თუშეთის მცველი - გოგონა, რომელმაც ღრუბლებს ზემოთ, 2950 მეტრ სიმაღლეზე პატარა კაფე გახსნა - კვირის პალიტრა

თუშეთის მცველი - გოგონა, რომელმაც ღრუბლებს ზემოთ, 2950 მეტრ სიმაღლეზე პატარა კაფე გახსნა

გადაცემის “შუადღე“ სტუმარია თუში გოგონა. დაჯი ოშორიძე, რომელმაც ღრუბლებს ზემოთ, 2950მ. სიმაღლეზე პატარა კაფე გახსნა. დაჯი თავისი საქმიანობის შესახებ ყვება:

“ბევრი სახელი მომიფიქრეს: ხან „ელჩიო, ხან კონსულიო“, თან - რა ვიცი, „თუშეთის სახეო“ და იმდენ რამეს მეძახიან, იმდენ სახელს, რომ აღარც კი ვიცი. მიხარია, მიხარია, რომ ასეთ დადებით ემოციებს ვიწვევ ხალხში.

ხუთი წელია, აქ ვარ. ახლა თუშეთში ვარ, იქითაც ვყოფილვარ. მაგრამ აქ ყოფნისას ერთი წუთი, ერთი დღე, ერთი მომენტიც არ ყოფილა, რომ მეფიქრა: „ჰო, ახლა წამიყვანე აქედან, აღარ მინდა, ვაიმე, არა!“ - ხვალ მივდივარ და როგორი გულდამძიმებული ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ზაფხული არ მეყო.

ყველაფერი ნულიდან დავიწყე, ფინანსები საერთოდ არ მქონდა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საქმე 500 ლარით დავიწყე. როგორ? მამაჩემმა „დელიკა“ მომცა, ჩემმა დაქალმა და მისმა მეუღლემ კი ყავის აპარატი მაჩუქეს. პირველივე დღიდან, რაც ამოვედი, სტუმრებს კარგი ყავით ვუმასპინძლდები და ხარისხს ვინარჩუნებ - ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი. ადამიანებს ისე ვხვდები, როგორც ვისურვებდი, თავად დამხვედროდნენ.

ჩემთვის ყველაზე დიდი იმედი ჩემი პატარა ტედი, ჩემი ოთხფეხა მეგობარი იყო. ტედი რომ არ ყოფილიყო, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი, რადგან მთაში მარტო ვიყავი და აქ ხომ ნადირიც არის, დათვიც და კიდევ ათასი რამ... ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ მარტო არ ვიყავი.

ღამით ხშირად მიწევდა ქვემოთ ჩასვლა, რადგან აქ არაფერი მუშაობდა და რაც მჭირდებოდა, ყველაფერი არ მქონდა. ამიტომ უნდა ჩავბრუნებულიყავი, რომ საჭირო ნივთები ამომეტანა - ეს იქნებოდა ჩემთვის აუცილებელი საგნები, თუ სხვა რამ, რაც სტუმრებს სჭირდებოდათ. ერთად ვადგენდით ხოლმე, რა იყო საჭირო, და ტედი რომ მშვიდად იყო, მერე მეც მშვიდად ვიყავი.

მანქანით ჩავდიოდი ქვემოთ. თითო ჩასვლაზე მინიმუმ 300-800 ლიტრი წყალი ამოონდა, ზოგჯერ კი - მთელი ტონა. როგორ ვახერხებდი? დილის ოთხ საათზე ვდგებოდი, რომ წყლის ამოტანა მომესწრო, რადგან ექვსის შემდეგ, ზოგჯერ კი ხუთი საათიდანაც, მანქანები უკვე მოძრაობდნენ. ზოგჯერ კი ღამით, კარგად რომ დაბნელდებოდა, ათი საათის შემდეგ ჩავდიოდი წყლის ასავსებად, რადგან ამის გაკეთება ჩემს გარდა არავის შეეძლო.

ბოლო ორი წელია, დედაჩემია ჩემთან, წელს კი მამაჩემიც შემოგვიერთდა. მანამდე სულ მარტო ვიყავი. აქაურობას ვერ ვტოვებდი, რადგან ვიღაცას ყოველთვის რაღაც სჭირდებოდა, სულ ვიღაც მოდიოდა. ამიტომ ღამის ათი საათის შემდეგ ჩავდიოდი, წყალს ვავსებდი და უკან ვბრუნდებოდი.

რამდენჯერ მივლია ნისლში, იცით? როცა ფარებს ჩართავ, სინათლე თითქოს ნისლს ეჯახება და წინ ვეღარაფერს ხედავ. რამდენჯერ ჩამქრობია ფარები და იმ შავ წყვდიადში მიწევდა გზის გაკვლევა. თავი ფანჯრიდან მქონდა გადაყოფილი, რომ სადმე არ გადავვარდნილიყავი. კლდის პირას, კლდე-კლდე მივდიოდი... რამდენჯერ ისეთი რამ შემმთხვევია, რომ წამები წყვეტდა ყველაფერს: ბოთლები გადმოგეყრება, გვერდითა კარი გაგეხსნება... აი, არ ვიცი.

არ ვიცოდი, თუ ამდენი შემეძლო. ადამიანს, თუ რაღაცის გაკეთება გულით უნდა, შეუძლებელი არაფერია. მეც მქონია სირთულეები, ისეთი მომენტებიც, როცა შეიძლებოდა ხელი ჩამექნია, მაგრამ არა - არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდე. არაფერი არ არის შეუძლებელი. მე თუ გამომივიდა, შენც აუცილებლად გამოგივა. შენ თუ გამოგივიდა, სხვასაც გამოუვა. მთავარია, გულით გინდოდეს ის, რასაც აკეთებ, და იცოდე, რა გინდა.

ზამთრის პერიოდს თბილისში ვატარებ, მაგრამ იქაც სულ რაღაცას ვაკეთებ და მუდმივად ტემპში ვარ. ისეთი მომენტია, რომ ქაოსს ვეღარ გავექეცი, რადგან აქაც სულ ქაოსია - როცა ამოვდივარ, ხალხიც მომყვება და აქაც ბევრი ხალხია.

images-1792754551.jpg

თუმცა, აქ სხვანაირი სიმშვიდეა, სხვანაირი ენერგეტიკა. ჩემი აზრით, კარგი ცხოვრების სტილი მაქვს, რადგან კარგი კომბინაცია შევარჩიე: ერთი მხრივ, ქალაქური ცხოვრება, მეორე მხრივ კი - მთაში დაბრუნება. ეს ორი სამყარო სასიამოვნოდ ერწყმის ერთმანეთს“.

აწი ვფიქრობ, რომ აქ ლამაზი, თუშური კაფე მექნება. შიდა სივრცეც იქნება, სადაც სტუმრები დასხდებიან, რადგან აქ ძირითადად ნისლია და წვიმს, ამიტომ მინდა, ადამიანებს გათბობისა და კომფორტულად ყოფნის საშუალება ჰქონდეთ. ოთახში დიდი, ლამაზი ბუხარი იქნება, აუცილებლად მოვაწყობ თუშურ კუთხესაც და მეტი მომსახურე პერსონალიც მეყოლება, რომ სტუმრებს უკეთესი სერვისი შევთავაზოთ“.