ომი, დიზელი და შეშფოთებული ევროპა: რას მოუტანს მსოფლიოს ტრამპის "ახალი პოლიტიკა"?! - თორნიკე შარაშიძის ანალიზი
ბოლო დღეებში, რაც ტრამპმა პუტინთან ნავთობის მიწოდების გარიგებაზე განაცხადა, ვაშინგტონისა და კიევის ურთიერთობები მკვეთრად დაიძაბა. მაიამიში ამერიკულმა მხარემ უკრაინის წარმომადგენლებს რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტა მოსთხოვა, ტრამპმა კი ენერგეტიკულ ობიექტებზე ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა წამოაყენა.
უკრაინა თავდაპირველად დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, რომ რუსეთიც შეწყვეტდა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას. თუმცა ძალიან მალე უკრაინაში სატელიტურ სისტემებს შეზღუდვა დაუწესდათ, რამაც დრონების მუშაობას შეუშალა ხელი. "როიტერსის" ცნობით, მითითება თეთრი სახლიდან მოდიოდა, თუმცა ტრამპმა პირადად ბრძანების გაცემა უარყო, ხოლო მასკმა განაცხადა, რომ სატელიტის გამოყენების პირობებს ამერიკის სახელმწიფო უწყებები განსაზღვრავენ... ეს განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა უკრაინისთვის, რადგან რუსეთი, დაპირების მიუხედავად, მაინც ურტყამს უკრაინის ენერგოობიექტებს. ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინის მხრიდან ენერგეტიკულ სამიზნეებზე თავდასხმების შეზღუდვა დასრულებულია, რადგან რუსეთი შეთანხმებას არ ასრულებს... ამან ტრამპი ისე გააბრაზა, რომ განაცხადა, პუტინთან შეთანხმება უფრო ადვილია, ვიდრე ზელენსკისთანო, და 16 ოქტომბერს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც გადადო რუსეთის წინააღმდეგ სექტემბერში მიღებული ახალი ამერიკული სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილის ამოქმედება. ეს ზომები რუსული ენერგორესურსების მსხვილი მყიდველებისთვის დამატებით ტარიფებსაც ითვალისწინებს. ამით გამოჩნდა, რომ რუსეთისთვის სანქციების შემსუბუქება მხოლოდ დიზელის ერთჯერადი გარიგებით არ შემოიფარგლება...
ტრამპის ამ გადაწყვეტილებაში სამი განსხვავებული მიზანი იკვეთება: არჩევნების წინ ამერიკის შიდაეკონომიკური პრობლემების შემსუბუქება; უკრაინის ომის დასრულებისკენ დიპლომატიური ნაბიჯების ჩვენება და რუსეთთან ურთიერთობის ნაწილობრივი აღდგენა. თუმცა იკვეთება ფუნდამენტური პრობლემა - თუ რუსეთი სანქციების შემსუბუქებასა და დამატებით შემოსავლებს წინასწარ იღებს, მაგრამ სანაცვლოდ არც სამხედრო მოქმედებებს ამცირებს და არც პოლიტიკურად თმობს რამეს, მაშინ მას ომის გაგრძელების დამატებითი რესურსი უჩნდება და რატომღა წავა დათმობაზე?!
მეორე საკითხია, რომ უკრაინა ამერიკაზე დამოკიდებულია სამხედრო ტექნოლოგიებით, სადაზვერვო ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და დიპლომატიური მხარდაჭერით. რუსეთს ამერიკასთან ასეთი დამოკიდებულება არა აქვს. ამიტომ ვაშინგტონისთვის კიევზე ზეწოლა ტექნიკურად უფრო მარტივია, ვიდრე მოსკოვის იძულება და "სტარლინკის" შეზღუდვა... რა პერსპექტივა აქვს ტრამპის ნაბიჯებს და რა შედეგების მომტანი იქნება, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.
