„ცოტა „გიჟი“ თუ არა ხარ, ასეთ პირობებში ბიზნესს ხელს ვერ მოჰკიდებ“ - კვირის პალიტრა

„ცოტა „გიჟი“ თუ არა ხარ, ასეთ პირობებში ბიზნესს ხელს ვერ მოჰკიდებ“

ლიზი ხმიადაშვილს სამეურნეო მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. აგრონომი და ბიომეურნეობის ექსპერტი, ერთი საინტერესო კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორია. ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება გერმანიაში მიიღო და ამას ახლა სამშობლოში იყენებს. დღეს ფერმერი ქალი წნორში აწარმოებს სამკურნალო და ეთერზეთოვან მცენარეებს.

ლიზი ხმიადაშვილი:

- სწავლა გერმანიაში თსუ-ს ბიოლოგიის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ განვაგრძე და ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის მაგისტრატურა დავამთავრე. საქართველოში დაბრუნების შემდეგ უკვე 20 წელიწადია ამ სფეროში ვმუშაობ. ჩამოსვლის მერე გერმანელ პარტნიორ რაინერ კაუფმანსა და ახლა კი ჩემს მეუღლე ალექსანდრე კურტანიძესთან ერთად დავიწყეთ საქართველოში იმ დროისთვის უცნაური სალათების მოყვანა - რუკოლასი, აისბერგის, რომანასი... 2006 წელი იყო, ყველაფერს ბიოლოგიური მეთოდებით ვაკეთებდით, თუმცა ჯერ სერტიფიცირება არ გვქონდა.

5cb3733e-7cca-41b9-9fa0-45cbc9877c7a-1792779184.jpg

- სად მოგყავდათ სალათები?

- სოფელ დიღომში იჯარით ავიღეთ სათბურები. მაშინ საქართველოში მხოლოდ ჩვეულებრივი მწვანე სალათა იცოდნენ, ჩვენ კი გერმანული გამოცდილებით ახალი პროდუქცია შემოვიტანეთ. მოგვიანებით 15-მდე სხვადასხვა სახეობის სალათის ფოთოლი და ბოსტნეული მოგვყავდა, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე მანამდე არ ყოფილა. ასევე ორ წელიწადს ვმუშაობდი ბიომეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" საკონსულტაციო სამსახურში და პარალელურად სათბურებსაც ვუძღვებოდი.

2014 წელს პირადი კონტაქტებით გავიცანით დღევანდელი გერმანელი პარტნიორები. მათ ჰქონდათ იდეა, საქართველოში თავიდან გაგვეშენებინა ერთ-ერთი ძველი კულტურა - ეთერზეთოვანი ვარდი. ჩვენთვის ეს საინტერესო იყო. იმ დროისთვის კახეთში, წნორში, უკვე გვქონდა საკუთარი ნაკვეთი, სადაც სალათა მოგვყავდა (ნაკვეთი "იაფი აგროკრედიტით" გვქონდა შეძენილი, როგორც ფიზიკურ პირს), 2014 წლიდან კი ახალი კომპანიით დავიწყეთ ეთერზეთოვანი ვარდისა და სხვადასხვა სამკურნალო მცენარის მოყვანა. პროდუქცია გაგვაქვს ექსპორტზეც.

2b695eee-b1fb-4ce5-b898-e97793d5c368-1792779184.jpg

- რა ჯიშის ვარდის პლანტაცია გააშენეთ და რა ფართობზეა?

- ამჟამად ვარდი 18 ჰექტარზე გვაქვს. დარგვის ტექნოლოგია, მოვლა-მოყვანა და გადამუშავება ჩვენ აღვადგინეთ... ეს გახლავთ ღოსა გალლიცა. ეს კულტურა საქართველოსთვის უცხო არ არის - ვარდის მოყვანას ჩვენთან ჯერ კიდევ აბრეშუმის გზის პერიოდიდან ჰქონდა ტრადიცია. მას სამურაბე ვარდს ეძახიან.

- რით განსხვავდება ის სხვა ქვეყნებში (მაგალითად, ბულგარეთში ან ირანში) გავრცელებული ჯიშებისგან?

