“სინამდვილეში კრძალავენ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, განათლებულებს, მშრომელებს და მედასავლეთეებს“ - ნიკა გვარამია
დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას. ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც რეალობაში ხდება. სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობელნი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიას საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადა.
მან ამ სიტყვებით დაიწყო კონკრეტული შუამდგომლობის დაყენება, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობას ეხებოდა. გვარამიას თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახმობილ უნდა იქნეს, რადგან ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ გვარამიას პოლიტიკური განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა, მოგვიანებით კი ის გააფრთხილა.