“დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ აგრძელებს მკურნალობას, მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე“ - ზურაბ ჩხაიძე - კვირის პალიტრა

“დავით ფეიქრიშვილი „ვივამედში“ აგრძელებს მკურნალობას, მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე“ - ზურაბ ჩხაიძე

კლინიკა “ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული დავით ფეიქრიშვილი კლინიკიდან გაწერეს.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” ჩხაიძე აღნიშნავს, ფეიქრიშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მკურნალობას კლინიკაში გადის.

“საიდან მოიტანეთ, რომ გაწერილია? პაციენტი აგრძელებს მკურნალობას კლინიკის პირობებში. მდგომარეობა სტაბილურია, მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება, პაციენტი ნამდვილად ჩვენს კლინიკაში, სტაციონარულ მკურნალობაზე იმყოფება”, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. დავით ფეიქრიშვილი ბოლოს, კლინიკა „ვივამედში“ ციხიდან ზემო კიდურების დაზიანებით გადაიყვანეს. იქამდე, ის კლინიკაში 19 ოქტომბერს 21:00 საათზე, მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი, შემდეგ კი, დაკვირვების მიზნით, ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გაწერეს. უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატი აცხადებდა, რომ ბრალდებულს ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, ფეიქრიშვილს ფიზიკური დაზიანებები მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“ მიაყენეს.

“ინტერპრესნიუსი“