- ეთერზეთოვანი ვარდი ძალიან სურნელოვანია, რადგან დიდი რაოდენობით ეთერზეთს შეიცავს. თუმცა ჩვენი ვარდი განსხვავდება დამასკური ვარდისგან (ღოსა დამასცენა), რომელსაც ბულგარეთში, თურქეთში თუ ირანში ზრდიან, როგორც არომატით, ისე ფორმით, მსხმოიარობით, ეთერზეთის შემცველობითა და შემადგენლობით. არაპროფესიონალისთვის შეიძლება რთული გასარჩევი იყოს, მაგრამ განსხვავება დიდია. ჩვენს ვარდს უფრო ყვავილოვანი და მრავალფეროვანი, მეტად მოტკბო სურნელი აქვს, ამიტომ მას კარგად იყენებენ კულინარიასა და სასმელების წარმოებაში.

- როგორ იღებთ მოსავალს?

- ვარდის ბუჩქები რიგებადაა გაშენებული. ყვავილობა მაისში იწყება და მოსავალი მხოლოდ ხელით იკრიფება, რადგან ამ კულტურისთვის საკრეფი ტექნიკა არ არსებობს. 1 ჰექტარზე 10-12 კაცია საჭირო. ბიომეურნეობა გვაქვს და პესტიციდებსა და ჰერბიციდებს არ ვიყენებთ. რიგებს შორის ბალახს ვამულჩებთ და ადგილზე ვტოვებთ, რიგებს ვთოხნით ან სარეველებს ხელით ვაცილებთ. შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ბუჩქები ისხვლება, მოსავლის დაკრეფის შემდეგ კვლავ ტარდება ნიადაგის მოვლა და მორწყვა.

db62cddc-5e1a-4432-93fe-4b5b0a77106e-1792779184.jpg

- ეს ვარდი მხოლოდ მაისში ყვავის?

- დიახ, დაახლოებით პირველიდან 30 მაისამდე. ტექნიკური კულტურაა და ძალიან ახლოს დგას ველურ ვარდთან. ის ჯიშები, რომლებიც მთელ წელიწადს ყვავის, უფრო დეკორატიული და კულტივირებულია. წლიურ მოსავალს ერთ თვეში ვიღებთ, რაც ლოჯისტიკურად და ტექნიკურად უფრო მოსახერხებელია.

ბიომეურნეობაში მთავარია სწორი აგროტექნიკა. მაგალითად, ყოველ მეორე რიგში ბალახს გარკვეულ დრომდე არ ვთიბავთ, ვაცდით, რომ დაიყვავილოს და თესლი ჩაიბნეს, რათა მომავალი წლისთვის კვლავ აღმოცენდეს "სარეველები". ბიომეურნეობაში მათ თანმხლებ სასარგებლო მცენარეებს უწოდებენ. ველურ ბალახზე ბუდობენ არა მხოლოდ მავნებლები, არამედ მათი ბუნებრივი მტრებიც, რაც ეკოსისტემას ბუნებრივ ბალანსს უნარჩუნებს. გარდა ამისა, წნორში მშრალი, კონტინენტური კლიმატია, რის გამოც სოკოვანი დაავადებები (ნაცარი, ჭრაქი, ჟანგა) იშვიათია.

ნაკვეთის გარშემო გაშენებული გვაქვს ქარსაცავი ზოლები - ხეხილი (თხილი, ტყემალი, ვაშლი, ბროწეული და სხვ.), რაც დამატებითი თავშესაფარია სასარგებლო მწერებისთვის და გვიცავს მეზობელი ნაკვეთებიდან ქარის მოტანილი პესტიციდებით დაბინძურებისგანაც.

- დაკრეფის შემდეგ რა პროცესებია საწარმოში?

- დაკრეფილი ვარდი საწარმოში გადადის. ორი ძირითადი მიმართულება გვაქვს: ერთი გაშრობაა. დიდი მოცულობის გამო პროდუქციის ნაწილი ღია ცის ქვეშ შრება, შემდეგ კი ელექტროსაშრობ ღუმელში გადადის. გაშრობის შემდეგ ხდება ყვავილსაჯდომისა და ფურცლის განცალკევება, კალიბრაცია, განიავება და დაფასოება. მეორეა გადამუშავება: ახალმოკრეფილი ვარდი სახდელ ქვაბში თავსდება (პრინციპი არყის სახდელი ქვაბისას წააგავს). ორთქლით გამოხდით მიიღება ვარდის წყალი (ჰიდროლატი), მეორადი დისტილაციით კი - ვარდის (ეთერ) ზეთი.

