"კვარას" ტრავმა - რა დაზიანებაა, რამდენად მძიმეა, რეაბილიტაციის პერიოდი - სპორტსმენები, რომლებმაც ასეთი ტრავმის შემდეგ წარმატებას მიაღწიეს
მუხლის წინა ჯვარედინი იოგის (ACL) გაწყვეტა ერთ-ერთი სერიოზული ტრავმაა, რომელიც სპორტსმენს მოედანს ხანგრძლივი პერიოდით აშორებს. დაზიანება განსაკუთრებით ხშირია ფეხბურთში, სადაც მოთამაშეებს ხშირად უწევთ მკვეთრი მიმართულების შეცვლა, აჩქარება, დამუხრუჭება და ნახტომის შემდეგ დაცემა.
თუმცა, ეს ტრავმა ავტომატურად არ ნიშნავს კარიერის დასრულებას. თანამედროვე ქირურგიული მეთოდებისა და რეაბილიტაციის წყალობით ბევრი სპორტსმენი მაღალ დონეზე ბრუნდება, თუმცა გამოჯანმრთელებას დრო, მოთმინება და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.
რა ფუნქცია აქვს წინა ჯვარედინ იოგს, როდის არის საჭირო ოპერაცია და რამდენ ხანში შეიძლება სპორტსმენი მოედანს დაუბრუნდეს? განვიხილოთ ხუთი მთავარი კითხვა:
1. რა არის წინა ჯვარედინი იოგი და რატომ არის მისი გაწყვეტა სერიოზული ტრავმა?
წინა ჯვარედინი იოგი, იგივე ACL, მუხლის სახსრის შიგნით მდებარეობს. ის მუხლის სტაბილურობის შენარჩუნებაში მონაწილეობს, ზღუდავს წვივის ძვლის ბარძაყის ძვალთან მიმართებით წინ წანაცვლებას და ეხმარება სახსარს ბრუნვითი მოძრაობების კონტროლში.
ფეხბურთში მუხლს დიდი დატვირთვა ადგება. ტრავმა შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც მოთამაშე ფეხს მყარად ადგამს, ტანს მკვეთრად ატრიალებს, სწრაფად იცვლის მიმართულებას ან ნახტომის შემდეგ არასწორად ეშვება. ზოგჯერ დაზიანება სხვა მოთამაშესთან შეჯახების გარეშეც ხდება.
იოგის გაწყვეტას შესაძლოა ახლდეს ტკივილი, შეშუპება და მუხლის არასტაბილურობის შეგრძნება. ზოგ შემთხვევაში ერთდროულად ზიანდება მენისკი ან მუხლის სხვა სტრუქტურებიც.
მნიშვნელოვანია: ტრავმის სიმძიმის განსაზღვრა მხოლოდ სიმპტომებით შეუძლებელია. საჭიროა ექიმის შეფასება და, შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI).

2. როგორ მკურნალობენ წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა?
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, მუხლის სტაბილურობაზე, პაციენტის ასაკზე, ფიზიკურ აქტივობასა და სპორტულ მიზნებზე.
წინა ჯვარედინი იოგის სრული გაწყვეტისას, განსაკუთრებით პროფესიონალ სპორტსმენებში, ხშირად განიხილება ქირურგიული რეკონსტრუქცია.
ოპერაციის დროს დაზიანებული იოგის ფუნქციის აღსადგენად გამოიყენება გრაფტი - ჩვეულებრივ, პაციენტის საკუთარი მყესის ქსოვილი. ქირურგი მისგან ქმნის ახალ იოგოვან სტრუქტურას და მუხლის ძვლებში სპეციალური არხებისა და სამაგრების საშუალებით აფიქსირებს.ოპერაცია, როგორც წესი, ართროსკოპიული მეთოდით ტარდება, რაც მცირე განაკვეთების გამოყენების საშუალებას იძლევა. თუმცა მცირე განაკვეთები არ ნიშნავს, რომ რეაბილიტაცია მარტივი ან მოკლე იქნება.
ყველა პაციენტს ოპერაცია არ სჭირდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია არაქირურგიული მკურნალობაც, რომელიც ფიზიოთერაპიას, კუნთების გაძლიერებასა და მუხლის ფუნქციის აღდგენას მოიცავს.