ჯარში გაწვევა, ეროვნული სამსახური და დემოკრატია
ამ დღეებში თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოში თანდათან გაუქმდებოდა და რომ ეს ოთხი წლის განმავლობაში მოხდებოდა. ეს ნამდვილად კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ამჟამინდელ სისტემას აზრს ვერ გამოუტან. სამხედრო სამსახურში გაწვევა უხსოვარი დროიდან მოდის. ხშირი იყო მეზობლებს შორის ომი, როცა ფეხით მოსიარულე არმიები უზარმაზარ მანძილს გადიოდნენ. დღეს ასე აღარ ხდება და ქართულ ჯარს ალბათ ამდენი ჯარისჯაცი აღარ სჭირდება.
რა დანიშნულება აქვს გაწვევას? ადრე ამ გზით ხდებოდა საჭირო რაოდენობის ჯარისკაცების მოძიება. თანაც ამ გზით სახელმწიფო უფასო მუშახელსაც იძენდა. გარდა ამისა, გაწვევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მეთოდი, რადგან ამ დროს დანაყოფებში თავს უყრიან სხვადასხვა წარმომავლობის ხალხს. ასე იყო საბჭოთა კავშირში. ასეა ისრაელში ახლაც. ალბათ, ამ გზით ახალწვეულები გარკვეულ პრაქტიკულ ტრეინინგებსაც შეიძლება იღებდნენ. საერთოდ, მიღებულია, რომ გაწვევა პატრიოტიზმს აძლიერებს.
გასარკვევი ისაა, თუ რამდენად არის ყოველივე ეს საჭირო? ვალდებულია, თუ არა ჯარი რომ ყოველივე ეს აკეთოს?
მეორე მსოფლიო ომამდე გაწვევები აშშ-ში მხოლოდ ომების დროს ხდებოდა. შემდეგ კი მუდმივი გახდა და ასეთად რჩებოდა 1973 წლამდე. 1973 წლიდან კი ამერიკა ე.წ. მოხალისეთა ანუ პროფესიონალურ არმიაზე გადავიდა. სამწუხაროდ, ამ ფორმატის ჯარში ფაქტიურად უღარიბესი ფენა მიდის. ეს მათთვის ფულის წყაროა. ზოგჯერ, პროფმომზადებაც ხდება. თუმცა, საერთო ჯამში, გაწვევა ამერიკის ისტორიაში ყოველთვის გარკვეულ უხერხულობას იწვევდა, რადგან შეძლებულები ყოველთვის ნახულობდნენ გამოსავალს, რომ სავალდებულო სამსახურისგან თავი აერიდებინათ.
ამერიკის სამოქალაქო ომის დროს სამხრეთში მონების პატრონებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვალდებულება მოხსნილი ჰქონდათ. ამიტომ იმ დროს ხშირად გაიგონებდით ფრაზას: "მდიდრების ომი ღარიბების ხელით". ჩრდილოეთში სამაგიეროდ თავიანთ მონაცვლეებს უშვებდნენ ჯარში ანდა უბრალოდ ფულს იხდიდნენ, რომ არ გაეწვიათ. ყოველივე ამან განაპირობა 1863 წლის ნიუ-იორკის არეულობა - ყველაზე ხანგრძლივი შიდა დაპირისპირება ამერიკის ისტორიაში. ამრიგად, როცა გაწვევა არსებობდა, არსებობდა შესაბამისად ღარიბების მუდმივი გაღიზიანებაც, რადგან მხოლოდ მათ უწევდათ უშუალოდ ბრძოლების წარმოება. თუმცა ახლაც, როცა გაწვევა აღარ არსებობს ამერიკაში, ღარიბები კვლავ ძირითადი მასაა ყველა მიმართულებით სამხედროთა შორის. თანაც სახალხო გაწვევის გაუქმებამ მოხსნა აგრეთვე ჯარზე გარკვეული დემოკრატიული კონტროლის ძლიერი მექანიზმი. ამიტომ დღეს მდიდრებს ხშირად არავითარი ახლობელი თუ მეგობარი არ ჰყავთ ჯარში, მაგრამ სწორედ ისინი იღებენ ომის წამოწყების გადაწყვეტილებებს.
