“რევოლუციური დაჯგუფებების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით“ - ნინო წილოსანი
ოპოზიციური პარტიების ანტიკონსტიტუციურად ცნობა არის ის მინიმალური აუცილებლობა, რასაც საზოგადოებას დავპირდით და ეს არის ჩვენი ვალდებულება კონსტიტუციის წინაშე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია არგუმენტების გარეშე პროცესის გაწელვას ცდილობს, უნდობლობას აცხადებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და გარედან დახმარებას იშველიებს.
“საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, რომ თავად ამ პარტიების წარმომადგენლებიც ყველა მათ განცხადებაზე ადასტურებენ იმ სარჩელს და ბრალს, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ერთი მხრივ, ყოველ ჯერზე აცხადებენ უნდობლობას და პრინციპში სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ თავდასხმის მცდელობები აქვთ. მეორე მხრივ კი, მუდმივად იშველიებენ გარედან დახმარებას. ჩვენ დავინახეთ ასევე გარედან წამოსული განცხადებები, რომელიც ამ უსუსურ მდგომარეობაში მყოფ რადიკალურ ჯგუფებს ამხნევებს გარედან.
ამ ეტაპზე ერთადერთი, რაც გამოჩნდა, არის მათი მხრიდან პროცესის გაწელვის მცდელობა. სრულიად დაუსაბუთებლად, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე ითხოვენ შუამდგომლობებს. მოსამართლეების მხრიდან დაზუსტების მცდელობა ასევე უშედეგოდ სრულდება, რადგან მათ ეს მოთხოვნის სურვილიც აქვთ და არანაირი არგუმენტები არ გააჩნიათ. გადავდივართ უკვე სასამართლო განხილვების მეორე ეტაპზე, რომელიც კიდევ უფრო უკეთ დაანახებს ჩვენს საზოგადოებას, მხარდამჭერებსა და ზოგადად მთლიან საზოგადოებას, თუ რა ბრალი წარვუდგინეთ „ქართულმა ოცნებამ“ და რატომ უნდა აიკრძალონ აღნიშნული პარტიები.