რამ გამოიწვია ზეთისხილის ბუმი საქართველოში - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია ზეთისხილის ბუმი საქართველოში

წმინდა ხე, როგორც მას ძველი ბერძნები და რომაელები უწოდებდნენ და გამარჯვებულებს მისი რტოებით აჯილდოებდნენ, ჯანმრთელობისთვის ძვირფასი პროდუქტია და განსხვავებული სილამაზეც აქვს, და კიდევ: ზეთისხილი იმდენად დიდხანს ცოცხლობს, რომ ბაბუის დარგული მხოლოდ შვილიშვილებს კი არა, მათი შვილიშვილების შვილთაშვილებს და იმის იქითაც გამოადგებათ... ეს ხე ჩვენში ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე შემოიტანეს ბერძნებმა. თუმცა მას შემდეგ ჩვენში ზეთისხილის გაშენებას პერიოდული აცივება ზღუდავდა და ახლა კი მორიგი დათბობისას კვლავ დაბრუნდა. ამდენად, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული მოსაზრება, რომ ზეთისხილი XIX საუკუნის ბოლოს სოხუმის ან ბათუმის ბოტანიკურ ბაღებში რუსი მეცნიერების დამსახურებით აღმოჩნდა. ბოლო წლებში ქართველმა მეცნიერებმა ზეთისხილის ყვავილების მტვერი ისეთ გრილჰავიან კუთხეშიც აღმოაჩინეს X საუკუნის სამარხებში, როგორიც ბორჯომია.

დღეს კახეთში ზეთისხილის სოლიდური ბაღებია. ნაყოფი იმდენად კარგი ხარისხისაა, რომ მისი წყალობით ქართული ზეთისხილის ბრენდი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი გახდა. ამ ეტაპზე არა მხოლოდ კულტურულ, არამედ დეკორატიულ ზეთისხილსაც ფართოდ აშენებენ. გვესაუბრება აგრონომი გიორგი შალვაშვილი.

- ჩვენში არა მხოლოდ კულტურული ზეთისხილის ბაღები შენდება, არამედ დეკორატიულ ზეთისხილის გაშენებაში ათასობით ლარს იხდის ხალხი.

- თუ საუბარს დეკორატიული ზეთისხილის გაშენებით დავიწყებთ, შესაძლოა ამ საქმეში მიმბაძველობის წილიც იყოს, თუმცა ძალიან მცირე. საქმე ის არის, რომ საერთაშორისო არენაზეც ზეთისხილის გაშენებას თაობების ბიზნესს უწოდებენ და ასეც არის. ზეთისხილის ძირის სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჯიშების მიხედვით, 300-400-დან 2000 წლამდე გრძელდება და აბა, გამოვითვალოთ, სად მიდის დღეს დარგული ზეთისხილის ხის სიკეთე, რომელ შთამომავლობაში.

ქართული ზეთისხილის ხარისხი ჩვენი კლიმატისა და ნიადაგის წყალობით უმაღლესი გამოდგა. ამას იმ საერთაშორისო კვლევების საფუძველზე ვამბობ, რომლებიც ქართულ ზეთისხილზე ჩატარდა. ამიტომაც გახდა საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრი, თანაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ზეთისხილი ბუნებრივად, უძველესი დროიდანვე არის ჩვენი ფლორის სრულფასოვანი წარმომადგენელი. ეგ არის, რომ -5 გრადუსზე მეტი სიცივე არ მოსწონს და როდესაც საქართველოში აცივების პერიოდები გვქონდა, დროებით გაუჩინარდებოდა ხოლმე. ბოლო პერიოდში, დათბობის დაწყებიდან, უკვე XIX საუკუნის ბოლო პერიოდიდან, ის კვლავ დაგვიბრუნდა და ბოტანიკური ბაღებიდან საკარმიდამოებში გადაინაცვლა. დღეს ზეთისხილის პროდუქტზე მსოფლიოში ისეთი მოთხოვნაა, რომ ჩვენში მისი ბაღების გაშენება სრულიად ლოგიკურია. ამ მხრივ დიდი საქმე გააკეთა ჩვენმა ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ, მისი ზეთისხილის ბაღები კახეთში საუკეთესოა და ნაწარმი ექსპორტზეც გადის. დღეს იმპორტირებულ და ზოგჯერ საეჭვო ზეთისხილის ზეთთან ერთად ჩვენს ბაზარზე უკვე ქართული ზეთისხილის მაღალხარისხოვანი ზეთიც არის. მართალია, ძვირადღირებულია, მაგრამ ფასს ხარისხი და დახარჯული შრომა განსაზღვრავს.

