ტრამპი-პუტინის შეთანხმებით, პირველი რუსული დიზელი აშშ-ისკენ უკვე გაემართა - სკანდალური გარიგების დეტალები
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მოსკოვთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, რუსული დიზელით დატვირთული პირველი ტანკერი ნიუ-იორკისკენ უკვე მიემართება. თუმცა, გემების თვალყურის დევნების მონაცემების თანახმად, ტვირთი ამერიკაში შუალედურ არჩევნებამდე ვერ ჩავა.
მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი “Agoio Fanades“ ხუთშაბათს რუსეთის ბალტიისპირა პორტ პრიმორსკში 40 000 მეტრული ტონა ულტრა-დაბალი გოგირდის შემცველობის დიზელით დაიტვირთა.
LSEG-ის მონაცემებით, გემი აშშ-ში 7 ნოემბერს - შუალედური არჩევნებიდან ოთხი დღის შემდეგ ჩავა. მყიდველისა და გამყიდველის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.
კვლევითმა კომპანია Energy Aspects-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით დაადასტურა, რომ გემზე 298 000 ბარელი დიზელი ატვირთეს.
ცნობისთვის, ერთი ტონა დიზელი საშუალოდ 7.4 ბარელს შეადგენს. აშშ დღეში დაახლოებით 3.8 მილიონ ბარელ დიზელს მოიხმარს, რაც ნიშნავს, რომ ეს ტვირთი ქვეყნის მხოლოდ ერთდღიანი მოთხოვნის დაახლოებით 7.8%-ს დააკმაყოფილებს.
ეს არის რუსული დიზელის პირველი იმპორტი აშშ-ში მას შემდეგ, რაც 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ექს-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგო დააწესა.
მიმდინარე თვის დასაწყისში დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აუქმებდა აღნიშნულ აკრძალვას, რათა ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ საწვავის მკვეთრად გაზრდილ ფასებთან ებრძოლა. ამ გადაწყვეტილებამ ამერიკელი კანონმდებლების ნაწილისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც რუსულ ნავთობპროდუქტებზე სანქციების გამკაცრებას ითხოვდა.
ტრამპის განცხადებით, რუსეთი დაუყოვნებლივ გაიტანს 300 000 მეტრულ ტონას (2.25 მილიონ ბარელს) აშშ-ის და გლობალურ ბაზრებზე, რასაც ნოემბერში 500 000 ტონა, ხოლო შემდგომ კიდევ 1 მილიონი ტონა მოჰყვება. ვრცლად