“ეტყობა, მოაგვარა და მე გამომრჩა რამე“ - ირაკლი კობახიძე დავით-გარეჯის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე
ეტყობა, მოაგვარა და მე გამომრჩა რამე, - ამ რეპლიკით უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ახალ წერილში დავით-გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სადაც ღარიბაშვილი აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებს.
ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები მოგვარდეს. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილის განცხადებები საინტერესო არავისთვის აღარ არის.
„ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ ჩვენს მეგობრებთან, როგორც აზერბაიჯანელ მეგობრებთან, ასევე სომეხ მეგობრებთან საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ორივე მხარე, როგორც აზერბაიჯან-საქართველოს, ასევე სომხეთ- საქართველოს შემთხვევაში ვთანხმდებით, რომ ეს პროცესი არის აქტიურად გასაგრძელებელი და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მივაღწევთ არსებით პროგრესს ამ მიმართულებით. გრძელდება აქტიური მუშაობა. რაც ვერ მოაგვარა მან, იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ და მოვაგვარებთ“, - განაცხადა კობახიძემ.