- თუმცა, თუ პარალელს გავავლებთ ლურჯი მოცვის დაჩქარებულ გაშენებასთან, ბევრი საყვედურია, ფული ტყუილად დაიხარჯა და ფერმერებს მოსავალი ჩაუწვათო.

- ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება ქვეყანაში 2009 წელს დაიწყო. 2019-22 წლებში ტემპი და სახსრები 9-ჯერ მაინც გაიზარდა. ნურავინ იფიქრებს, რომ ამ საქმეში თუნდაც სახელმწიფო ფული დაიხარჯა. როდესაც ნახეს, რომ მოცვს რეალური მოგება მოჰქონდა, თანხებიც ჩადეს. წლეულს კი ლურჯი მოცვის ექსპორტის თანხა თითქმის 62 მილიონი აშშ დოლარია. ზეთისხილსაც თუ მოვუვლით, შემოსავალი იქნება. ვიტყვი იმასაც, რომ წლეულს ზეთისხილის ექსპორტი შემცირდა. სოფლის მეურნეობისთვის რყევები უცხო არ არის. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ხვალ ქართული ზეთისხილის წარმატების მოწმე ვიქნებით. საქართველოში გვაქვს ზეთისხილის საკუთარი სანერგეებიც. საბედნიეროდ, ზეთისხილი, რომლის მსხმოიარობა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება სხვა კულტურებივით, ჩვეულებრივ, 4-5 წელიწადში იწყებს ნაყოფიერებას.

- დეკორატიული ზეთისხილის გაშენებაზე კვლავ გკითხავთ: ეს კატეგორია არა ნორჩი, არამედ რამდენიმე ათასი ლარის ღირებულების საუკუნოვანი ხეებია. ნუთუ მათ უცხოეთიდან ჩამოტანასა და გახარებას სირთულე არ ახლავს?

- ახლავს, თუმცა დეკორატიული ზეთისხილიც დღეგრძელია და 2000 წლამდე აღწევს, ლამაზია და ბიზნესს იზიდავს, ზოგიერთი ჯიში კი მსხმოიარობს კიდეც, შესაბამისად, საუკუნოვანი ნაზარდების გადარგვის ტექნოლოგიაც განვითარდა. ჩვენში დეკორატიული ზეთისხილი, ძირითადად, იტალია-ესპანეთიდან შემოდის და რასაკვირველია, უმაღლესი ხარისხის ნარგავია. გადასანერგად მომზადება წინასწარ მიმდინარეობს. გზაში ტენიანობის დანაკარგის შესამცირებლად უპირველესად ხეებს ზედმეტ ფოთლებს აცლიან. ტოტებს ჰაერგამტარი ბადით ფუთავენ. ფესვებს ისეთი სიფრთხილით იღებენ, რომ არც ერთი მათგანი არ დაზიანდეს. შემდეგ ფესვებსაც ფუთავენ მასზე შერჩენილ მიწასთან ერთად სპეციალური ქსოვილითა და ლითონის ბადეებით, ბოლოს კი უხვად რწყავენ და დამკვეთის ქვეყანაში გზავნიან გიგანტური ღია კონტეინერებით, ღვედებით დამაგრებულს. საქართველოში ჩამოტანის შემდეგ საგანგებო პროცესები მიმდინარეობს, რომელიც ორმოს მომზადებით იწყება და მანამდე გრძელდება, სანამ ზეთისხილი ადგილს არ შეეგუება და ჩვეულებრივად განვითარებას არ განაგრძობს. რადგან ჩვენი ნიადაგი ზეთისხილისთვის უძველესი კერაა, მას საქართველოში დაფუძნება არ უჭირს, აქტიურ ზრდას კი დაახლოებით სამი წლის შემდეგ უბრუნდება.