პროდუქცია სრულად ექსპორტზე მიდის. გამოიყენება ჩაის წარმოებაში (როგორც არომატული დანამატი), კოსმეტიკაში, პარფიუმერიაში, კულინარიასა და სასმელების წარმოებაში (მაგალითად, სხვადასხვა ტკბილეულის, მარციპანის, უალკოჰოლო სასმელების). რადგან ბიოსერტიფიცირებული ვართ, ძირითადი მოთხოვნა მაინც კულინარიის სექტორიდანაა.

- ვარდის გარდა სხვა მცენარეებსაც ამუშავებთ?

- დიახ, ასევე ვაგროვებთ ველურად მზარდ მცენარეებს, მაგალითად, გომბორის ქედზე ვკრეფთ ფურისულას ყვავილს (Pრიმულა ვერის). ეს ერთგვარი სოციალური პროექტიცაა, რადგან მოსახლეობას სეზონურ დასაქმებას სთავაზობს. პიტნა და ტარხუნა კულტივირებული მცენარეებია და წნორის ნაკვეთში მოგვყავს. მათგანაც ვაწარმოებთ მშრალ პროდუქტსა და ეთერზეთებს, თუმცა ძირითადი დატვირთვა მაინც ვარდზე მოდის.

ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის (ისიც ბიომეურნეობის ექსპერტია, ოფიციალურად პირველი ბიომეურნეობის მრჩეველი საქართველოში 1994 წლიდან) ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, ცხოვრების სტილია. ჩვეულებრივ, კონვენციურ მეურნეობას არასოდეს გავაკეთებდით, რადგან ვიცით, რამხელა ზიანს აყენებს სინთეზური პესტიციდები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას. ამასთან, ქვეყანაში, სადაც ბიომეურნეობის განვითარების სწორი სახელმწიფო სტრატეგია არ არსებობს, ამ დარგს მასშტაბური პერსპექტივა ვერ ექნება. სახელმწიფომ სწორად უნდა განსაზღვროს სოფლის მეურნეობის პრიორიტეტები, რათა ეკოლოგიურად სუფთა წარმოებამ განვითარება შეძლოს.

- სამომავლოდ რას გეგმავთ?

- ჩვენი გეგმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ბიომეურნეობის სფეროში (წარმოება, გადამუშავება, სერტიფიცირება, ექსპორტი) ჩვენი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება დაინტერესებული პირებისთვის. ამას ისედაც ვაკეთებთ ტრენინგებისა თუ სასწავლო მასალის შექმნით, თუმცა გაცილებით მეტის გაკეთების რესურსი და სურვილიც გვაქვს.

გეგმებში ბაზრის გაფართოება და ექსპორტი შედის. თუ ხელი არ შეგვიშალეს, ვფიქრობთ, ქართულ ბაზარს შეემატოს რამდენიმე ჩვენი ბიოსერტიფიცირებული პროდუქტი, რომელთა ანალოგიც ადგილობრივ ბაზარზე არ მოიპოვება.

სამწუხაროდ, ქსელურ მარკეტებს ისეთი კაბალური პირობები აქვთ, ჩვენნაირი მეწარმეები მათ ვერ მიეკარებიან. მიუხედავად იმისა, რომ წარმოების მასშტაბი დიდი გვაქვს და მიწოდებისა თუ რაოდენობის პრობლემა არ გვექმნება, პირობები ისეთია, რომ მათთან თანამშრომლობა არ ღირს. ამიტომ გვინდა პროდუქცია რამდენიმე პატარა, საინტერესო მაღაზიას შევთავაზოთ. გარდა ამისა, გვსურს ჩვენი ნედლეულით დავაინტერესოთ მსხვილი მწარმოებლებიც, მაგალითად, ცივი ჩაის, ჩაის ნაზავების, ტკბილეულისა და სხვა.

მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მკაფიო ხედვა, საით მივდივართ და სად გვინდა ვიყოთ 30 ან 50 წლის შემდეგ. დარგებიც ამის მიხედვით განვითარდება. სოფლის მეურნეობა ისეთი სფეროა, სადაც ხანგრძლივ პერსპექტივაში უნდა ვიცოდეთ გეგმა. როდესაც ხვალინდელი დღე არ იცი, რთულია საქმის კეთება და მით უმეტეს, წამოწყება. ცოტა ენთუზიასტი და ცოტა "გიჟი" თუ არა ხარ, ასეთ პირობებში საქმიანობას ხელს ვერ მოჰკიდებ.