საპროცესო შეთანხმება: რომეო მიქაუტაძეს სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, რომეო მიქაუტაძეს, რომელსაც საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრება.
საპროცესო შეთანხმების პირობების შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
ამასთან, უწყების განმარტებით, დამატებითი სასჯელის სახით, მიქაუტაძეს დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, ხოლო 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.
„მასვე, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, ქ.მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა, 372 720 ლარის ღირებულების მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, 1 577 306 ლარის ღირებულების შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, 510 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „MERCEDES-BENZ G 63 AMG“, 350 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LAND ROVER RANGE ROVER“, 100 000 ლარის ღირებულების ავტომობილი „LEXUS ES 250“ , 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი, 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები და 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.
გარდა ამისა, რომეო მიქაუტაძემ სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, პროკურატურამ რომეო მიქაუტაძის საქმესთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. უწყების ცნობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება, მსჯავრდებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა.
"ინტერპრესნიუსი"