- როდესაც ტრამპი-ზელენსკის ის ლეგენდარული შეხვედრა შედგა, ყველაფერი ნათელი გახდა. ამას მოჰყვა ანკორიჯის მოლაპარაკება და პუტინთან შეთანხმება, რომლის მიხედვითაც რუსეთს დონბასი უნდა მიეღო, თუმცა ევროპელების ჩარევისა და ზეწოლის გამო გარიგება ჩაიშალა. როგორც ჩანს, იმ პერიოდში ევროპელებმა დაარწმუნეს ტრამპი, რომ უკრაინა სიტუაციის სათავისოდ შემოტრიალებას შეძლებდა. ეს არ მოხდა. პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა - რუსეთი ინტენსიურად ბომბავს ქალაქებს და კიევში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში, თითქმის ყველა ენერგოობიექტი გაანადგურა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ტრამპმა, სავარაუდოდ, ჩათვალა, რომ წინა გეგმამ არ გაამართლა, ამიტომ უმჯობესია, უკრაინა ახალ გარიგებაზე წავიდეს და შესაძლოა ანკორიჯის შეთანხმების პირობებსაც დაუბრუნდეს. ზელენსკი ამას აშკარად არ თანხმდება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, უკრაინას არა აქვს გარანტია, რომ დონბასის დათმობის შემთხვევაშიც კი რუსეთი შეჩერდება. მეორე მხრივ, ევროპელები უკრაინას მუდმივ მხარდაჭერას უცხადებენ და ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ. ამერიკიდან კი გამაფრთხილებელი სიგნალებიც შეიმჩნევა, მაგალითად, ის ფაქტი, რომ ერთი დღით უკრაინას "სტარლინკი" გაუთიშეს... ტრამპისთვის ევროპელთა არგუმენტები ამოიწურა და მას აღარ სჯერა, რომ უკრაინა ფრონტზე ვითარების შეცვლას შეძლებს.
- როდესაც ტრამპმა პუტინთან ნავთობის მიწოდებაზე შეთანხმების შესახებ განაცხადა, მაშინ ერთ-ერთ ვერსიად ითქვა, რომ არჩევნების წინ, ასე ვთქვათ, ირანთან ომის შედეგების შემსუბუქება სურდა. დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ მიზანი ზელენსკიზე ზეწოლა იყო?
- არჩევნები, რა თქმა უნდა, ფაქტორია, მაგრამ აქ ყველაფერი ერთად მოქმედებს. ვფიქრობ, რუსული დიზელის ექსპორტი ამერიკაში ფასებზე გავლენას დროებით, ალბათ, ერთი-ორი კვირით მაინც მოახდენს - ზუსტად არჩევნების წინ. ეს პერიოდი სპეციალურად შეარჩიეს, რათა არჩევნების დროისთვის, ამ ორი კვირის განმავლობაში, ფასების დროებითი სტაბილიზაცია მოხერხდეს. ამერიკელები პირველ რიგში ფასებს, განსაკუთრებით კი საწვავის ფასებს უყურებენ. ამიტომაც არის არჩევნების წინ ფასების დასტაბილურება ასეთი მნიშვნელოვანი.
- ამ გარიგების შესასრულებლად კიევს რუსეთში ენერგოობიექტებზე და მოსკოვს უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა უნდა შეეწყვიტათ და ეს პირობა პუტინმა დაარღვია. ეს არ ნიშნავს პუტინის მიერ ტრამპთან დადებული შეთანხმების ჩაშლას?
