ფაბულა გამოვიყენე, თუმცა ჩემ მოთხრობაში გოგონა მევიოლინე გახდა, მისი მამა ფრონტზე დაიღუპა და ა.შ. ეს მოთხრობა მერე პოპულარული გახდა. მისი პირველი მკითხველები, იცით, ვინ იყვნენ? სესილია თაყაიშვილი, დავით თორაძე და ქეთო კლდიაშვილი. სამივე „ლეჩკომბინატში“ პროფილაქტიკურ გამოკვლევებს იტარებდა, მოთხრობა იქ მივუტანე ქეთოს. იმათ შთაბეჭდილებებზე არაფერს გეტყვით…მერიდება.

keto-kldiashviltan-ertad-1792573448.png

ფოტო: ქეთო კლდიაშვილთან ერთად

- ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წლებია ხართ და რა მნიშვნელოვან კვლევაზე მუშაობთ?

- ერთ დღეს ბედმა გამიღიმა, ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ დამირეკა და რესტავრაცია - კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელობა შემომთავაზა. სიახლეები მიყვარს, სამედიცინო აკადემიაში ჩემს მიერ დაარსებული კათედრა მივატოვე და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში წამოვედი. ეს არის საოცარი ადგილი, თუ რამეს წარმოვადგენთ, ყველაფერი ჩვენს საცავებშია თავმოყრილი. პროფესიული მიმართულებით დამაინტერესა კვლევის თანამედროვე მეთოდებმა, ქართული მელნის სტრუქტურის შესწავლისთვის. დავიწყე ექსპერიმენტი ტექნიკური უნივერსიტეტის მასალათმცოდნეობის ლაბორატორიიდან და გავაგრძელე ბერიტაშვილის ექსპერიმენტულ ბიომედიცინის ცენტრში ძალოვან მიკროსკოპზე. იქ ცნობილი მეცნიერი, ჩემი მეგობარი ია ჟვანია დამიდგა გვერდში. სხვათა შორის, თანხები საერთოდ არ ფიგურირებს ამ საქმეში, პატრიოტული მოტივით ერთვებიან. უკვე შესანიშნავი შრომებიც დაიბეჭდა. მადლობას ვეუბნები ყველას ია ჟვანიას თამადობით, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)