“პარტიების აკრძალვის შემდეგი ეტაპი იქნება პიროვნული აკრძალვა, ტელევიზიებსაც აღარ შეეძლებათ ასეთი პოლიტიკოსები მიიწვიონ“ - გიორგი ბუტიკაშვილი
პროდასავლურ პარტიებს კრძალავს „ქართული ოცნება“ - ხუთივე პარტიას გაცხადებული აქვს, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რომ უნდა ვითანამშრომლოთ დასავლელ პარტნიორებთან, აღვასრულოთ ისტორიული ვალი, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტია აპირებს გააუქმოს ის პარტიები, რომლებმაც „ქართული ოცნების“ დათვლითვე, გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში, 800 ათასზე მეტი ხმა მიიღეს“.
„ხშირად ვამბობთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიების ასაკრძალი სარჩელი შეიტანა, რომელსაც ბოლომდე მიიყვანს, თუმცა კონტექსტი და შინაარსი არის განსხვავებული. რომელ პარტიებს კრძალავს „ქართული ოცნება“? პროდასავლურ პარტიებს კრძალავს. ხუთივე პარტიას გაცხადებული აქვს, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რომ უნდა ვითანამშრომლოთ დასავლელ პარტნიორებთან, აღვასრულოთ ისტორიული ვალი, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს და გვქონდეს ბედნიერი მომავალი.
ამ პარტიებს, შინაარსობრივად პროდასავლურ პარტიებს კრძალავს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ დათვლითვე, გაყალბებული არჩევნების შემთხვევაში, 800 ათასზე მეტი ხმა მიიღეს. აიკრძალა არჩევნებში მონაწილეობა უკვე ემიგრანტებისთვის, რომლებიც ასევე ევროპულ მომავალს ირჩევენ. ამ აკრძალვის ტრაექტორია აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ ასე პირდაპირ არ ამბობს, რომ ის რუსეთის გავლენის ზონაა, მაგრამ მისი ყველა ნაბიჯი ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს გააუქმოს ქვეყანა, რომელიც ევროპის ნაწილია.