"დემოკრატიას არ სჭირდება იდეალური თანასწორობა, მაგრამ მოქალაქეებისგან საზოგადო ცხოვრებაში მონაწილეობას მოითხოვს. მთავარია ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმში სხვადასხვა წარმომავლობისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების რეგულარული ურთიერთობა," - ეს სიტყვები ამოღებულია ამერიკაში ახლახანს გამოშვებული ახალი და მეტად პოპულარული წიგნიდან "What Money Can't Buy" ("რასაც ფულით ვერ იყიდი"). ის ჰარვარდში მოღვაწე ფილოსოფიის პროფესორმა დაწერა. წიგნს ქვესათაურიც აქვს: "ბაზრების მორალური საზღვრები". მართალია, ჯარი ბევრი გაჭირვებულისთვის წინსვლის მნიშვნელოვანი საშუალებაა, ის სამოქალაქო ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალის როლს ნამდვილად არ ასრულებს (ზოგიერთი ქვეყნისაგან განსხვავებით). ბევრ საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოში, დიდი წყალგამყოფები არსებობს: რეგიონული, ურბანული თუ აგრარული, ეთნიკური, ენობრივი, სოციალური. ის, რაც ამ მრავალფეროვან ჯგუფებს ერთ გუნდად აქცევს, საქართველოს ერთიანობის უზრუნველყოფის ეფექტური საწინდარია. ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.
ამჟამინდელი სისტემა ამას მეტნაკლებად არ აკეთებს. ძირითადად იმიტომ, რომ მათ, ვისაც უნივერსიტეტში მოხვედრა და იქ სწავლების ფულის გადახდის უნარი აქვს, ამ სისტემის გარეთ არიან. ათასობით ახალგაზრდა კაცი ამთავრებს ბაკალავრიატსა თუ მსგავს კურსებს და რაიმე სამუშაო გამოცდილების მიღების მაგივრად კვლავ აგრძელებს განათლების მიღებას, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მონაწილეობას აარიდოს თავი. ამიტომ საქართველოს ჯარშიც ფაქტიურად სულ ღარიბები მიდიან - ისინი, ვისაც სხვა გზა არა აქვს. შესაბამისად, ჯარის ყველაზე დიდი პოტენციალი მთლიანად ვერ რეალიზდება.
სამოქალაქო ინტეგრაციის გარდა, ჯარს სასარგებლო ტრეინინგის მოწოდებაც შეეძლო, მაგრამ რეალობა სულ სხვაა. ჯარი მხოლოდ ომში საბრძოლველად გამოიყენება და არ მოიაზრება ახალწვეულებისთვის დასაქმების ბაზრისთვის მომზადების ინსტრუმენტად. ახალწვეულების უმრავლესობას შუა ომში ნაკლებად თუ უშვებენ, ამიტომ წლის განმავლობაში ცოტა რამ თუ ხდება ხოლმე მათ სამხედრო ცხოვრებაში. ჯარისკაცების დიდი ნაწილი გარკვეულ სწავლებებს კი გადის, მაგრამ დანარჩენი დრო სამთავრობო დაწესებულებების წინ დგომაში გაჰყავთ. ეს ალბათ მენეჯმენტისა თუ მიდგომის ბრალია. არადა, უფრო სასარგებლო საქმის კეთება შეიძლებოდა.
ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა არმიისა და ეროვნული სამსახურის კონცეფციის განცალკევება. ბევრ ქვეყანას აქვს ეროვნული სამსახური ამა თუ იმ სახით. ზოგ ადამიანს სამხედროში არ უნდა სამსახური ან საერთოდ არ უჭერს მხარს სამხედრო საქმეს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს ისეთი უნარ-ჩვევები, რომელთა გამოყენებაც სხვანაირად შეძლებდა ქვეყნის სასარგებლოდ. უნდა არსებობდეს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა 18 წლის ახალგაზრდა გადიოდეს ეროვნულ სამსახურს სამხედრო დანაყოფებში ბაზისური სწავლების გავლის სახით, რადგან გარკვეული ტრეინინგი ყველასთვის იქნება სასარგებლო. მაგრამ ამის შემდეგ შეიძლებოდა გზების გაყოფა: ნაწილი გააგრძელებდა ჯარში მსახურებას, ნაწილი კი სამშობლოს სხვაგვარად მოემსახურებოდა. მთავარია, მიღებული გამოცდილება ღირებული და საზოგადოებისგან დაფასებული იყოს, რომ ყველას უნდოდეს ასეთ სამსახურში ჩადგომა. ყველა შემთხვევაში, ამ პროცესში ყველა უნდა მონაწილეობდეს - ღარიბიც და მდიდარიც.