უკრაინის ომში „გვირაბის ვირთხები“ ბრუნდებიან ანუ ორთაბრძოლამ მიწისქვეშა მილსადენებშიც გადაინაცვლა - კვირის პალიტრა

უკრაინის ომში „გვირაბის ვირთხები“ ბრუნდებიან ანუ ორთაბრძოლამ მიწისქვეშა მილსადენებშიც გადაინაცვლა

რუსეთ-უკრაინის ომის „ვიეტნამიზაცია“ ანუ აშშ-ის მიერ გასულ საუკუნეში ვიეტნამში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებთან დამსგავსების კიდევ ერთი ნიშანი გამოჩნდა, კერძოდ კი ახლო მანძილზე შეტაკებები...მიწისქვეშ...

ვიეტკონგი ( სამხრეთ ვიეტნამის გათავისუფლების ეროვნული ფრონტი) იყო კომუნისტური პოლიტიკური ორგანიზაცია და პარტიზანული არმია სამხრეთ ვიეტნამსა და კამბოჯაში, რომელიც ვიეტნამის ომის დროს (1954–1975 წლებში) ჩრდილოეთ ვიეტნამის მხარდაჭერით ებრძოდა სამხრეთ ვიეტნამისა და აშშ-ის მთავრობებს.

ვიეტნამის ომის დროს მიწისქვეშა ბრძოლები და ჯუნგლებში არსებული გვირაბების ქსელი ომების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მოვლენა იყო. ვიეტკონგელებმა ჯუნგლების ქვეშ 250 კილომეტრზე მეტი საერთო სიგრძის გვირაბების ქსელი გათხარეს.

გვირაბები ხშირად 3-4 დონისგან შედგებოდა. ზედა დონეები გამოიყენებოდა საბრძოლო მოქმედებებისთვის და მახეებისთვის, ხოლო ქვედა დონეები — თავშესაფრად.

მიწის ქვეშ განთავსებული იყო არა მხოლოდ ყაზარმები, არამედ საავადმყოფოები, სამზარეულოები, იარაღის საამქროები, საკონფერენციო დარბაზები და სკოლებიც კი.

1-velesi-1792747413.jpg
უკრაინელი „გვირაბის ვირთხა“ გაუქმებული მილსადენით რუსი ოკუპანტების ზურგში მიწისქვეშა „გზით“ მიიპარება...

ვიეტნამელი მებრძოლები მიწიდან მოულოდნელად ამოდიოდნენ, თავს ესხმოდნენ ამერიკელთა პატრულს და რამდენიმე წამში ისევ მიწის ქვეშ ქრებოდნენ.

გვირაბის შესასვლელები იმდენად პატარა იყო, რომ ამერიკელი ჯარისკაცები მათ ვერ ამჩნევდნენ. მათ გულმოდგინედ ნიღბავდნენ ფოთლებითა და მიწით. შესასვლელებთან და თავად გვირაბებში დამონტაჟებული იყო ბამბუკის მახეები, ფარული ნაღმები და განთავსებული იყო შხამიანი გველების სათავსოები.

ამერიკულმა არმიამ გვირაბებთან საბრძოლველად შექმნა სპეციალური დანაყოფი, რომლებსაც „გვირაბის ვირთხები“ უწოდეს. ესენი იყვნენ დაბალი ტანისა და გამხდარი ჯარისკაცები, რომლებსაც ვიწრო სივრცეში გადაადგილება შეეძლოთ. ისინი მიწის ქვეშ სრულ სიბნელეში შედიოდნენ მხოლოდ ფანრით, დანითა და პისტოლეტით იყვნენ შეიარაღებულები.

მიწისქვეშა ბრძოლები იყო უკიდურესად სასტიკი — ხელჩართული ჩხუბი ვიწრო დერეფნებში, სადაც ჟანგბადის ნაკლებობა და გაზის გაშვების რისკი მუდმივად არსებობდა.

2-velesi-1792747413.png
მიწისქვეშა მილსადენის 15 კმ-იანი მონაკვეთი,რომელიც ოპერაცია „ველესის“ დროს უკრაინული „ხარტიას“ ბრიგადის მებრძოლებმა გაიარეს რუსი ოკუპანტების ზურგში ამოსასვლელად...

ამერიკელები ცდილობდნენ გვირაბების დაბომბვას (მათ შორის სტრატეგიული B-52 ბომბდამშენებითაც კი), მათში წყლის ან მომწამვლელი გაზის ჩატუმბვას, თუმცა ვიეტნამელებმა შექმნეს სპეციალური საჰაერო საკეტები და სავენტილაციო სისტემები, რომლებიც წყალსა და გაზს ბლოკავდა. გარდა ამისა, ადგილობრივი თიხნარი ნიადაგი ჰაერზე გაშრობისას ბეტონივით მყარდებოდა, რაც გვირაბებს ნგრევისგან იცავდა.

ეს რაც შეეხება ვიეტნამის „მიწისქვეშა ომის“ ისტორიას...