- ტრამპი არ ამბობს, შეთანხმება პუტინმა დაარღვიაო. მის თვალში დამრღვევი ზელენსკია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ პუტინთან შეთანხმების მიღწევა გაცილებით მარტივია, ვიდრე ზელენსკისთან - ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ტრამპს თეთრ სახლში კიდევ ორ წელიწადზე მეტი აქვს დარჩენილი და რთული წარმოსადგენია, შექმნილ ვითარებაში უკრაინამ ამდენ ხანს გაძლოს. ახლა, როცა "სტარლინკი" ერთი დღით უკვე გაუთიშეს, არავინ გამორიცხავს, რომ მომავალში უფრო დიდი ხნითაც გაუთიშონ. მართალია, ევროპა უკრაინას ეხმარება, მაგრამ მას არ გააჩნია ისეთი ტექნოლოგიური შესაძლებლობები, როგორიცაა "სტარლინკითა" და სადაზვერვო მონაცემებით უზრუნველყოფა... ამ ომის გასაღები ამერიკის ხელშია, რადგან სწორედ მათ აქვთ უკრაინაზე ზეწოლის ბერკეტი. მათ ეს ბერკეტი ბოლომდე ჯერ არ გამოუყენებიათ. თუმცა მისი ტესტირება ჩვენ უკვე ვიხილეთ, როცა ერთი დღით სისტემები გათიშეს. უკრაინა არ გაუფრთხილებიათ, კიევში რაკეტა ისე ჩამოვარდა, უკრაინელებმა არაფერი იცოდნენ, რადგან "სტარლინკიც" არ მუშაობდა. ეს უკვე მკაფიო სიგნალია და მიანიშნებს, რომ ამერიკა-უკრაინის ურთიერთობა უარესობისკენ მიდის.
- დავუშვათ, ომი დასრულდა უკრაინაზე ზეწოლის შედეგად, პუტინმა მიიღო ის, რაც უნდა. ეს ამერიკის გამარჯვებად ჩაითვლება?
- ამერიკა აღარ იქცევა ისე, როგორც თუნდაც 2013 წელს. ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ აღარ აპირებს ევროპის შენახვასა და დაცვას, რითაც, ფაქტობრივად, პასუხისმგებლობა მოიხსნა. მისი წასვლის შემდეგ ახალმა პრეზიდენტმაც რომ სცადოს ამერიკული ლიდერობის ძველ მოდელზე დაბრუნება, ევროპელებს მაინც მუდმივად ექნებათ შიში, რომ მომავალში ხელისუფლებაში კვლავ ტრამპისნაირი ლიდერი მოვა. ევროპამ ერთხელ უკვე ამოისუნთქა მისი წასვლის შემდეგ, მაგრამ ის დაბრუნდა, ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ამერიკელ საზოგადოებაში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა და ტრამპი სწორედ ამის შედეგია. ყველაფერი ერთ კაცს არ უნდა დაჰბრალდეს - ის იმ ამერიკელების ნებასა და ხედვას გამოხატავს, რომლებსაც გარე სამყარო ნაკლებად აინტერესებთ და ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარება, საწვავზე დაბალი ფასების შენარჩუნება ურჩევნიათ.
გარდა ამისა, თავად სამყაროც შეიცვალა. ამერიკა ფინანსურად ვეღარ უძლებს იმხელა ტვირთს, რასაც 1990-იან ან 2000-იან წლებში ეჭიდებოდა. დღეს უკვე ჩინეთი წამოიწია, როგორც ძალიან სერიოზული ეკონომიკური ძალა და გლობალური კონკურენტი. გასათვალისწინებელია ობიექტური მოცემულობაც - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ამერიკამ "მარშალის გეგმა" განახორციელა და ევროპა ნანგრევებიდან ამოიყვანა, მსოფლიო ეკონომიკის 50% სწორედ მასზე მოდიოდა. დღეს ეს მაჩვენებელი 20%-მდეა შემცირებული. 20%-იც ბევრია, მაგრამ განსხვავება მაინც უზარმაზარია. ამერიკას მსგავსი გრანდიოზული პროექტების რეალიზების რესურსი აღარ გააჩნია. ბევრი არ ითვალისწინებს და ყველაფერს ტრამპს აბრალებს. რა თქმა უნდა, ტრამპის ფაქტორიც არსებობს, მაგრამ მთავარი ის ობიექტური გარემოა, სადაც შეიცვალა როგორც გლობალურ ძალთა ბალანსი, ისე თავად ამერიკის შიდა განწყობები.