“ყველაზე მეტად მინდა, ანასტასიასთვის ღირებული იყოს ოჯახი, ნათესავები და ეს ფასეულობა არ დაიკარგოს... “ - ქეთი ხატიაშვილი და მისი ქალიშვილი დედაშვილობაზე და ურთიერთობებზე საუბრობენ - კვირის პალიტრა

“ყველაზე მეტად მინდა, ანასტასიასთვის ღირებული იყოს ოჯახი, ნათესავები და ეს ფასეულობა არ დაიკარგოს... “ - ქეთი ხატიაშვილი და მისი ქალიშვილი დედაშვილობაზე და ურთიერთობებზე საუბრობენ

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და მისი ქალიშვილი - მოცეკვავე ანასტასია ვადაჭკორია, "შაბათ-კვირის დილაში" საუბრობენ დედაშვილობაზე და ურთიერთობებზე:

ქეთი:

- საერთოდ ამოაყირავა ანასტასიამ ჩემი ცხოვრება... ძალიან პატარა ვიყავი, 21 წლის... ჩემი აზრით, ცოტა ადრეა. ანასტასიამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ნელ-ნელა მეც მასთან ერთად გავიზარდე. მეც მასთან ერთად გავიზარდე. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მასთან ერთად, ბევრიც შემეშალა, ვაღიარებ. მერე ამაზეც ვმუშაობდით. ახლა კი ვართ დებივით...

ანასტასიასგან ბევრს ვსწავლობ, თუნდაც ინტერნეტის გამოყენებას. ძალიან მარტივად შეუძლია პრობლემების გადაჭრა. მარტივად გადადის შემდეგ ეტაპზე. მაგალითად, რაღაც არ გამოვიდა, არა უშავს, გადადის შემდეგ ნაბიჯზე, იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, განვითარებას. ეს ზოგადად ამ თაობისაც დიდი პლუსია და ანასტასიასგან ამას ვსწავლობ.

ბევრი რამით განვსხვავდებით. ვუსურვებდი, სახლში უფრო მობილიზებული იყოს. მე უფრო მკაცრი დედა მყავდა. მეც მკაცრი ვარ, მაგრამ სახლში ჩვენ ბევრად მეტი მოგვეთხოვებოდა, სახლსაც ვალაგებდით მე და ჩემი და, დედას სულ ვეხმარებოდით. ანასტასიას ეს მთლიანად ჩახსნილი აქვს... შეჯიბრებებზე ვიჭერ უფრო ჩემს თვისებებს, სპორტულ ჟინს. თუმცა ჩემზე ძლიერიცაა. რაღაც თვისებები ანასტასიას უფრო აქვს.

ყველაზე მეტად მინდა, რომ მისთვის ღირებული იყოს ოჯახი, ოჯახში გატარებული დრო, ოჯახის წევრებთან ერთად, და ეს ფასეულობა არ დაიკარგოს, ნათესავები... მე დედით უკრაინელი ვარ, მამით - ქართველი, კახელი, და ბევრი წელი დამჭირდა, რომ მეგრძნო, ეს ქართული ნათესაობა რა მაგარია, გვერდში დგომა. ძალიან კარგი რაღაც მოგვცა მამამ მე და ჩემს დას. ეს ოჯახის პატივისცემა, ბიძაშვილები, დეიდაშვილები რომ ძალიან ძვირფასი ადამიანები არიან ჩვენთვის. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ... ლხინში ყველა კაია და როცა რთული პერიოდებია, მათი გვერდში დგომა დაუფასებელია. ეს მინდა, რომ ანასტასიამ იცოდეს, შეინარჩუნოს, და ყველასთან ჰქონდეს კარგი, მჭიდრო ურთიერთობა.

...სულ ვეუბნები, მადლობა, რომ ჩემს მუცელში ჩახტი. რა აზრი ექნებოდა ჩემს ცხოვრებას, რომ არა ანასტასია. ანასტასიას გარეშე არ მექნებოდა ეს განვითარების სურვილი. როცა ძალიან საპასუხისმგებლო რამეა ჩემს ცხოვრებაში, და ერთ-ერთი ასეთი იყო "ცეკვავენ ვარსკვლავები", როცა ანასტასია იყო ორი წლის, მაშინ ძალიან პატარა იყო, მაგრამ პირველი სულ მაგაზე მეფიქრებოდა, რომ გაიზრდება და ნახავს, ხომ უნდა ესიამოვნოს. ისეთი რაღაც არ ვთქვა, რომ მერე არ ესიამოვნოს. მისთვის მინდა, რომ ვიყო კარგი, ძლიერი, განვითარებული. ვეტყოდი ყველაფრისთვის დიდ მადლობას.

განაგრძეთ კითხვა