"რა შუაშია სამშობლოს ღალატი, როცა ჟურნალისტი სრულიად ლეგიტიმურ კითხვას სვამს?!" - „ასავალ-დასავალის“ რედაქტორი
თუ საქართველოს სიყვარული და მისი ერთგულება მავანთათვის ღალატია, მაშინ პირადად მეც, „ასავალ-დასავალის“ მთავარ რედაქტორს ლაშა ნადარეიშვილს, დაუყოვნებლივ დამადეთ ხელბორკილი!- ასე ეხმაურება „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი, გამოცემის ჟურნალისტის დიტო ჩუბინიძის სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დაკავების ფაქტს.
ლაშა ნადარეიშვილის შეფასებით, როგორც ჩანს, სამშობლოს სიყვარულისათვის საქართველოში ადამიანებს უკვე ხელაღებით იჭერენ.
„ეს სამარცხვინო შურისძიება მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ აწ განსვენებულმა ლაზარე ჯორბენაძემ, მოქმედი ხელისუფლება დავით გარეჯის სადავო ტერიტორიების აზერბაიჯანისათვის გადაცემაში დაადანაშაულა და ჟურნალისტმაც აღებულ ინტერვიუში უცვლელად დააფიქსირა მისი ნათქვამი. ჰქონდა კი დიტო ჩუბინიძეს უფლება, არ მიემართა ხელისუფალთათვის, რათა სიცხადე შეეტანათ ჩიჩხიტურის კოშკისა და აღდგომის ტაძრის გასხვისება-არ გასხვისების საკითხში? როგორც ცნობილია, პიროვნება, ვისგანაც მან ინტერვიუ აიღო, სულ რაღაც ორიოდ თვეში ჩამომხრჩვალი იპოვეს და გიჟადაც კი გამოაცხადეს.
ან კი რა შუაშია საბოტაჟი და სამშობლოს ღალატი, როდესაც ჟურნალისტი სრულიად ლეგიტიმურ კითხვას სვამს - რატომ ვეღარ ავდივართ საქართველოს იმ ქრისტიანულ სიწმინდეებთან, რომლებიც ბოლო წლებში უკვე აზერბაიჯანული სახელებით მოიხსენიება? ამის თაობაზე პირადად მე პრემიერსაც მივმართე - გაგვიძეხი დავით გარეჯისკენ, რათა მთელ საქართველოს ვაჩვენოთ, რომ ის ადგილები, სადაც 1616 წელს, აღდგომის ღამეს, შაჰ-აბასმა 6000 ბერის სისხლი დაღვარა, ისევ ჩვენია–მეთქი. პასუხად - დუმილი! უფრო მეტიც, დიტო ჩუბინიძის დაპატიმრება და სამშობლოს მოღალატეთა წინააღმდეგ მებრძოლისათვის სამშობლოს მოღალატის მუხლის წაყენება!