რუსეთ-უკრაინის ომის მეხუთე წელს მებრძოლი მხარეები ასევე აქტიურად ახორციელებენ საინჟინრო სამუშაობს, რათა მიწისქვეშ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი ობიექტი „ჩამარხონ“, რადგან მხოლოდ ეს მეთოდი თუ იცავს მათ უამრავი მზვერავი და კამიკაძე-დრონების მუდმივი „შემოსევებისგან“.

1 200 კმ-ზე მეტი სიგრძის ფრონტის ხაზის ორივე მხარე „თხუნელების გვირაბებს“ დაემსგავსა,რომლებშიც მოწინააღმდეგ მხარეები მალავენ არა მარტო შტაბებსა და საბრძოლო მასალების საწყობებს, არამედ ტანკებსა და თვითმავალ საარტილერიო დანადგარებსაც კი, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე წუთით „გამოაყოფინებენ“ ლულებს მიწისზემოთ და გასროლების შემდეგ სასწრაფოდ ისევ უკან აბრუნებენ, რომ დრონების სამიზნე არ გახდნენ.

მაგრამ გარდა სტაციონალური მიწისქვეშა მინი-ბაზებისა, მიწისქვეშ ასევე დაიწყო შეიარაღებული შეტაკებებიც...

3-velesi-1792747413.png
ოპერაცია „ველესის“ დროს დატყვევებული რუსი სამხედროების ნაწილი...

„არსენალბლოგში“ უკვე ვწერდით იმის თაობაზე, თუ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მეტნაკლები წარმატებით რამდენჯერმე როგორ გამოიყენეს ის გაუქმებული ნავთობ და გაზსადენი მილები,რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან რუსეთიდან უკრაინაში გადადიოდა და ფარულად შეაღწიეს უკრაინული დანაყოფების ზურგში, თუმცა ამ 1,2 მ დიამეტრის მილსადენებში(სადაც შემორჩენილი იყო ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის კონდესატები) საათობით და თვით რამდენიმე დღე-ღამეც კი „ძრომიალისას“ ათობით რუსი სამხედრო მძიმედ მოიწამლა და დაიღუპა კიდეც.

ახლა კი ამ მიწისქვეშა ოპერაციებმა მორიგი განვითარება ჰპოვა მას შემდე, გ რაც მილსადენებში საპირისპირო მხრიდან უკვე უკრაინელი მებრძოლებიც „ჩაძვრნენ“ და ვიწრო მილებში საცეცხლე დუელები გაიმართა...

ოპერაცია „ველესი“ არის უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ კუპიანსკის მიმართულებით ჩატარებული უნიკალური და წარმატებული სამხედრო სპეცოპერაცია, რომლის შესახებაც ინფორმაცია 2026 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

ოპერაცია ერთდროულად მიმდინარეობდა მიწისქვეშ, მიწაზე და ჰაერში.უკრაინელმა სამხედროებმა გამოიყენეს მიწისქვეშა კომუნიკაციები (ნავთობსადენისგაუქმებული მილი), გაიარეს 15 კილომეტრზე მეტი და რუსეთის საოკუპაციო ძალებს მოულოდნელად ზურგში ჩაუდგნენ. ოპერაცია დაიგეგმა და განხორციელდა უკრაინის ეროვნული გვარდიის მე-2 კორპუსის, კერძოდ „ხარტიას“ ბრიგადის მეთაურობის უშუალო მონაწილეობით.

უკრაინელი სამხედროები შევიდნენ მაგისტრალურ გაზის მილში, რომლის დიამეტრი სულ რაღაც 1.2 მეტრია.მილში გადაადგილება ხდებოდა სრულ სიბნელეში, დღის შუქისა და GPS-ნავიგაციის გარეშე. ვინაიდან სტანდარტული რადიოკავშირი მიწისქვეშ არ მუშაობდა, უკრაინელმა ინჟინრებმა შეიმუშავეს უნიკალური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ნავიგაციის, კავშირისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებისთვის.უკრაინელმა მებრძოლებმა რამდენიმე კილომეტრი სწორედ ამ ვიწრო მილში, უმძიმეს პირობებში, ცეცხლსასროლი იარაღით ბრძოლით გაიარეს და გაწმინდეს ის რუსი სამხედროებისგან. სამხედროებმა სპეცოპერაციამდე გაიარეს სერიოზული ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება დახურულ/შეზღუდულ სივრცეში მოქმედებებისთვის. მანამდე გამნაღველებმა და საინჟინრო ბატალიონმა წინასწარ მოამზადეს მიწისქვეშა მარშრუტები.

მოულოდნელი კომბინირებული იერიშის (დრონებისა და სახმელეთო ძალების ჩართულობით) შედეგად, უკრაინულმა მხარემ ტყვედ აიყვანა 30-ზე მეტი რუსი სამხედრო, ხოლო მოწინააღმდეგის დანაკარგებმა (დაღუპულებისა და დაჭრილების სახით) 100-ს გადააჭარბა.

ამ ოპერაციამ მნიშვნელოვნად შეაფერხა და ჩაშალა რუსული ძალების გეგმები კუპიანსკზე შეტევის განვითარებასთან დაკავშირებით.