ფრანგებსა და რუსებს „მირაჟი“ და „სუ“ ერთდროულად ჩამოუვარდათ...
არცთუ ისე იშვიათად ხდება, როდესაც ერთმანეთთან პოლიტიკურად დაპირისპირებული ქვეყნებში თითქმის ერთდროულად განიცდიან ავარიას ან კატასტროფას ერთი და იმავე კლასის საბრძოლო თვითმფრინავები...
20 ოქტომბერს, გვიან ღამით, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ნანსის სიახლოვეს, სასწავლო-საფრენოსნო მისიის დროს ჩამოვარდა ფრანგული გამანადგურებელ-ბომბდამშენი Mirage 2000D, დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი, მეორეს კი ეძებენ.
21 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია კალინინგრადის ოლქში რუსული Су-30СМ-ის ჩამოვარდნის შესახებ. თვითმფრინავი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა, ორმა პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და გადარჩა.
ფრანგული „მირაჟიც“ და რუსული „სუ“-ც გამანადგურებელ-ბომბდამშენების კლასს განეკუთვნებიან ანუ ისინი თავის დროზე გამანადგურებლების(შესაბამისად Mirage 2000-ისა და Су-27-ის) ბაზაზე შეიქმნენ ეკიპაჟის მეორე წევრების-შეიარაღების ოპერატორების დამატებით და შეიძინეს სახმელეთო და საზღვაო სამიზნეებზე მართვადი შეიარაღების(საავიაციო ბომბებისა და რაკეტების) ზუსტად გამოყენების უნარიც ანუ წმინდა გამანადგურებელი საბრძოლო თვითმფრინავებიდან გადაიქცნენ გამანადგურებელ -ბომბდამშენებად.
მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ აერთიანებთ - როგორც ფრანგულ Mirage 2000D-ს, ისე რუსულ Су-30СМ-ს შეუძლიათ სპეციალური საბრძოლო მასალის ანუ ბირთვულქობინიანი მართვადი საავიაციო რაკეტებისა და საავიციო ბომბების გამოყენებაც, რაც მათ ევროპის კონტინენტზე უკვე სტრატეგიულ შემტევით საშუალებად გადააქცევს.
ის ფაქტი, რომ რუსული „სუ“ სწორედ კალინინგრადის ანკლავის ჩერნიახოვსკის რაიონში ჩამოვარდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს თვითმფრინავი ეკუთვნოდა რუსეთის ბალტიის ფლოტის საზღვაო ავიაციის მე-4 გვარდიულ მოიერიშე საავიაციო პოლკს, რომლის მუდმივი დისლოკაციის ბაზაც სწორედ ჩერნიახოვსკის სამხედრო აეროდრომზე მდებარეობს.
თავის დროზე, ამ სტატიის ავტორი სწორედ ჩერნიახოვსკში გადიოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს სააავიაციო ნაწილში და ახსოვს, რომ მაშინაც იქ დისლოცირებული Су-24М ტიპის საბჭოთა საფრონტო ბომბდამშენების ეკიპაჟების სპეციალურ საბრძოლო დავალებაში შედიოდა ჩრდილოეთ ევროპაში ნატოს წევრ და არაწევრ ქვეყნების წინაღმდეგ ტაქტიკური დანიშნულების ბირთვული შეიარაღების გამოყენება.
დღესაც, კრემლის დავალება დიდად არ შეცვლილა - მას კალინინგრადის ანკლავში კვლავ აქვს დასაწყოებული ტაქტიკური დანიშულების საავიაციო ბირთვული ბომბები, რომელთა საბრძოლო გამოსაყენებლად ჩერნიახოვკის საავიაციო პოლკი შედარებით თანამედროვე Су-30СМ-ებსა და Су-30СМ2-ებზე გადაიარაღა.
რუსეთი ჩრდილოეთ ევროპას სწორედ კალინინგრადის ანკლავით ესაზღვრება, საიდანაც უფრო ახლო და ადვილია ბირთვული იარაღის მიწვდენა ნატოს წევრ პოლონეთამდე, შვედეთამდე,ნორვეგიამდე,დანიამდე თუ გერმანიამდე.
„ბებერ ევროპაში“ კი საკუთარი ბირთვული იარაღი მხოლოდ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს აქვს, თუმცა ბრიტანელებს მხოლოდ ატომურ წყალქვეშა ნავებზე განთავსებული ამერიკული ბირთულქობინიანი სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტები თუ შემორჩათ, მაშინ როდესაც საფრანგეთი ინარჩუნებს ბირთვულ ტრიადას-ატომურ წყალქვეშა ნავებზე, სახმელეთო ბაზირების ბალისტიკურ რაკეტებსა და ტაქტიკურ თვითმფრინავებზე ბირთვული იარაღის განთავსებით.
მას შემდეგ, რაც პუტინმა ძალზე „გაუტია“ ბირთვული შანტაჟით, როდესაც ტაქტიკური ბირთვული ბომბებით უკრაინის შემდეგ, თვით ევროპასაც კი დაემუქრა, „ბებერმა ევროპამაც“ სცადა „ბირთვული კლანჭების“ გამოჩენა,კ ერძოდ კი სწორედ საფრანგეთმა...
ტრამპის ამერიკის გვერდში დადგომის იმედდაკარგულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა ბირთვული იარაღის მატარებელი საბრძოლო თვითმფრინავების (კერძოდ, Rafale-ის ტიპის გამანადგურებლების) დროებითი გადასროლა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში.
ეს ინიციატივა მაკრონმა თავის ახალ ბირთვულ სტრატეგიაში — „მოწინავე შეკავების“ (Advanced Deterrence) დოქტრინაში — გააჟღერა. გეგმა ითვალისწინებს საფრანგეთის სტრატეგიული საჰაერო ძალების ელემენტების დროებით განლაგებას პარტნიორ ქვეყნებში. პოლონეთის გარდა, ბირთვული შეკავების გაძლიერების მიზნით, საფრანგეთმა თანამშრომლობისა და შესაძლო დროებითი ბაზირების კონტექსტში მოლაპარაკებები დაიწყო ისეთ ევროპულ მოკავშირეებთან, როგორებიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, საბერძნეთი, შვედეთი და დანია.
მიუხედავად იმისა, რომ ორადგილიანი Rafale B განიხილება ფრანგული ბირთვული იარაღის,კერძოდ კი ASMP-A / ASMPA-R ზებგერითი ფრთოსანი რაკეტების(ფრენის სიშორე 500 კმ,ბირთვული ქობინის სიმძლავრე 300 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი) ოფიციალური მატარებლად,საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში 2035 წლამდე დარჩება 50 ერთეული მოდერნიზებული Mirage 2000D RMV-ც (რომელთაგან ერთ-ერთმა გუშინ კატასტროფა განიცადა), რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ „რაფალების“ გვერდში ამოდგომა, თუკი საქმე ევროპაში ბირთვული ბომბების „დატოლებამდე“ მივიდა...