რუსეთმა ისევ კიევს დაარტყა, უკრაინამ კი - ისევ რუსულ არსენალს - კვირის პალიტრა

რუსეთმა ისევ კიევს დაარტყა, უკრაინამ კი - ისევ რუსულ არსენალს

ომში მოწინააღმდეგის სამიზნეების ამორჩევასაც თავისი ლოგიკური წესი აქვს - ყველა ცდილობს, რომ მტერს პირველ რიგში, სამხედრო სამიზნეები გაუნადგუროს და მხოლოდ შემდეგ - ორმაგი დანიშნულების, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომში ეს წესიც მუდამ ირღვევა და, პირველ რიგში, ამ ომის დამწყები აგრესორი რუსეთის მხრიდან...

21-22 ოქტომბრის ღამესაც უკრაინის დედაქალაქ კიევსა და სხვა უკრაინულ ქალაქებში რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა და 210-მა კამიკაძე-დრონმა თავის სამიზნეებად ისევ ძირითადად სამოქალაქო ობიექტები ამოირჩიეს და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ შეძლო 181 დრონის (მათ შორის - 87 რეაქტიულის) ჩამოგდება, 32 ადგილას მაინც მოხდა აფეთქება...

ყველაზე მეტი ნგრევა კიევში რუსულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა გამოიწვიეს, რომელთა მოგერიებას უკრაინელი მეზენიტეები ვერ ახერხებენ, ამერიკული „პეტრიოტების“ ანტირაკეტების მარაგის ფაქტობრივი ამოწურვის გამო, რითაც კარგად სარგებლობს პუტინის არმია, იცის რა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს რეალურად დაბლოკილი აქვს ასეთი ანტირაკეტების მიწოდება უკრაინისთვის და, შესაბამისად, ბალისტიკური რაკეტებით (პირველ რიგში, „ისკანდერებით“) ყოველ ღამეს უტევს კიევის საცხოვრებელ უბნებს.

2-ars-1792659300.png
როდესაც რუსული რაკეტები კიევში საცხოვრებელ კორპუსებს აფეთქებენ, უკრაინული დრონები სამიზნედ ამ რუსულ „75-ე არსენალის“ ობიექტს ირჩევენ, რომლის დაზიანების თანამგზავრული ფოტოები, სავარაუდოდ, მოგვიანებით გავრცელდება...

უკრაინაც ვალში არ რჩება აგრესორ რუსეთს და ისიც ყოველ ღამით ასობით კამიკაძე-დრონს „აგზავნის“ ოკუპანტი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, თუმცა შიდაწვისძრავიანი და ნელა მფრენი უკრაინული დრონების ჩამოგდება რუსეთის საჰაერო თავდაცვის მიერ ბევრად უფრო ადვილია (რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, გასულ ღამეს მათ რუსეთის ცაში 808 უკრაინული დრონი გაანადგურეს), ვიდრე - რუსული ბალისტიკური რაკეტების მოგერიება უკრაინელი მეზენიტეებისთვის, მით უმეტეს, რომ ამისთვის საჭირო ამერიკული ანტირაკეტები თითქმის აღარ დარჩათ.

მაგრამ ის რამდენიმე უკრაინული კამიკაძე-დრონი, რომელიც მაინც გაუსხლტება რუსულ ეშელონირებულ საჰაერო თავდაცვას, ძალიან მტკივნეულ წერტილოვან დარტყმას აყენებს რუსულ სამხედრო ობიექტებს.

გამონაკლისი, არც გასული ღამე ყოფილა...

2026 წლის 22 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით იერიში მიიტანეს მოსკოვის ოლქის ქალაქ სერპუხოვოში მდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ „75-ე არსენალის“ (სამხედრო ნაწილი 42708) ობიექტზე, რომელიც უკრაინის ჩრდილოეთი საზღვრიდან 370 კმ-ითაა დაშორებული.

„75-ე არსენალი“ წარმოადგენს რუსეთის მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს (ГРАУ) დაქვემდებარებულ უმნიშვნელოვანეს საწარმოს. ის სპეციალიზებულია საჰაერო თავდაცვის სისტემების, კერძოდ, საზენიტო-სარაკეტო სისტემების: Бук-M1, Бук-M2 და С-300В-ების რემონტზე.

ადგილობრივი მოსახლეობისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების ცნობით, რეგიონში გამოცხადებული იყო სარაკეტო საფრთხე. მოქალაქეებმა დააფიქსირეს რეაქტიული დრონების გადაფრენა და ძლიერი აფეთქებების ხმები, რასაც საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

ვინაიდან აღნიშნული ბაზა რუსული საჰაერო თავდაცვის ტექნიკის აღდგენის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრია, მასზე დარტყმამ შესაძლოა, სერიოზულად შეაფერხოს ფრონტის ხაზზე დაზიანებული რუსული საზენიტო სისტემების შეკეთება.