“რა ემართება სხეულს მაშინ, როდესაც ის საფრთხის, გაურკვევლობის ან რისკის წინაშე აღმოჩნდება?“ - მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის მასტერკლასი და ვარსკვლავები ქართულ სცენაზე
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 16 ოქტომბერს დაიწყო. მისი 29-წლიანი ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ მან გაუძლო დროს, მოიპოვა ნდობა და ჩამოაყალიბა საკუთარი ტრადიციები. წლევანდელი სლოგანი ასეთია: „ჩვენი ხვედრი ვარსკვლავებში კი არა, ჩვენსავე ხელშია“ - შექსპირი. ფესტივალი გაიხსნა ძირითადი მასპინძლის, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, იტალიური თეატრალური კომპანია Dewey Dell-ის წარმოდგენით „კურთხეული გაზაფხული“. ეს არის იტალიური ცეკვის და საშემსრულებლო ხელოვნების დასი, რომელიც 2006 წლიდან აქტიურად აწარმოებს ქორეოგრაფიულ კვლევას და სახეებს თანამედროვე სცენურ ენად გარდაქმნის თავისებური ტრანსფორმაციით.

ფოტო: „კურთხეული გაზაფხული“.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ქეთი დოლიძე:

- ჩვენი უმთავრესი სურვილია, ქართველ მაყურებელს საკუთარ ქვეყანაში ჰქონდეს შესაძლებლობა, ეზიაროს საერთაშორისო აღიარების მქონე უახლეს წარმოდგენებს. ხელოვანებს კი შევთავაზოთ თავისუფალი და გაბედული შემოქმედებითი ურთიერთობის სივრცე მსოფლიოს პროფესიულ წრეებთან. გვჯერა, რომ გაფართოებული საერთაშორისო დიალოგი ქართულ სცენას აქცევს ადგილად, სადაც სხვადასხვა თაობა ახალი მხატვრული ენით ჩაერთვება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს
კულტურულ პროცესებში. 
ფოტო: ფესტივალის საზეიმო გახსნა
ფესტივალის გენერალური მენეჯერი სოფო თორთლაძე:

- ფესტივალი „საჩუქარი“ თავისი ისტორიის ახალ ეტაპზე გადადის. ის პირველად აფართოებს საკუთარ პროგრამას საქართველოს ფარგლებს გარეთ და იტალიურ Kepler 452-თან კოლაბორაციით შექმნილ სპექტაკლს „წასული / GONE“ იტალიის ქალაქებში - ჩეზენასა და რომში წარადგენს. ეს სპექტაკლი არის დოკუმენტური კვლევა, რომელიც სცენურ ფორმაში გარდაქმნის თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოცდილებას - ემიგრაციას.

ფოტო: სპექტაკლი “წასული“
თბილისში ჩამოვიდა ვიმ ვანდეკეიბუსი, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა თანამედროვე სცენურ ხელოვნებაში. მისი საერთაშორისო ტურნეები და მასშტაბური პროექტები ადასტურებს, რომ მისი ხელოვნება მუდმივად განვითარებადი დიალოგია სხეულს, სივრცესა და მაყურებელს შორის. სწორედ მას - ბელგიელ ქორეოგრაფს, რეჟისორსა და ლეგენდარული დასის ULTIMA VEZ-ის დამფუძნებელს გადაეცემა წელს ფესტივალის ჯილდო „სრულყოფილებისათვის ხელოვნებაში“. ოპერისა და ბალეტის თეატრში უკვე გაიმართა ვიმ ვანდეკეიბუსის მასტერკლასი პროფესიონალი მოცეკვავეებისთვის. მისი შემოქმედებითი მეთოდის საფუძველი ერთი ფუნდამენტური კითხვაა: რა ემართება სხეულს მაშინ, როდესაც ის საფრთხის, გაურკვევლობის ან რისკის წინაშე აღმოჩნდება?.. ვანდეკეიბუსის დასი წარმოადგენს სპექტაკლს - „მანკიერი შთამომავლობა“.

ფოტო: ვიმ ვანდეკეიბუსი და ნინო ანანიაშვილი
ფესტივალის განვითარების ახალი ეტაპია შემოქმედებითი რეზიდენციის მასპინძლობა, სადაც უცხოელ და ქართველ ხელოვანებს ერთ პროფესიულ სივრცეში მუშაობის და ახალი პროექტების შექმნის საშუალება მიეცემათ. გარდა ამისა, ფესტივალის პროფესიული პლატფორმის ფარგლებში თბილისში საგანგებოდ მოწვეული სტუმრების მონაწილეობით დაარსდება ახალი მუდმივმოქმედი პროგრამა „ქართული ფოკუსი“, რომლის პრეზენტაცია გაიმართება თუმანიშვილის თეატრში.

ფოტო: მასტერკლასი ოპერაში
თბილისი მასპინძლობს შვეიცარიულ თეატრალურ პლატფორმას LaTache21, მაყურებელი იხილავს დადგმას „ფრანკენშტეინი - მწერლის ავტოპორტრეტი: ახალი ქმნილება“. აღსანიშნავია, შერონ იალისა და გაი ბეჰარის ცეკვის კომპანიის (შვეიცარია / საფრანგეთი / ისრაელი) ახალი სპექტაკლი „სევდა მოვა მოგვიანებით”, რომლიც ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება 6 და 7 ნოემბერს. ინტერდისციპლინარული მხატვრული პროექტი „პორტრეტები პეიზაჟის თანხლებით“ ქართულ-იტალიური ვიზუალური დიალოგია და თბილისის სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით შედგა.

ფოტო: გაი ბეჰარი და შერონ იალი
ფესტივალის ფარგლებში თბილისს ეწვევა Teatri di Bari და თუმანიშვილის თეატრის სცენაზე ნახავთ სპექტაკლს „ამფიტრიონი”. ცნობილი იტალიელი რეჟისორი და დრამატურგი ჯანი ფორტე ჩაატარებს მასტერკლასს, რომელიც თანამედროვე თეატრალურ პრაქტიკებსა და შემოქმედებით მიდგომებს დაეთმობა. Gift - ბიენალე კოლეჯი ახალ სეზონს აცხადებს და იწვევს 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ხელოვანებს წარმოადგინონ საკუთარი შემოქმედებითი კონცეფციები. მიხეილ თუმანიშვილის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფესტივალის ფარგლებში შედგება წიგნის - „მიხეილ თუმანიშვილი იური მეჩითოვის მეხსიერებაში“ პრეზენტაცია.
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)